სხვადასხვა მიმართულებით აღვკვეთეთ არასწორი პრაქტიკა, მათ შორის, ეს ეხება ქონების პირდაპირი წესით პრივატიზაციის პრაქტიკას, რაც პრაქტიკულად მთლიანად არის დასრულებული და, ბუნებრივია, ეს აისახება ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებას და აღნიშნა, რომ შესყიდვები გახდა მაქსიმალურად გამჭვირვალე.
მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმატებული მუშაობის შედეგად, სახელმწიფომ უკვე 292 მლნ ლარის დაზოგვა შეძლო.
„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ მოვახერხეთ პრივატიზაციის გეგმის დიდი გადაჭარბებით შესრულება არის ის, რომ, პრაქტიკულად, ყველა ქონებრივი ობიექტი გამოდიოდა აუქციონზე და ეს აძლევდა სახელმწიფოს მაქსიმალური მოგების მიღების შესაძლებლობას პრივატიზაციის თითოეული აქტიდან, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ასევე, რაც შეეხება ტენდერებს, შესყიდვებს, აქაც პრაქტიკა გახდა მაქსიმალურად გამჭვირვალე, მათ შორის, შეიქმნა შესაბამისი ელექტრონული პლატფორმა. რა თქმა უნდა, ესეც უზრუნველყოფს კორუფციის მაქსიმალურად აღმოფხვრას და მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის მუდმივ გაუმჯობესებას.
ცალკე მინდა, გამოვყო მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობა, რომელიც იყო ძალიან წარმატებული. ეს დეპარტამენტი შეიქმნა ცოტა ხნის წინ, თუმცა მიუხედავად საქმიანობის მცირე დროისა, დეპარტამენტს აქვს უკვე ძალიან სერიოზული შედეგები, მიღწევები. კერძოდ, მთლიანობაში, დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად, სახელმწიფომ დაზოგა 292 მლნ ლარი. ეს დაიზოგა მონიტორინგისა და საკონსულტაციო საქმიანობიდან მიღებული ეკონომიის შედეგად, ასევე თვისებრივად შევამცირეთ სპეც-წესით განხორციელებული შესყიდვების მოცულობა, რამაც მოგვცა სერიოზული ეკონომია. ასევე, უარი ითქვა მთელ რიგ დაუსაბუთებელ შესყიდვებზე, რამაც მოგვცა, ასევე, დაახლოებით, 100 მლნ ლარის ეკონომია. მთლიანობაში, დეპარტამენტის საქმიანობა იყო ძალიან წარმატებული მიმდინარე წელს და ასეთივე წარმატებით გაგრძელდება მომავალში",- აღნიშნა პრემიერმა.
გარდა ამისა, პრემიერმა ისაუბრა ინფრასტრუქტურის სფეროზეც და განაცხადა, რომ ამ სფეროში ბევრი მიმართულებით იყო ჩამოყალიბებული არასწორი პრაქტიკა, „რაც თავიდან ბოლომდე გადაისინჯა“. მისი თქმით, მთლიანად შეიცვალა და გაიხსნა სისტემა კეთილსინდისიერი კომპანიებისთვის და „ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით ჩვენი შედეგები იქნება კიდევ უფრო შთამბეჭდავი, ვიდრე იყო წინა წლების განმავლობაში“.
„ბუნებრივია, ეს გადადგმული ნაბიჯები უზრუნველყოფს შესრულებული პროექტების ხარისხის გაუმჯობესებას და ასევე ხარჯეფექტიანობის გაუმჯობესებას. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი შედეგები იქნება კიდევ უფრო შთამბეჭდავი, ვიდრე იყო წინა წლების განმავლობაში. ძალიან კონკრეტული გეგმა აქვს დასახული ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეს ეხება გზების მშენებლობას, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას, წყალმომარაგებას, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ყველა მიმართულებით მაქსიმალური ხარისხით და მაქსიმალური ხარჯეფექტიანობით უნდა განხორციელდეს ყველა პროექტი. ის სამუშაოები, რომელიც შესრულდა ამ მიმართულებით მიმდინარე წლის განმავლობაში, ქმნის საუკეთესო საფუძველს ამისათვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.