გიგა ბოკერია - ირაკლი ღარიბაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი, რადგან არ დაჰპირისპირებია ხელისუფლებას - ის არის შიდა ისტერიის, პარანოიის და გუნდის შიგნით კრიმინალური გარჩევის მსხვერპლი

პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის და ის „შიდა ისტერიის, პარანოიისა და გუნდის შიგნით კრიმინალური გარჩევის მსხვერპლია“.

ბოკერიამ ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მისი თქმით, ღარიბაშვილი არასდროს ყოფილა ხელისუფლების ოპონენტი და შესაბამისად, პოლიტიკურ დევნაზე საუბარი გაუმართლებელია.

მისი თქმით, მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მხოლოდ ივანიშვილის გარშემო ყოფნა და პირადი გამდიდრება აინტერესებთ, მაშინ როცა „თავად ივანიშვილი აბსოლუტური ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს“.

„რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი, რადგან ის არ დაპირისპირებულა ხელისუფლებას. ღარიბაშვილი არის შიდა ისტერიის, პარანოიის და გუნდის შიგნით კრიმინალური გარჩევის მსხვერპლი. ეს ადამიანი ყოველთვის იყო ივანიშვილის ყურმოჭრილი მონა. როცა უთხრეს მაშინ მიდიოდა, როცა ეუბნებოდნენ მაშინ მოდიოდა. ის იყო სამარცხვინო პირფერობის მაგალითი.

ვინმეს სჯერა, რომ ასეთი თანამდებობის პირების კორუფცია ისე არსებობდა?! ივანიშვილი არის და იყო სრული ძალაუფლების მფლობელი. ყველა ამ პოლიტიკურ არარაობებს, როცა ეტყვის ივანიშვილი, მაშინ გაქრებიან.

რეალობა არის ის, რომ ეს რეჟიმი ამ ისტერიკის შედეგად თვითონ ადასტურებს იმას, რასაც საზოგადოების დიდ ნაწილს ისედაც ჰქონდა - ამ ხალხს აინტერესებს მხოლოდ ივანიშვილის გარშემო ყოფნა და გამდიდრება. ივანიშვილს კი აინტერესებს აბსოლუტური ძალაუფლების შენარჩუნება და ეს ყველაფერი ხდება ამ ქვეყნის აწმყოს და მომავლის ხარჯზე”,- განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიამ ზურა ჯაფარიძესთან გამართული შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის ერთიანობა მხოლოდ დეკლარაციად არ უნდა დარჩეს, არამედ კონკრეტულ სტრატეგიასა და ურთიერთობის წესებზე შეთანხმებას უნდა ეფუძნებოდეს.

მისი თქმით, პოლიტიკური ურთიერთობების ფარგლებში დაუშვებელი უნდა იყოს ცილისწამება, თავდასხმები და „ტალახის სროლა“.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, „ფედერალისტები“ და მათი პარტნიორები დაინტერესებული არიან, გაიზარდოს იმ პოლიტიკური ჯგუფების რაოდენობა, რომლებიც თანახმა იქნებიან ასეთ თამაშის წესებზე. მისი შეფასებით, თუ ზურა ჯაფარიძე ამ ხედვას გაიზიარებს, მისი როლი პროცესში მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს.

