ირანის პრეზიდენტი - ქვეყანაში მიმდინარე არეულობას იწვევენ ტერორისტები, რომლებიც საზღვარგარეთ გაწვრთნეს

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი ქვეყანაში მიმდინარე არეულობაში უცხოელებთან დაკავშირებულ „ტერორისტებს“ ადანაშაულებს, რომლებიც, მისი თქმით, ბაზრებს, მეჩეთებსა და კულტურულ ადგილებს წვავენ.

„ესენი არიან ტერორისტები, რომლებიც საზღვარგარეთ გაწვრთნეს. მათ რაშდსა და სხვა ქალაქებში ბაზრები დაწვეს. მეჩეთებსა და კულტურულ ადგილებს ცეცხლი წაუკიდეს“, - განაცხადა პეზეშკიანმა.

მისი თქმით, ეს ხალხი ირანს არ ეკუთვნის. ხელისუფლება მზად არის მოუსმინოს იმ ადამიანების პროტესტს, რომლებიც ირანს ეკუთვნიან.

„ეს ხალხი ამ ქვეყანას არ ეკუთვნის. თუ ვინმე ამ ქვეყანას ეკუთვნის, გააპროტესტოს და ჩვენ მოვისმენთ მათ პროტესტს, მოვუსმენთ და მოვაგვარებთ მას. ისინი ადგილზე ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს, ცეცხლს უკიდებენ ყველაფერს. ეს მიუღებელია“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

მან ირანელ ახალგაზრდებს მიმართა და მოუწოდა, „მეამბოხეებსა და ტერორისტებს“ არ შეუერთდნენ.

„არ მოგატყუონ ამ მეამბოხეებმა და ტერორისტებმა. ვეუბნები ოჯახებს, რომ არ მისცენ მათ ახალგაზრდებს მეამბოხეებსა და ტერორისტებთან შეერთების უფლება. ეს ხალხი გაწვრთნილია“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

მან ისრაელი და შეერთებული შტატები საპროტესტო აქციების წაქეზებაში დაადანაშაულა. „რა სახის პროტესტია ეს? რა სახის გზავნილია ეს, რომელიც ხალხის გულებში სიძულვილს ნერგავს? ამერიკა და ისრაელი იქ სხედან და ეუბნებიან მათ, გააგრძელონ, ეუბნებიან: „ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“. იგივე ადამიანები, ვინც ჩვენს ქვეყანაში ბავშვებსა და ჩვილებს ხოცავდნენ, ამ მეამბოხეებს ეუბნებიან, გაანადგურონ და დაწვან“, - აღნიშნა პეზეშკიანმა.

ვიტალი ბალა - უკრაინელი ხალხის რუსული აგრესიის წინააღმდეგ 1428-დღიანი ბრძოლის მთავარი შედეგი ისაა, რომ რუსეთმა უკრაინა მუხლებზე ვერ დააჩოქა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი