გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა არ გამორიცხა გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა უკრაინაში მშვიდობის შენარჩუნებაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმსახურებენ, - ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მერცმა პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ვარიანტი, შესაძლოა, იყოს გერმანელი სამშვიდობოების განლაგება უკრაინის მეზობელ ნატო-ს ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში.
„ეს შეიძლება მოიცავდეს, მაგალითად, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინისთვის მეზობელი ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარების განლაგებას“, - აღნიშნა მერცმა.
მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობის შენარჩუნებაში გერმანია პოლიტიკურ, ფინანსურ და სამხედრო წვლილს შეიტანს, თუმცა, ბუნდესვერის ჯარისკაცების მონაწილეობა უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ჯერჯერობით გაურკვეველი პერსპექტივაა და ამის მთავარი წინაპირობა რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაა.
ამასთან, მისი თქმით, ბერლინის სურვილი, მონაწილეობა მიიღოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში, ცხადია.
„რა ფორმით შევძლებთ ამის გაკეთებას, ამ დროისთვის ღია საკითხად რჩება, რადგან უსაფრთხოების გარანტიების მთელი პაკეტი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ შემუშავებული“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
მისი თქმით, აპირებს ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი წინადადებები ბუნდესტაგს წარუდგინოს მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან და „მსურველთა კოალიცია“ ერთიან მიდგომაზე შეთანხმდება.