ეს იყო პროკურატურის პოზიცია, რომ ჩვენი დოკუმენტები იყო არასაკმარისი, თუ ევა არ აღიარებდა ბრალს და მტკიცებულებებს არ გახდიდა უდავოს. რა თქმა უნდა, ევა აღიარებს იმ ბრალს, მაგრამ ყველას მოგეხსენებათ, რომ ევას სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება და გადატრიალება არ უნდოდა, - ამის შესახებ ევა შაშიაშვილის ადვოკატმა, მარიამ ხაჭაპურიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ადვოკატის განმარტებით, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულის მდგომარეობა ციხეში გაუარესდა, გარდა ამისა, მისი ქალიშვილი სტაციონარშია მოთავსებული, მომვლელი არ ჰყავს და მარტოა, ამიტომ შაშიაშვილი იძულებული გახდა, ბრალი ეღიარებინა და მტკიცებულებები უდავოდ ეცნო.
„ჩვენ არაერთხელ დავაყენეთ შუამდგომლობა ევასა და მისი ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ბრალდების მხარის პოზიცია ყოველთვის იყო ის, რომ ეს მტკიცებულებები არ იყო საკმარისი.
ახლა წარმოვადგინეთ ახალი მტკიცებულება - 2025 წლის მდგომარეობით მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაუარესებულია. ასევე წარმოვადგინეთ მტკიცებულება, რომ მისი ქალიშვილი იმყოფება სტაციონარში, არ ჰყავს პატრონი, არ ჰყავს მიმხედავი, არ ჰყავს მხარდამჭერი სხვა არავინ და ამ გოგონას სრულიად უსაფუძვლოდ სტაციონარულ დაწესებულებაში ტოვებენ.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, რადგან ერთ მხარეზეა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მეორე მხარეს არის ბრალის აღიარება, ევა აღიარებს, რომ იყო იმ მიტინგზე და ყველა ტელევიზია ატრიალებთ მის ნასროლ ქვას. ეს ჩანს და უდავოდ გავხადეთ ჩვენ ის, რომ ნამდვილად ევაა ამ კადრზე, ვაღიარეთ, რომ ევა იყო გამოსული მიტინგზე და ქვაც ისროლა. ეს ქვა არავის მოხვედრია, არც დაზარალებულია და არც ნივთია დაზიანებული.
ეს იყო პროკურატურის პოზიცია, რომ ჩვენი დოკუმენტები იყო არასაკმარისი, თუ ევა არ აღიარებდა ბრალს და მტკიცებულებებს არ გახდიდა უდავოს. როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და ქალიშვილის შესახებ ინფორმაცია ოთხი თვეა, არ იცის, რა თქმა უნდა, ევა აღიარებს იმ ბრალს, მაგრამ ყველას მოგეხსენებათ, რომ ევას სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება და გადატრიალება არ უნდოდა.
დღეს გამობრძანდება ქალბატონი ევა და ახალ წელს მის შვილთან იქნება, ეს არის ყველაზე უპირატესი“, - განაცხადა ადვოკატმა.