სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ცხინვალში, ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული, დაკავების დეტალების იხსენებს და ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობს.
როგორც მეარაყიშვილმა „ტვ პირველს“ განუცხადა, დაკავების მიზეზი „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ვიდეო გახდა, რომელიც ქორწილში გადაიღო.
„თბილისიდან ტვირთი შემქონდა. შეზღუდვები და აკრძალვები დააწესეს. მივხვდი, რომ არაფერი აღარ შემეძლო. რამდენიმე მიმართვა ჩავწერე: - გთხოვთ, მიმიღოთ ან პასუხისმგებელი პირი გამესაუბროს, თუ რატომ ხდებოდა ჩემს ირგვლივ ასე. დავაანონსე, რომ თუ არ შემხვდებოდნენ, იძულებული ვიქნებოდი, ერთკაციანი საპროტესტო აქცია გამემართა. 23-ში ვაპირებდი და 22-ში, საღამოს დამაპატიმრეს.
ჩემი ბინის კარზე საკმაოდ ძლიერი ბრახუნი ატყდა. კარი არ გავაღე. მივედი, გავიხედე, სამი წვერიანი მამაკაცი იყო, სამოქალაქო ტანსაცმელში. შემეშინდა, რადგან არავის ველოდი. დავიწყე მეგობრებთან რეკვა. ერთმა ადამიანმა ბინაში შემოსვლა მოასწრო. ეს ადამიანი ვინც ჩემთან ბინაში მოვიდა, ცხინვალის და ჩვენი რაიონის ყოფილი პროკურორი იყო. უცბად დავინახე, რომ აივანზე ნიღბიანი შეიარაღებული მამაკაცები ხტებოდნენ. რაც ცხინვალში ვარ, პირველად შემეშინდა. მეგონა, რომ მომკლავდნენ და ჩემ გამო ჩემს სტუმარსაც მოკლავდნენ. ერთ-ოთახიან ბინაში ოცზე მეტი ადამიანი შემოიჭრა. 100-ზე მეტი ძალოვანი იყო მობილიზებული. ალყაში ჰქონდათ კორპუსი. თუ კი ვინმე ძალოვანი მინისტრი არსებობს, ყველა ადგილზე იყო.
მე და ჩემი სტუმარი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაგვიყვანეს. იმასაც სტუმრობის გამო ჯაშუშობაში თანამონაწილეობას ედავებოდნენ. უშიშროების თანამშრომლებმა ბინაში ტელეფონი ჩამომართვეს და დღემდე იქ არის.
შენი მიმოწერები ვნახეთო. ვისთან ნახეთ-მეთქი... - ერთი ადამიანის გვარს და სახელს ვერ ვიტყვი, ქართული უშიშროების თანამშრომლის. ირაკლი ხვადაგიანთანო, ირაკლის პირადად არ ვიცნობ, „ფეისბუქით“ ვიცნობ და იმასთან ჩვეულებრივი მიმოწერა მქონდა.
ფოტო ვიდეოდან ამოიღეს. Instagram-ზე ახლაც დევს. ჩვენს ეზოში ძალიან ხმაურიანი ქორწილი იყო. გადავიღე მუსიკები. ამ ვიდეოზე გამოჩნდა რაღაც ანძა. მართლა არ ვიცოდი, რა ანძა იყო და მითხრეს, რომ ეს იყო ადგილობრივი კავშირგაბმულობის სატელეფონო ანძა და შეიძლება ქართველებმა ეს ანძა დააზიანონ ან გაგვითიშონ ტელეფონი და ომი დაიწყოსო. ასე მითხრეს და აი, ამაში გამოიხატებოდა ჩემი ჯაშუშური საქმიანობა“, - აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.
როგორც მეარაყიშვილი იხსენებს, მას ციხის უფროსმა უთხრა: „მოკვდი, ერთით ნაკლები ქართველი იქნება“ და კამერიდან გინებით გავიდა.
მისივე თქმით, პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა დაიწყო, რის შემდეგაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მეარაყიშვილის ინფორმაციით, პალატაში გადაყვანის შემდეგ, მასთან მუდმივად ხუთი ადამიანი მორიგეობდა და სამედიცინო პერსონალსაც კი, ტელეფონების გარეშე უშვებდნენ.
მეარაყიშვილი ამბობს, რომ უკან უნდა დაბრუნდეს, თუმცა ამ ეტაპზე თბილისში დროებითი თავშესაფრის გამოყოფას ითხოვს.
„ახალგორი ომის დროსაც არ დამიტოვებია. ჩვენთან ომი არ იყო, მაგრამ როცა მოსახლეობის დაახლოებით 90% ტოვებს და სულ სხვა რეალობაში რჩები, ამასთან შეგუება ცოტა რთული იყო. 2008-ში რუსულიც არ ვიცოდი. თან მარტო არ დავრჩენილვარ, ჩემი 11 წლის შვილიც დავტოვე და გავაგრძელეთ ცხოვრება. მე იქ ბინა მაქვს, მშობლები მყავს. ჩემი ყველა მოგონება იქაურობას უკავშირდება.
ისიც შემედავნენ, რომ მე იქ არ ვიყავი დაბადებული. საერთოდ რა საბუთებით ვიყავი, მაგას არკვევდნენ, საიდან მოვხვდი, როგორ მოვხვდი. ახლა რაც აქეთ მოვხვდი, მიკავშირდებიან ჩემი ნაცნობები, მეგობრები, რა გჭირდება, მირჩევენ, სად ვიცხოვრო. ორი დღე სხვაგან ვიყავი, ახლა სრულიად უცხო ადამიანებმა შემიფარეს, ჩემმა მეგობარმა სთხოვა. ერთი ოთახი გამომიყვეს. მესიკვდილებოდა, როგორ მივსულიყავი, 31 დეკემბერს იქნება არ უნდოდათ ახალ წელს ვიღაცა უცხო და თან ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ მე სხვა წასასვლელი არ მქონდა. თბილისში არაფერი გამაჩნია, არც არაფერი არ მინდა. მართლა არაფერი მინდა, მინდა დროებით - მე უკან უნდა დავბრუნდე“,- განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.