ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი - ბრალდების ფორმულირება შეიცვალა, ქარხნის ნაწილში აღარ ედება ბრალი, ბრალი დარჩა იმაში, რომ ღვინის ინდუსტრიიდან შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარირებია - ეს არ არის სამოხელეო დანაშაული

ეს დანაშაული არავითარ შემთხვევაში, არ არის სამოხელეო დანაშაული, თვითონ დანაშაულიც არის ფინანსურ ნაწილში და საფინანსო სფეროში მომხდარ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, მიხეილ შაყულაშვილმა მას შემდეგ განუცხადა, რაც ყოფილ პრემიერთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ის დააკავეს.

ამასთან, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ყველა ის უფლება, რაც აქვს ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის შეწყალების.

„დღეს ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რამეთუ ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი გაიზიარეს. კერძოდ, ის რომ მას ჰქონდა საბანკო ხელშეკრულებები ქარხანასთან დაკავშირებით, გადახდები და ზედმიწევნით შესრულებულია ეს ყველაფერი. შესაბამისად, ბრალდების ფორმულირება შეიცვალა, ქარხნის ნაწილში აღარ ედება ბრალი მას. დარჩა ბრალი იმაში, რომ ღვინის ინდუსტრიიდან შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარირებია. შესაბამისად, ეს არის ის დანაშაული, რაშიც მან აღიარა ბრალი. კერძოდ სსკ-ის 194-ე მუხლის, მესამე ნაწილში, „გ“ ქვეპუნქტი. გარდა ამისა, მას საპროცესო შეთანხმებით, განესაზღვრა სასჯელად 5 წელი რეალური სასჯელი, დამატებით ერთი მლნ ლარი ჯარიმა, დამატებით ორი მანქანის ჩამორთმევა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს დანაშაული არავითარ შემთხვევაში, არ არის სამოხელეო დანაშაული, თვითონ დანაშაულიც არის ფინანსურ ნაწილში და საფინანსო სფეროში მომხდარ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება.

რაც შეეხება იმას ითვალისწინებს თუ არა ეს დანაშაული ვადაზე ადრე გათავისუფლებას, როგორც ყველა პატიმარს, როგორც ყველა ბრალდებულს, მასაც აქვს უფლებები, უდოზე ანუ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, შეწყალებაზეც, ყველაფერზე“,- განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მიხეილ ყაველაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი შეიწყალოს, შაყულაშვილმა უპასუხა, რომ „ყველაფერი შესაძლებელია“.

„ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ რა ვიცი, რაღა უნდა შეიწყალოს, დაიჭირეს ადამიანი, 5 წელი უნდა იჯდეს, არ ვიცი მომავალში რა მოხდება...“- განაცხადა შაყულაშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინელი ხალხის რუსული აგრესიის წინააღმდეგ 1428-დღიანი ბრძოლის მთავარი შედეგი ისაა, რომ რუსეთმა უკრაინა მუხლებზე ვერ დააჩოქა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი