ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა, - ასე შეაფასა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავება.
ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, „ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია არა კონკრეტული დანაშაულების და 7 მლნ დოლარის გამო, არამედ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა განაჩენი გამოიტანა“.
„მმართველი ელიტა უმალ გაემიჯნა ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც ეს სჩვევიათ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ მორალურ სახეზე, რომელიც ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ. ერთი და იმავე ადამიანები, რომლებიც ღარიბაშვილის მიმართ ხოტბას აღავლენდნენ, გვისახავდნენ მას ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სარწმუნოების უპირველეს დამცველად, ახლა ამ საკითხის კომენტირებისას ან დუმილს ირჩევენ, ან კრიტიკით გამოდიან და ამბობენ, რომ არავის შერჩება ქურდობა და ფულის მოპარვა. ვფიქრობ, გასაგებია ეს და ახალს არც არაფერს ამბობს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე.
რაც შეხება ფაქტს, მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გახდა სწორედ იმ ტერორის მსხვერპლი, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ბიძინა ივანიშვილი მიმართავს. ეს არის დიქტატურის ლოგიკა. „მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრი უნდა წავიდეს“. აი, ასე შევაფასებდი იმას, რაც ბიძინა ივანიშვილმა მის მიმართ გააკეთა. ის დაჭერილი არ არის არც კონკრეტული დანაშაულების გამო, თუნდაც იმ 7 მლნ დოლარის გამო, რომელიც მის სახლში აღმოაჩინეს. ის დაჭერილია იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა განაჩენი გამოიტანა. ის ფაქტი, რომ ქვეყნის ორგზის პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი უარს ამბობს სასამართლოზე, კარგად მიუთითებს იმაზე, თუ რა სასამართლო არის საქართველოში. ვინ, ვინ და ალბათ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ ვერანაირ სამართალს ვერ იპოვის იმ სასამართლოში, რომელსაც თვითონ აშენებდა „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან ერთად.
ამ თვალსაზრისით, რაც ახლა ვთქვი, რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებული. „ქართულ ოცნებაში“ ფულს პრაქტიკულად ყველა იპარავს. ვიცით, რომ კორუფცია არის მთავარი სახელდება ამ პოლიტიკური ძალის, მაგრამ იჭერენ არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ფული მოიპარა, არამედ იმიტომ, რომ მის მიმართ უზენაეს მმართველს, ბიძინა ივანიშვილს რაღაც პრობლემები აქვს. ახლა ვიცით, რომ მიმდინარეობს სხვადასხვა პოლიტიკური ფიგურების მიმართ ფულის წართმევის პროცესი. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მან გაამდიდრა ეს ხალხი და ახლა, როდესაც პრობლემები გაუჩნდა, ყველამ ისევ მის სალაროში უნდა გადაიხადოს. თუ პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, დიახ, ირაკლი ღარიბაშვილი გახდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი“,-განაცხადა წიკლაურმა.
მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ შიშისა და ტერორის ქვეშ იყვნენ მის გარემოცვის წევრები. თუმცა, როგორც ნუგზარ წიკლაურმა განმარტა, გრძელვადიან პერსპექტივაში, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეს ეფექტური ვერ იქნება, რადგან მიმართულია არა კანონის აღსრულებისკენ, არამედ ერთპარტიული და ერთპიროვნული ხელისუფლების გამყარებისკენ.
„ეს არის დიქტატურული სისტემების ბუნებაც და ბედიც. ამიტომ, საბოლოოდ, ეს არ არის გაძლიერებისკენ მიმართული, პირიქით, ეს არის საკუთარი ხელისუფლების უხეში კონსოლიდაცია, ფსიქოლოგიური ტერორის დანერგვა საკუთარ გუნდში იმისთვის, რომ ვერავინ გაბედოს გაბატონებული მოსაზრებისგან განსხვავებული აზრების გამოთქმა“,-განაცხადა წიკლაურმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. პროკურატურის განმარტებით, მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.