დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ჩვენი პოზიცია იქნება, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვოს სასამართლომ ბრალდებული - არ არის გამორიცხული, რომ მოსამართლის აცილების საკითხიც დადგეს, - ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა დღევანდელი სასამართლო სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
ადვოკატის განცხადებით, საქმეში ამ დრომდე წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომლებიც ალეკო ელისაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებას დაადასტურებდა.
„პროკურატურამ წინასასამართლო სხდომის ვადის გადადება მოითხოვა იმ მოტივით, რომ უკვე დანიშნულ ვადაში, ისინი ვერ ეტეოდნენ. ვერ ჩაატარეს გამოძიება, რომელიც საკმარისი იქნებოდა საქმის არსებითი განხილვისთვის. სამწუხაროდ, სასამართლომ ვერ დააკმაყოფილა მიუკერძოებლობის სტანდარტი და დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა. ფაქტობრივად, დამატებითი ვადა მისცა იმისათვის, რომ მეტი მტკიცებულებები მოიპოვონ აღნიშნულ საქმეზე.
დღევანდელი აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადასინჯვა არის სტანდარტული პროცედურა, რომელსაც კანონი ითვალისწინებს მსგავს შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა წარდგენილ ბრალდებას, ამ დრომდე მოპოვებული და წარმოდგენილი არ არის. ძალიან არაორდინალური სიტუაციაა, როდესაც პროკურატურაში ვერ აღმოჩნდა ვერც ერთი კვალიფიციური პროკურორი, რომელიც ზუსტ კვალიფიკაციას მისცემდა საქმეს. აბსოლუტურად სხვა, ხელისუფლების შტოს წარმომადგენლებისა და პარტიული თანამდებობის პირების მოწოდებები იყო იმაზე, რომ ტერორიზმის მუხლით მომხდარიყო ამ ქმედების კვალიფიკაცია. სწორედ, ამ მოწოდებების შემდგომ, ორი დღის შემდგომ, მოხდა უკვე 187-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მისი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება უკვე ტერორიზმის მუხლით. ეს აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ჩვენ ამ გარემოებებზე ბუნებრივია, გავამახვილებთ ყურადღებას. [კერძოდ,] იმაზე, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც იმ სტანდარტით დაადასტურებდა ბრალს, რომელიც საჭიროა აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად პირისათვის. ჩვენი პოზიცია იქნება, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვოს სასამართლომ ბრალდებული.
სამწუხაროდ, ის, რომ სასამართლო მიკერძოებულია, ფაქტია და ამაზეც შესაბამისი რეაგირება ვფიქრობ, რომ თვითონ ბრალდებულთან კონსულტაციის შემდგომ გვექნება. არ არის გამორიცხული, რომ მოსამართლის აცილების საკითხიც დადგეს დღევანდელ პროცესზე. ბუნებრივია, ამის მოლოდინი რაღაც დონეზე არსებობს [რომ შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილოს]. დაველოდოთ მოვლენებს. ფაქტია, დღეს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, სამომავლოდ ჩვენ სამართლებრივი დაცვის ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ და ამ ადამიანის უფლებები აუცილებლად იქნება დაცული“,- განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-იდან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.
გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.