ის, რომ შეწყალებაზე წინასწარ უარს ამბობენ, თუმცა, არ იციან, შეიწყალებენ, თუ არ შეიწყალებენ, ან ზოგადად დგას თუ არა ეს საკითხი, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ გარკვეული სცენარი მოქმედებდა, მოქმედებს და უახლოეს პერიოდშიც არ შეიცვლება, ყველას თავისი როლი აქვს ამ სცენარში განაწილებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ვიდრე შეწყალებასთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, მან ბევრ საკითხს უნდა გაუწიოს ანგარიში.
„საერთოდ, ის პრეზიდენტები, რომლებიც ჰყავდა საქართველოს, გიორგი მარგველაშვილი, თუ სალომე ზურაბიშვილი, არაფრად დაგიდებდნენ ვიღაცის მოსაზრებას შეწყალებასთან დაკავშირებით. მდგომარეობა, ვითარება მოითხოვს კონსულტაციებს, ალბათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსაზრება, პარტიული ჯგუფების, საზოგადოების მოსაზრებები უნდა იცოდეს, საინფორმაციო ველზე როგორი ანალიზი კეთდება, საერთოდ რა პროცესები მიმდინარეობს, ბევრ საკითხს უნდა გაუწიოს ანგარიში მიხეილ ყაველაშვილმა, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. შეწყალებას, მოწყალებას... მათ შორის, ის ადამიანები, ვინც არ მოინანია, ვინც არ დაფიქრდა, არ შეაფასა მდგომარეობა და საქართველოს კვლავ დაუპირისპირდება იგივე მეთოდით, მძაფრი პოზიციით, რომელიც სისხლისღვრისკენაა ორიენტირებული, არანაირ შეწყალებას არ იმსახურებენ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ შეწყალებით შეიძლება ვინმე დაფიქრდეს, სიღრმისეულად გაანალიზოს სიტუაცია და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს, უყურებს რა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და იმ უბედურებას, რაც ცალკეულ რეგიონებში და ზოგადად მსოფლიოში ტრიალებს და შუაგულ ევროპაში რაც ხდება... ერთი მიმართულებაც და მეორეც, გასაანალიზებელი აქვს პრეზიდენტს...
ვითარებაა საკმაოდ რთული მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც უნდათ იგივე ვითარება შეიქმნას, აქ სინანულზე აღარაა საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანებმა კონკრეტული როლი შეითავსეს არეულობის, რევოლუციის მომწყობის და ამ როლის დათმობა არ უნდათ არც ერთ შემთხვევაში. ის, რომ შეწყალებაზე წინასწარ უარს ამბობენ, თუმცა, არ იციან, შეიწყალებენ, თუ არ შეიწყალებენ, ან ზოგადად დგას თუ არა ეს საკითხი, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ გარკვეული სცენარი მოქმედებდა, მოქმედებს და უახლოეს პერიოდშიც არ შეიცვლება, ყველას თავისი როლი აქვს ამ სცენარში განაწილებული და ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ საზოგადოების ყველა მხარე, ოპოზიციას ვუჭერთ მხარს, თუ უმრავლესობას, რა ჭირდება ქვეყანას. ჭირდება იგივე ვითარება, რაც უკრაინაშია შექმნილი, თუ ჭირდება სტაბილურობის შენარჩუნება და საკუთარი ქვეყნის გადარჩენა“, - განაცხადა ვოლსკიმ.