თაზო დათუნაშვილი - რა კომისიაც არ უნდა შექმნან, რა შემადგენლობაც არ უნდა შეიკრიბოს, იმ დანაშაულს, რომელიც ქართველი ხალხის წინაშე აქვთ ჩადენილი ფასების ზრდის სახით, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩამოირეცხავენ

რა კომისიაც არ უნდა შექმნან, რა შემადგენლობაც არ უნდა შეიკრიბოს, იმ დანაშაულს, რომელიც ქართველი ხალხის წინაშე აქვთ ჩადენილი ფასების ზრდის სახით, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩამოირეცხავენ - საქართველოს მოქალაქეები ამ საზიზღარ სალაფავს ნამდვილად არ შეჭამენ, მაგრამ ზუსტად ეცოდინებათ, ვინ არის დამნაშავე იმაზე, რომ თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე, ნაკლები პროდუქტი არის საქართველოს ოჯახების სუფრაზე, - ამის შესახებ „ლელოს- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

დათუნაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები ვეღარ წვდებიან ვერც რძის, ვერც ხორცის ყიდვას და „მალე პურიც გახდება პრობლემა“.

„ამ ნაახალწლევზე საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის საოჯახო ბიუჯეტი ნულზეა დასული გამომდინარე იქიდან, რომ წინასაახალწლო სუფრა საქართველოს მოქალაქეებს ისტორიაში ყველაზე ძვირი დაუჯდათ. ამ უბინძურესი კამპანიის პოპულისტური მიზანი გასაგებია, „ქართული ოცნების“ მხრიდან საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალებაა, მაგრამ პირველ რიგში, მინდა გითხრათ ის ძირითადი ფაქტორები, თუ რის გამო იყო წელს, თქვენი საახალწლო სუფრა ყველაზე ძვირი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში - ეს არის 13 წლიანი უპასუხისმგებლო და კორუფციული მმართველობის პირდაპირი შედეგი. პირველ რიგში, ეროვნული ბანკის მიერ ფულის ბეჭდვა, მეორეს მხრივ, ყველა გადასახადის ზრდა საქართველოში, მესამე მხრივ, საწვავის და ელექტროენერგიის ფასების გაორმაგება უკანასკნელი ათი წლის მანძილზე და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის კორუფცია, რომლის მდგენელსაც ბიზნესი იხდის აბსოლუტურად ყველა პროდუქტის ფასით. ეს არის ის რეალური ძირითადი პრობლემები, რომლებიც აქვს ქართულ სახელმწიფოს და რის გამოც თქვენი ფასები გაიზარდა და რაზეც თავიდან ბოლომდე, პასუხისმგებელი სახელმწიფოა. ამის მიღმა ხელისუფლება აწარმოებს ბინძურ კამპანიას და ცდილობს, რომ მთელი ტვირთი გადაიტანოს სხვადასხვა პროდუქტების იმპორტიორებზე. იცით, რომ ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ, რაც არ არის გასაკვირი ჩვენი ზომის ქვეყნისთვის, მაგრამ აქაც უბინძურესი ტყუილი იხარშება „ქართული ოცნების“ ხელში. რა კომისიაც არ უნდა შექმნან, რა შემადგენლობაც არ უნდა შეიკრიბოს, იმ დანაშაულს, რომელიც ქართველი ხალხის წინაშე აქვთ ჩადენილი ფასების ზრდის სახით, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩამოირეცხავენ სწორედ იმის გამო, რასაც ახლა გაგაცნობთ. ყველა ძირითადი იმპორტირებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის შემომტანი ან „ქართული ოცნების" წევრია ან მათი მხარდამჭერი და შემომწირველი“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

მან კონკრეტული მაგალითები დაასახელა, რომელიც მისივე თქმით, „საქსტატიდანაა“ ამოღებული და გადამოწმებული.

„[საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია შპს „ბევრილი ჯგუფი“, რომლის 70%-ის მფლობელია „ოცნების“ დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი. 2025 წლის სექტემბერში მან 50 ათასი შესწირა „ოცნებას“, ხოლო 29.8%-ის მფლობელმა ნერუ ჩანქსელიანმა 2016-25 წლებში - 63 ათასი ლარი. 2012 წლიდან დღემდე ხორბლის ფქვილის ფასი 189%-ით, ხოლო პურის ფასი 90%-ით არის გაზრდილი;

შაქარი და სუფთა საქაროზა საქართველოში შემოაქვს შპს „გეო პროდუქტს“, რომლის 100%-ის მფლობელმა ზებურ დუმბაძემ 2020-24 წლებში „ქართულ ოცნებას“ 178 ათასი ლარი შესწირა. 2012 წლიდან დღემდე შაქარზე ფასი 110%-ით გაიზარდა;

რძე და რძის პროდუქტების იმპორტში ასევე „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული რამდენიმე კომპანიაა ჩართული:

შპს „ევროპროდუქტი“ 50 პროცენტს ფლობს „ოცნებასთან“ მჭიდროდ დაკავშირებული კომპანია „ჯი-თი გრუპი“. მფლობელები არიან გიორგი გველესიანი, გიორგი თავდიშვილი და თემურ უსტიაშვილი. თემურ უსტიაშვილი ამავე დროს კომპანიის დირექტორიცაა, რომელმაც 2016 წლის სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 60,000 ლარი შესწირა.

გიორგი გველესიანმა 2016 და 2018 წელს ჯამში 120,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. 2020 წლის ივნისამდე კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან გოგსაძე იყო, რომელმაც 2016 წელს 38,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“;

შპს „ინგრუპის” 19 პროცენტიანმა მფლობელმა, გიორგი ჭყონიამ 2020-2024 წლებში „ოცნებას“ ჯამში 160,000 ლარი შესწირა, 2018-ში კი 60,000 "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს".

აგრეთვე 19 პროცენტიანმა მფლობელმა ლევან კავლელიშვილმა 2023-2024 წლებში 110,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას”;

შპს „ჯორჯიან ფუდ ქორფორეიშენი“: კომპანიის 20 პროცენტიანი მფლობელი შპს „აითიენის“ მფლობელი არტურ ტოროსიანი 2017 წელს „ოცნების“ 60,000 ლარიანი შემომწირველია.

2012 წლიდან დღემდე რძის პროდუქტებზე ფასი 105 % არის გაზრდილი;

მცენარეული ცხიმის ერთ-ერთი მთავარი იპორტიორია „შპს გრინვილი“ და მისი 90% არის ცნობილი ბიზნესმენი მინდია საბანაძე - 2016-17 წლებში მან 100 ათასი შესწირა „ოცნებას“;

იოდიზებული მარილის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია შპს „ალფა“, ამ კომპანიამ 2016 წელს 120 ათასი შესწირა „ქართულ ოცნებას“;

ამიტომ, პირველ რიგში, ფულის ბეჭდვას შეეშვით, შემდეგ ტარიფები დაწიეთ, მაგალითად, ეს იქნება საწვავზე აქციზის ტარიფი თუ დენის გადასახადი, რომელიც გააორმაგეთ უკანასკნელი ათი წლის მანძილზე. კორუფციას რეალურად ებრძოლეთ იმისთვის, რომ კორუფციის რეალური წილი არ იდოს ნებისმიერ პროდუქტის ფასში“- განაცხადა დათუნაშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინელი ხალხის რუსული აგრესიის წინააღმდეგ 1428-დღიანი ბრძოლის მთავარი შედეგი ისაა, რომ რუსეთმა უკრაინა მუხლებზე ვერ დააჩოქა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი