მედია - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელას ჩინეთისა და რუსეთის გაძევებისა და ნავთობთან დაკავშირებით მხოლოდ აშშ-თან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელას დროებით მთავრობაზე ზეწოლას ახდენს და ქვეყნიდან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ჩინელი, რუსი, კუბელი და ირანელი პირების გაძევებას სთხოვს, - ინფორმაციას Axios-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ეს ნაბიჯი, რომელიც არ ვრცელდება დიპლომატიურ პერსონალზე, წარმოადგენს ტრამპის ადმინისტრაციის უახლეს მცდელობას, ნავთობით მდიდარი ქვეყანა აიძულოს, აშშ-ის მოთხოვნები შეასრულოს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ვენესუელას ლიდერი ნიკოლას მადურო დააკავეს.

ამასთან, ABC News-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს დელსი როდრიგესს განუცხადა, რომ რეჟიმმა ნავთობის მოპოვების ნებართვის მიღებამდე თეთრი სახლის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ მოითხოვს, რომ პირველ რიგში, ქვეყანამ უნდა გააძევოს ჩინეთი, რუსეთი, ირანი და კუბა და მათთან ეკონომიკური კავშირები გაწყვიტოს. ამასთან, ვენესუელა ნავთობის წარმოებაში შეერთებულ შტატებთან ექსკლუზიურ პარტნიორობას უნდა დათანხმდეს და ნედლი ნავთობის გაყიდვის დროს უპირატესობა აშშ-ს მიანიჭოს.

გამოცემის წყაროს ცნობით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დახურულ ბრიფინგზე კანონმდებლებს განუცხადა, რომ მისი აზრით, აშშ-ს შეუძლია ვენესუელას აიძულოს, ეს ნაბიჯი გადადგას, რადგან მისი ნავთობტანკერები სავსეა. რუბიომ კანონმდებლებს ასევე განუცხადა, რომ აშშ-ის შეფასებით, კარაკასს მხოლოდ რამდენიმე კვირა აქვს, სანამ ნავთობის რეზერვების გაყიდვის გარეშე ფინანსურად გადახდისუუნარო გახდება.

„პრეზიდენტი აცხადებს, რომ აპირებს მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი ბერკეტები ვენესუელაში დარჩენილ ელემენტებთან მიმართებაში და უზრუნველყოს მათი თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან არალეგალური მიგრაციის შეჩერებით, ნარკოტიკების ნაკადის შეჩერებით, ნავთობის ინფრასტრუქტურის აღდგენით და ვენესუელელი ხალხისთვის სამართლიანი ზომების მიღებით“, - განაცხადა ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გამოცემასთან საუბარში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანი  სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და ევროპასთან ინტეგრაციული პროექტების განხორციელების საკვანძო ქვეყანა იქნება და ამ პროცესში პროვაიდერის როლს შეასრულებს
სტეპან გრიგორიანი - დიდია შანსი, 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფაშინიანის პარტიამ მოიგოს, ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს თუ მხოლოდ პირველ ადგილზე გავა, არჩევნები გვანახებს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
„ქართული ბრენდის დღეზე“ სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ეკომეგობრული გათბობა - როგორ შევამციროთ ჩვენი ნახშირბადის კვალი?