გენერალურ პროკურატურასთან გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ

გენერალურ პროკურატურასთან მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ.

გიგა ავალიანის დედა, ეკატერინე კუპატაძე საქმის ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. მისი თქმით, ბოლომდე იბრძოლებს, სანამ სამართლიანობა არ აღდგება.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის გადადგომას ითხოვენ.

როგორც ოჯახის ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ეფექტიანი გამოძიება არ ჩატარდება და მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, 17 იანვარს, 15:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება, სადაც შიმშილობას დაიწყებს გარდაცვლილის დედა, ეკა კუპატაძე. ზაზა ხატიაშვილის განმარტებით, აქციები გაიმართება არა მხოლოდ გენერალურ პროკურატურასთან, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთაც.

„მოვითხოვთ ამ საქმეზე ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება და ყველა დამნაშავე დაჯდეს საბრალდებო სკამზე. პროკურატურას მივეცით ვადა, რომ ეფექტიანი გამოძიება ჩატარდეს. დღეს დაზარალებულ ეკა კუპატაძესთან ერთად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვითხოვთ გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის გადადგომას. თქვენ გგონიათ ეს ადამიანი ახლა ჭკუაზე მოვა? არ მოვა. ჭორვილაში რომ ზის მთავარი გენერალური პროკურორი, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ სუფთა ადამიანები მოვედით აქ. ეს აქცია აპოლიტიკურია",- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცხადებით, სამართალდამცავებს შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებიათ, რაც დასტურდება იმით, რომ გიგას ყურსასმენები და მკვლელობის იარაღიც კი ოჯახის წევრებმა აღმოაჩინეს.

„პროკურორები გვეკეკლუცებიან, საქმეში არ არის მასალებიო, რატომ არ არის? ჩემი ბრალია, რომ არ არის, მე უნდა შემეგროვებინა? შემთხვევის ადგილზე გროვდება მასალები და შემთხვევის ადგილი დათვალიერებული არ არის. მეორე დღეს ჩემმა ორმა ძმამ იპოვა ყურსასმენები, გამომძიებელ ზაზა ნოზაძეს დაურეკეს და პასუხი მიიღო ასეთი: „ვის ურეკავ ბიჭო, ჩვენ მენაგვეები კი არ ვართ, ჩვენ რაც გვინდოდა, ავიღეთ“. ყურსასმენები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ისეთი ყურსასმენი ჰქონდა, გამორთულიც რომ ყოფილიყო, გიგა დაძახებას ვერ გაიგებდა. აი, სად ყალბდება. შემთხვევის ადგილი რომ არ არის დათვალიერებული, ამით კიდევ იცით რა დაკარგეს? - მკვლელობის იარაღი, რომელიც მე ვიპოვე გიგას გარდაცვალებიდან მესამე დღეს“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყებამ მზაობა გამოთქვა, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს შეხვდეს და თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები განუმარტოს.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანი  სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და ევროპასთან ინტეგრაციული პროექტების განხორციელების საკვანძო ქვეყანა იქნება და ამ პროცესში პროვაიდერის როლს შეასრულებს
სტეპან გრიგორიანი - დიდია შანსი, 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფაშინიანის პარტიამ მოიგოს, ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს თუ მხოლოდ პირველ ადგილზე გავა, არჩევნები გვანახებს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
„ქართული ბრენდის დღეზე“ სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ეკომეგობრული გათბობა - როგორ შევამციროთ ჩვენი ნახშირბადის კვალი?