საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და მკვლევრებს შობა-ახალ წელს ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„ძვირფასო სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო, მკვლევრებო, განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და გულწრფელი მადლიერებით მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს - გილოცავთ შობა-ახალ წელს და მადლობას მოგახსენებთ გასულ, 2025 წელს გამოჩენილი იმ მაღალი პროფესიონალიზმისთვის, რომელმაც მნიშვნელოვნად განაპირობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტაბილური განვითარება, განათლების ხარისხის ამაღლება და ინსტიტუციური წინსვლა.
გასული წელი, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა და დაადასტურა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განსაკუთრებული როლი ქვეყნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესის განვითარებაში, ჩვენი უნივერსიტეტისთვის იქცა მნიშვნელოვანი მიღწევების, განახლებისა და სტრატეგიული წინსვლის პერიოდად. გარდა ამისა, 2025 წელს უნივერსიტეტმა მნიშვნელოვნად გააფართოვა საერთაშორისო თანამშრომლობა, გააძლიერა პარტნიორობა წამყვან საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუციებთან და ამით კიდევ უფრო მჭიდროდ დააკავშირა სწავლების პროცესი მეცნიერებასა და ინოვაციაზე დაფუძნებულ პრაქტიკასთან. წარმატებისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი სტუდენტების მიზანმიმართული შრომის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მაღალი პროფესიონალიზმის, საერთო ღირებულებებისა და განვითარების სტრატეგიისადმი ერთგულების შედეგია. მადლობა თქვენ!
განსაკუთრებით მსურს შევეხო განათლების რეფორმას. საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა უმაღლესი განათლების კონცეფცია, რაც რეფორმის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს და მყარ საფუძველს ქმნის განათლების სისტემის განახლებისთვის. გარდა ამისა, მმართველი გუნდისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი კობახიძის ერთობლივი გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პირადად მინისტრ გივი მიქანაძის უშუალო ჩართულობით, 2026 წლის 1 სექტემბრიდან ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლად მიღებული სტუდენტები ისწავლიან უფასოდ. ეს ნაბიჯი მკაფიოდ ადასტურებს სახელმწიფოს მტკიცე ნებას, განათლება აღიაროს ქვეყნის განვითარების უმთავრეს პრიორიტეტად და ახალგაზრდებისთვის შექმნას თანაბარი და ღირსეული შესაძლებლობები. ამ შორსმჭვრეტელი, სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეული გადაწყვეტილებისთვის გულწრფელი მადლობა საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გივი მიქანაძეს. თანამედროვე, სტუდენტზე ორიენტირებული განათლების მოდელი, ხარისხის უზრუნველყოფის გაძლიერება, კვლევისა და სწავლების ინტეგრაცია, ციფრული ტექნოლოგიების აქტიური დანერგვა ქმნის მყარ საფუძველს, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები იყვნენ კონკურენტუნარიანი როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სივრცეში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამ რეფორმის აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი ლიდერია, რაც ჩვენთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გივი მიქანაძეს დამდეგ შობა-ახალ წელს, ვუსურვებ ჯანმრთელობასა და წარმატებას ქვეყნის საკეთილდღეოდ გაწეულ მნიშვნელოვან საქმიანობაში.
ძვირფასო კოლეგებო და სტუდენტებო, ახალი წელი ყოველთვის ახალი შესაძლებლობების, მიზნებისა და იმედების დასაწყისია. მჯერა, რომ 2026 წელი კიდევ უფრო მეტ წარმატებას, შემოქმედებით იდეებსა და პროფესიულ მიღწევებს მოგვიტანს. გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს, მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებას თქვენ და თქვენს ოჯახებს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც ღირსეულად უპასუხებს დროის გამოწვევებს და კიდევ უფრო გააძლიერებს თავის ადგილს თანამედროვე განათლების სივრცეში.
გილოცავთ შობა-ახალ წელს!“ - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.