„გვქონდა ბატონ ზურასთან შეხვედრა. იმედი მაქვს, რომ ზურას აქვს ამოცანა, როგორც ჩვენ ყველას, რომ უბრალოდ სადღეგრძელო კი არ იყოს, არამედ პოლიტიკურ ძალებს შორის სტრატეგიაზე და ერთმანეთთან ურთიერთობის წესებზე მოხდეს შეჯერება. უბრალოდ არაფრის მომტანია, როდესაც ერთიანობაზე საუბრობ და მერე შეთანხმებიდან გახვალ და თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მიიღებ მონაწილეობას და ამით განხეთქილებას გააფორმებ, რაც სამწუხაროდ „ლელომ“ და გახარიას პარტიებმა გააკეთეს. ამიტომ, თუ არ ხარ სტრატეგიაზე შეჯერებული, პირიქით მორიგი იმედგაცრუება იქნება. იგივე შეიძლება ითქვას „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელიც ღრმა კრიზისშია. ერთ დღეს, რომ იძახი არ შეიძლება ვადების დათქმა იმიტომ, რომ ხალხის შეცდომაში შეყვანაა და შემდეგ ეს განწყობა წაგიღებს, შეუერთდე იმ უპასუხისმგებლობას, რაც 4 ოქტომბერს მოხდა. მთავარია მომავალში ამ ტიპის პრობლემების თავიდან აცილება და მოქმედებების კოორდინირება. უნდა შევჯერდეთ სხვა ტიპის სტრატეგიულ ნაბიჯებზე და ქცევის წესებზეც - ცილისწამება, თავდასხმები, უბრალოდ ტალახის სროლა არ შეიძლებოდეს. ჩვენ „ფედერალისტები“ და ისინი, რომლებიც ამ პროცესის პარტნიორები არიან, მოწადინებულები ვართ ამ მიმართულებით გაფართოვდეს პოლიტიკური ჯგუფების რაოდენობა. თუკი ზურა გაიზიარებს ამ ხედვას, მისი როლი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. შეხვედრიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის მოწადინებულია გადაიდგას ნაბიჯები სწორი მიმართულებით“,- განაცხადა ბოკერიამ.

გარდა ამისა, ბოკერიამ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება პოლიტიკური ძალა პარტნიორებს და საზოგადოებას სამი სხვადასხვა „თავით“ ესაუბრებოდეს — „ეს არაეფექტურია და კონფლიქტებს აჩენს“.

ბოკერიას აზრით, პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ თანასწორი როლი გადაწყვეტილებების მიღებაში და „გადაწყვეტილებები არ უნდა მოხდეს მხოლოდ ერთ ლიდერზე, ფულსა და მედია რესურსებზე დაყრდნობით“.

„ბოლო, საზიანო კამპანიასთან დაკავშირებით (4 ოქტომბერი) თინა ბოკუჩავას ჰქონდა სწორი პოზიცია და ჩვენ მას საჯაროდ მხარი დავუჭირეთ. ოღონდ შემდეგ გაირკვა ის, რომ თავმჯდომარე ვინც არის, ის კი არ განსაზღვრავს კლიმატს, არამედ სხვაგან არის ცენტრი. არ შეიძლება პოლიტიკური ძალა სამი თავით ესაუბრებოდეს პარტნიორებს და საზოგადოებას. ჩვენ გვინდა, რომ მომავალში ასეთი შეცდომების რისკები გამოვრიცხოთ ან შევამციროთ მაინც. ჩემი აზრით, ყველა პოლიტიკურ ძალას სხვადასხვა ანატომიით აქვს სერიოზული პრობლემები, მათ შორის იმ რეპრესიების გამო, რასაც ივანიშვილი მართავს და საკუთარი დაშვებული შეცდომების გამო. თუკი პოლიტიკურ პარტნიორებს თანასწორად მიიჩნევ, არ შეიძლება რაღაც წამს გადაწყვიტო და თქვა, რომ რადგან მე მაქვს ფული, მედია, უბრალოდ გადავწყვეტ რამეს და თქვენ თუ გინდათ შემომიერთდით. ასეთი ტიპის საკითხებზე გვინდა შეჯერება და მგონია, რომ ეს არის შესაძლებელი“,- განაცხადა ბოკერიამ.

ვიტალი ბალა - უკრაინელი ხალხის რუსული აგრესიის წინააღმდეგ 1428-დღიანი ბრძოლის მთავარი შედეგი ისაა, რომ რუსეთმა უკრაინა მუხლებზე ვერ დააჩოქა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი