შალვა პაპუაშვილი მაია სანდუს განცხადებაზე - როცა პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აპირებს ხმის მიცემას, იქ ყველაფერი ნათელია - ამ თვალსაზრისით, დიახ, ნამდვილად ჩამოვრჩებით მოლდოვას

მოლდოვის პრეზიდენტი ევროკავშირში დამოუკიდებლად გაწევრიანების პერსპექტივას თავადაც სკეპტიკურად უყურებს და თვალი გდრ-ის სცენარისკენ გაურბის - გზისკენ, რომელმაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ევროკავშირში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან მიერთების დღესვე შეიყვანა - რა უნდა ითქვას, ესეც გზაა - სუვერენიტეტის დაკარგვით ევროპისკენ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აფასებს მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას იმის შესახებ, რომ რეფერენდუმის შემთხვევაში, ის რუმინეთთან გაერთიანებას „ხმას მისცემდა“.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აპირებს ხმის მიცემას, იქ ყველაფერი ნათელია“.

„ამ თვალსაზრისით, დიახ, ნამდვილად ჩამოვრჩებით მოლდოვას. რას ვიზამთ, ჩვენ ჩვენი სამი ათასი წელი არ გვეთმობა, რომელიც იმის დასტურია, რომ თუ შენი ეროვნული იდენტობის გჯერა, მაშინ „პატარა ქვეყანაც“ შეძლებ ისტორიულ ქარცეცხლში საკუთარი სახელმწიფოებრიობის გამოტარებას.

ამავე დროს, ეს განცხადება, აშკარად მიანიშნებს, რომ მოლდოვის პრეზიდენტი ევროკავშირში დამოუკიდებლად გაწევრიანების პერსპექტივას თავადაც სკეპტიკურად უყურებს და თვალი გდრ-ის სცენარისკენ გაურბის - გზისკენ, რომელმაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ევროკავშირში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან მიერთების დღესვე შეიყვანა.

რა უნდა ითქვას. ესეც გზაა - სუვერენიტეტის დაკარგვით ევროპისკენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს შინნაზარდ „ჰიპერევროპელებსაც“ ექნებათ ერთი-ორი ქვეყანა შეთვალიერებული, რომელსაც 78-ე მუხლის ციტირებით უმალ გადააბარებდნენ საქართველოს სუვერენიტეტს. მათთვის ხომ 78-ე მუხლამდე არც ერთი მუხლი მუხლად არ ღირს.

ჩვენთვის კი საკითხი მარტივია - საქართველოს ევროპული გზა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გზაა და არა მისი გაუქმების.

P.S. რახან სიტყვამ მოიტანა, ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ 4 ოქტომბერს, ზუსტად იმ დროს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმი მიმდინარეობდა, მაია სანდუმ საჯარო განცხადებით მხარდაჭერა გამოუცხადა ხელისუფლების დამხობაში ჩართულ ძალადობრივ ჯგუფებს“, - წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ბრიტანულ პოდკასტ Rest Is Politics-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის „რეფერენდუმის შემთხვევაში, რუმინეთთან გაერთიანებას ხმას მისცემდა“.

სანდუს თქმით, კარგად ესმის, რომ მოლდოველების უმეტესობა მის პოზიციას არ იზიარებს.

„როგორც მოლდოვის პრეზიდენტს მესმის, რომ არ არსებობს უმრავლესობა, რომელიც რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა, მაგრამ არსებობს უმრავლესობა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ჩვენ სწორედ ამ მიზნის მიღწევისთვის ვმუშაობთ. ეს ბევრად უფრო რეალისტური მიზანია, რომელიც სუვერენიტეტის დაცვაში გვეხმარება“, - აღნიშნა სანდუმ.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