ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსტემ უმეროვმა პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მომაწოდა - მუშაობენ ომის დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებზე

აშშ-ში უკრაინის წარმომადგენლები ომის დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებზე მუშაობენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„რუსტემ უმეროვმა პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრების შესახებ ანგარიში წარმოადგინა. მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი უკვე გაიმართა. ისინი მუშაობენ. ისინი ომის დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებზე მუშაობენ. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინულმა გუნდმა სრულად აცნობოს ამერიკულ მხარეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების და ჩვენს ენერგოსისტემაზე რუსეთის მუდმივი თავდასხმების შესახებ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, უმეროვმა განაცხადა, რომ ორი დღის განმავლობაში შეერთებულ შტატებში კირილ ბუდანოვთან და დავით არახამიასთან ერთად მუშაობდა. ამერიკული მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობდნენ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, აშშ-ის არმიის მდივანი დენიელ დრისკოლი და თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯოშ გრუენბაუმი.

„განვიხილეთ ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობის გეგმა, ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, მათი განხორციელების პრაქტიკულ მექანიზმებზე ფოკუსირებით. ამერიკელ პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების შესახებ. შევთანხმდით, რომ დავოსში კონსულტაციების შემდეგი რაუნდის დროს გუნდურ დონეზე გავაგრძელებთ მუშაობას“, - აღნიშნა უმეროვმა.

უკრაინის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, შაბათს, ამერიკულ გუნდთან შესახვედრად, შეერთებულ შტატებში ჩავიდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს