დანიას გრენლანდიის დაცვა არ შეუძლია და შესაბამისად, ნებისმიერი სამართლებრივი ნორმის მიხედვით, მისი ფლობის უფლება არ აქვს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, სტივენ მილერმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„გრენლანდიას აშშ-ის უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. საერთაშორისო კონკურენციის ახალი სფერო არქტიკაში იქნება და ამისთვის ჩვენი მოწინააღმდეგეები სულ უფრო მეტ რესურსებს ხარჯავენ“, - განაცხადა მილერმა.
მისი თქმით, უსამართლობაა, რომ გრენლანდიის თავდაცვისთვის თანხას აშშ იხდის, მაშინ, როდესაც კუნძული დანიის საკუთრებაში რჩება.
„ეს უსამართლო გარიგებაა ამერიკელი გადასახადების გადამხდელებისთვის, რომლებიც უკვე რამდენიმე თაობაა მთელი ევროპის თავდაცვას აფინანსებენ. დანია პატარა ქვეყანაა. მათ არ შეუძლიათ გრენლანდიის ტერიტორიის კონტროლი. ტერიტორიის კონტროლის შესახებ 500 წლის განმავლობაში არსებული ნებისმიერი სამართლებრივი ნორმის თანახმად, ტერიტორიის კონტროლისთვის, მისი დაცვა, მისი განვითარება და მასზე დასახლება უნდა შეგეძლოს. დანიამ ვერცერთი პირობა ვერ შეასრულა“, - აღნიშნა მილერმა.