თუკი ვიქნებით სამართლიანობისა და ჭეშმარიტების ბოლომდე მოყვარულნი და მქმნელნი, მაშინ თავადვე აღმოვაჩენთ ჩვენში ღმრთის მიერ ქმნილ ახალ ადამიანს! და ჩვენი გარემომცველი ყოფაც და ჩვენი საზოგადოებაც იქნება უკეთესი, ანუ ისეთი, როგორსაც ესწრაფოდნენ ჩვენი დიდი სულიერი წინაპრები! - ამის შესახებ ნათქვამია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის სამწყსოსადმი საშობაო გზავნილში.
მიტროპოლიტმა გრიგოლმა საშობაო გზავნილში ისაუბრა თუ როდის არის ადამიანი თავისუფალი და ღმერთთან ახლოს. მისი თქმით, „ბოლოსდაბოლოს, უნდა შევძლოთ, რომ დავამარცხოთ ჩვენში გაკერპებული „ძველი კაცი“, მისი ქცევისა და აზროვნების წესი, რათა განვადგოთ ჩვენივე მაცდური ყოფა და გულისთქმა.“
„ჩემო ძვირფასო და საყვარელო ძმებო და დებო, საკუთარ თავს კითხვა დავუსვათ, სად და როდის არის ადამიანი თავისუფალი, როდის უფრო ახლოა ღმერთთან და საკუთარ თავთან, სატუსაღოში თუ მის გარეთ, ავადმყოფობისას თუ ჯანმრთელ მდგომარეობაში, განუსაზღვრელ ძალაუფლებაში, უდარდელობასა და განცხრომაში, თუ ღვთისა და მოყვასის წინაშე პასუხისმგებლობით დატვირთულ მდგომარეობაში?!
მოდით, დაბეჯითებით, ვიფიქროთ ამის შესახებ, და ვიფიქროთ განსაკუთრებით დღეს; ...და კვლავაც გავიხსენოთ პავლე მოციქულის ზემოთ მოხმობილი სიტყვები.
ბოლოსდაბოლოს, უნდა შევძლოთ, რომ დავამარცხოთ ჩვენში გაკერპებული „ძველი კაცი“, მისი ქცევისა და აზროვნების წესი, რათა განვადგოთ ჩვენივე მაცდური ყოფა და გულისთქმა. ეს გახდება იმის წინაპირობა, რომ განახლებული გულითა და გონებით ვირწმუნებთ „ახალ კაცს“ ჩვენში, რომელიც სამართლიანობითა და ჭეშმარიტების სიყვარულით გამოირჩევა.
სწორედ ამის გამო მოევლინა იესო წუთისოფელს, რათა ახალი კაცის დაბადებისთვის დაედო სათავე და ეუწყებინა ახალი წესრიგის ქმნა, რომელიც პირველ რიგში, სიცრუისა და ტყუილის დატევებას, და მათგან განშორებას გულისხმობს.
შესაძლოა, ჩვენს ხალხსა და ქვეყანას ეს ყველაზე მეტად სჭირდება დღეს, როცა უახლესი წარსულიდან გამოყოლილი მავნე პიროვნული თუ საზოგადოებრივი ჩვევები, ჯერ კიდევ ჩვენს მოუშუშებელ წყლულებად რჩება; შესაძლოა, მათგან განკურნებას კიდევ უფრო მეტი დრო სჭირდება, თუმცა, ამ პროცესს ყოველი სიახლისთვის დამახასიათებელი შიშის გადალახვა ესაჭიროება. ეს კი ოდენ ცნობიერებისა და აზროვნების გარდაქმნის შედეგად არის შესაძლებელი!
...და თუკი ამას შევძლებთ, თუკი ვიქნებით სამართლიანობისა და ჭეშმარიტების ბოლომდე მოყვარულნი და მქმნელნი, მაშინ თავადვე აღმოვაჩენთ ჩვენში ღმრთის მიერ ქმნილ ახალ ადამიანს! და ჩვენი გარემომცველი ყოფაც და ჩვენი საზოგადოებაც იქნება უკეთესი, ანუ ისეთი, როგორსაც ესწრაფოდნენ ჩვენი დიდი სულიერი წინაპრები!
ძმებო და დებო, განვიმსჭვალოთ იმედით და მადლიერებით, და გვახსოვდეს, რომ სამოთხიდან ექსორიობაში მყოფი ადამის მოდგმის მოლოდინს უქმად არ ჩაუვლია; ღმერთმა თავისი აღთქმა აღასრულა და თავისი ძე მოავლინა ქვეყნად, კაცთა საცხოვნებელად, რომელთა შორის არის თითოეული თქვენგანი.
მათ, ვინც ეძიებს ცხოვრებას საუკუნოს, აღთქმული ქვეყნისკენ სავალ გზაზე დღესაც სასწაულებრივად მიუძღვის რწმენის მანათობელი ვარსკვლავი.
ძვირფასო სამწყსოვ, ყველას გილოცავთ ქრისტესშობას!
„ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოგზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი“ (კონდაკი).
გჯეროდეთ, გწამდეთ, ჩვენთან არს ღმერთი!“- ნათქვამია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამწყსოსადმი საშობაო გზავნილში.