2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან 6 წლის შემდეგ ასამართლებენ ადამიანს, რომელსაც რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არა თუ არ გაუცია, არამედ ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შალვა კერესელიძე წერს.
„საინტერესო ქრონოლოგიაა: - 2019 წელს გახარიას ხელმძღვანელობით შინაგან საქმეთა სამინისტრო აფიქსირებს პოზიციას, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვება არ შეიძლება. ამის მიუხედავად, პარტია „ქართული ოცნება“ იღებს გადაწყვეტილებას, რომ გავრილოვი არათუ შემოუშვან, არამედ „შეცდომით“ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვან. მოქალაქეების გაბრაზების ფონზე გავრილოვის მასპინძელი, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქვეყნიდან გარბის და ბაქოში იმალება, არადა საქართველოს მოქალაქეები სწორედ მისი თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. სიტუაცია იძაბება, პოლიცია და მომიტინგეების ნაწილი ერთმანეთს უპირისპირდებიან. მომიტინგეების და პოლიციის ნაწილი ფიზიკურად ზიანდებიან.
მოვლენებიდან 6 წლის შემდეგ გამოძიება იწყება და 6 წლის შემდეგ ასამართლებენ ადამიანს, რომელსაც რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არათუ არ გაუცია, არამედ ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო.
ციტატა ივანიშვილის ბოლო საჯარო ინტერვიუდან: „დავუბრუნდები ჩემს მოუშუშებელ ჭრილობას - გახარიას... რა თქმა უნდა, მას გასამართლება მოუწევს. სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული...“ – წერს შალვა კერესელიძე სოციალურ ქსელში.
8 იანვარს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
ყოფილ პრემიერს და შს მინისტრს „გავრილოვის ღამის“ ეპიზოდზე ბრალი “სისხლის სამართლის კოდექსის“ 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით აქვს წაყენებული. მას ბრალდების მხარე ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ედავება.
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.