პროკურორი 4 ოქტომბრის საქმეზე - ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ზოგიერთი პრეზიდენტის სასახლის ეზოში იჭრება, ზოგიერთი აზიანებს ღობეს - დავით ღურწკაია ცდილობს სასახლის ხელში ჩაგდებას, თქვენ მხოლოდ ყვავილი დაინახეთ, რაც ასე არ არის

დავით ღურწკაია ცდილობს პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდებას, თქვენ მხოლოდ ყვავილი დაინახეთ, რაც ასე არ არის, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების ფაქტზე დაკავებულების საქმის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერები გამოიკვლიეს. ვიდეოს განხილვისას ბრალდებულმა დავით ღურწკაიამ განაცხადა, რომ პირი, რომელიც პოლიციელების მისამართით ყვავილს ისროდა, თავად იყო.

„დავით ღურწკაიას ყვავილის სროლას არავინ ედავება... ზოგიერთი ბრალდებულის მიმართ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ ის ეზოში შესული არაა, თუმცა, ეს ბრალდებულები ეზოსთან, ღობესთან დგანან, ზოგიერთი მათგანი ცდილობს რომ დააზიანოს ღობე, ზოგიერთი მათგანი გარკვეულ საგნებს ისვრის იქ მყოფი პოლიციელების მიმართულებით. იმ ბრალდებულების მიმართ, რომლებიც სხედან საბრალდებო სკამზე და რომელთა მიმართაც დღეს ვიდეოჩანაწერები გამოვიკვლიეთ, ჩანს, რომ ან ერთ შემთხვევაში შედიან შიგნით და სასახლეში შეჭრას ცდილობენ, მეორე შემთხვევაში ზოგიერთი მათგანი ცდილობს ღობის დაზიანებას, ან აზიანებს ღობეს და ასე ცდილობს შეჭრას სასახლეში, ზოგიერთი მათგანი გარკვეულ ნივთებს ისვრის.

ღურწკაია სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას ცდილობს ძალადობით, ჯგუფური ძალადობის სხვა მონაწილეებთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ორ დანაშაულს, რაც მას ბრალად აქვს წარდგენილი. ის ცდილობს პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდებას, თქვენ მხოლოდ ყვავილი დაინახეთ, რაც ასე არ არის. ეს ადამიანები იქ იმიტომ იყვნენ, რომ სტრატეგიული ობიექტი ხელში ჩაეგდოთ. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ზოგიერთი ეზოში იჭრება და ისე ცდილობს ხელში ჩაგდებას, ზოგიერთი აზიანებს იქ არსებულ ღობეს. რაც შეეხება ყვავილის ეპიზოდს, ეს წარმოდგენილი იყო, რადგან სწორედ აღნიშნული ვიდეოჩანაწერით მოხდა სახის იდენტიფიცირება და გაიგივება“, - აცხადებს ხინთიბიძე.

მან ასევე განმარტა, თუ რატომ არის ჯგუფური დანაშაული სახეზე, როცა ბრალდებულები აცხადებენ, რომ ისინი ერთმანეთს არც კი იცნობენ.

„იმისთვის, რომ ჯგუფური დანაშაული სახეზე გვქონდეს, კონკრეტული პირები ერთნაირად უნდა მოქმედებდნენ, რაც ყველა ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ეს პირები ერთიანად მოქმედებენ, ერთი საერთო მიზნიდან გამომდინარე, ორგანიზატორების მოწოდების შემდეგ მოქმედებს ყველა“, - აცხადებს ხინთიბიძე.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.

ვიტალი ბალა - უკრაინელი ხალხის რუსული აგრესიის წინააღმდეგ 1428-დღიანი ბრძოლის მთავარი შედეგი ისაა, რომ რუსეთმა უკრაინა მუხლებზე ვერ დააჩოქა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი