რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაზა ვაშაყმაძე აზერბაიჯანში მცხოვრებ თანამემამულეებს ახალ წელს ულოცავს.
“გილოცავთ ახალ, 2026 წელს!
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს - სუნიტ მუსლიმ ქართველებს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს. მინდა ასევე შობა-ახალი წელი მივულოცო ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადში, სოფელ მოსულსა და ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალაში მცხოვრებ ჩვენებურებს - ბაპტისტ და მართლმადიდებელ ქრისტიანებს.
კიდევ ერთ წელს ვაცილებთ და იმედით ვეგებებით ახალი 2026 წლის შემობრძანებას! საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობა სანიმუშოა. აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობაში ხიდის როლს ასრულებენ და თავისი წვლილი შეაქვთ ორი ხალხის დაახლოებაში. ტოლერანტობა ჩვენი იდენტობის ნაწილია. საქართველოში საუკუნეთა მანძილზე ერთმანეთის გვერდიგვერდ, ძმურად, კეთილმეზობლურად ცხოვრობენ როგორც ქრისტიანი და მუსლიმი ქართველები, ისე აზერბაიჯანელი, ქისტი, ლეკი (ავარი), ჩეჩენი და სხვა ეროვნების სუნიტი, შიიტი მუსლიმები. საქართველოში 300-ზე მეტი მოქმედი მეჩეთია, როგორც ისტორიული, ისე ბოლო ათწლეულებში აშენებული, რომელიც სახელმწიფომ მუსლიმ თემს გადასცა. უნიკალურია საქართველოს მუსლიმი თემი - სუნიტი და შიიტი მუსლიმები დღეს ერთ ორგანიზაციაში არიან გაერთიანებულნი და მეჩეთში ერთად ლოცულობენ.
განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართულ დიასპორას, რომლებიც არ წყდებიან ქართულ ფესვებს, ინახავენ ქართულ ენასა და უნიკალურ ქართულ ტრადიციებს. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის დახურვის გამო ბოლო წლებში ბევრი ქართული ოჯახი გაყოფილია და მშობლიურ კერაში, ერთად ვერ ხვდებიან ახალ წელს, მჯერა, რომ თქვენს წინაშე არსებული გამოწვევები მოგვარდება და უფრო ხშირად ესტუმრებით საქართველოს.
უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენ ოჯახებს! საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და პირადად ჩემი სახელით, უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს მშობლიურ დიალექტზე:
გილოცავყე სრუს ახალ წელ! ბევრ ახალ წლებ დაინახეთ! ღმერთმა ბევრ ახალწლები დანახლა ყისმათი ქნოს!
იხარეთ და იმრავლეთ!
ზაზა ვაშაყმაძე”, - ნათქვამია მისალოც წერილში.