არავის თვითმიზანი არ უნდა იყოს ადამიანის დაპატიმრება, მითუმეტეს ამ დღეს, მით უმეტეს ახალგაზრდების, მაგრამ დავფიქრდეთ, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი - დავფიქრდეთ იმ ბოროტებაზე, რომელიც მოუმზადეს საქართველოს, იმ სცენარზე, რომელშიც, სამწუხაროდ, განსაკუთრებით ახალგაზრდები ჩართეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებულთა შესაძლო შეწყალების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, „პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს საკუთარ თავზე“.
„არავის თვითმიზანი არ უნდა იყოს ადამიანის დაპატიმრება, მითუმეტეს ამ დღეს, მითუმეტეს ახალგაზრდების, მაგრამ დავფიქრდეთ, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი. დავფიქრდეთ იმ ბოროტებაზე, რომელიც მოუმზადეს საქართველოს, იმ სცენარზე, რომელშიც, სამწუხაროდ, განსაკუთრებით ახალგაზრდები ჩართეს. პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს საკუთარ თავზე. როცა უპირისპირდები სახელმწიფოს, კანონს, რასაკვირველია, კანონი იმოქმედებს. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რაც ნებისმიერი დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი, პოლიციური ძალა იქნება ეს, თუ სასამართლო.
სამწუხარო ფაქტებსაც ვხედავთ, ცუდი მაგალითებია, როდესაც ადამიანებს საკუთარი აზრის გამოთქმის გამო, არათუ აჯარიმებენ, არამედ შეიძლება საპატიმროშიც მოხვდნენ, განვითარებულ, ევროპულ დემოკრატიებზეა საუბარი. ამიტომ, ამ რთულ სიტუაციაში, დავფიქრდეთ ყველა, რა განაპირობებს ქვეყნის სტაბილურობას, რა მექანიზმები და ფულადი, პოლიტიკური რესურსი არსებობს, რომ საკუთარ ქვეყანას დაგაპირისპიროს და მერე უკვე ადვილად გამოჩნდება, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკიმ ასევე უპასუხა კითხვას, აქციებზე დაკავებულებთან დაკავშირებით მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადების შესახებ, სადაც მიტროპოლიტმა განაცხადა: „ამ შემთხვევაში მე არ ვარ გარკვეული კარგად პოლიტიკურ მოვლენებში - რისი მოლოდინი ჩვენ შეიძლება გვქონდეს. ჩვენი ხელისუფლება რა პოლიტიკური მოტივაციით ხელმძღვანელობს, მე ზუსტად არ ვიცი... იმედი მაქვს, რომ გათავისუფლდებიან“.
ვოლსკის თქმით, „არ შეიძლება მხოლოდ იმაზე იყოს საუბარი, რომ მოწყალება სინანულის გარეშე იყოს ერთადერთი მამოძრავებელი ჩვენი საზოგადოებისთვის“.
„შეწყალება არის აუცილებელი და საჭირო, ისევე, როგორც სიღრმისეული ანალიზი იმ ვითარებისა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა და იმ რეალობისა, რაც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა. როდესაც სტაბილურობის კერა გაჩნდა რეგიონში, მთელი ძალებით ამ სტაბილურობის კერას უტევენ. არ შეიძლება ამაში ჩაერთო და არ გაანალიზო ვის სჭირდება ეს და მხოლოდ იმაზე იყოს საუბარი, რომ მოწყალება სინანულის გარეშე იყოს ერთადერთი მამოძრავებელი ჩვენი საზოგადოებისთვის. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალობა ასეთია“, - განაცხადა ვოლსკიმ.