თეიმურაზ პაპასქირი - BBC-ის ხელმძღვანელობა „ქართული ოცნების“ განცხადებაზე „ქართული ოცნებისთვის“ დამაკმაყოფილებელი კუთხით რეაგირებას არ აპირებს - პირიქით, როგორც ვიცი, ისინი ახალი მტკიცებულებების წარმოდგენას აპირებენ

BBC-ის ხელმძღვანელობა „ქართული ოცნების“ განცხადებაზე „ქართული ოცნებისთვის“ დამაკმაყოფილებელი კუთხით რეაგირებას არ აპირებს - პირიქით, როგორც ვიცი, ისინი ახალი მტკიცებულებების წარმოდგენას აპირებენ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა თეიმურაზ პაპასქირმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

პაპასქირის თქმით, “ნათელია, რომ რაღაცა ტიპის აკრძალული ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს, ხოლო ეს იყო “კამიტი“ თუ კამიტზე უარესი, გამოძიება დაადგენს“.

როგორც პაპასქირმა აღნიშნა, BBC-ის მიერ მომზადებული ფილმი კონკრეტულ მტკიცებულებებს შეიცავს და „ქართული ოცნების“ მიერ BBC-ის შიდა რეგულატორისთვის მიმართვა არაფერს ნიშნავს.

„ეს არ არის არც საქმის წამოწყება და არც საქმის აღძვრა. თუ „ქართული ოცნება“ თვლის, რომ ინფორმაცია არასწორია, მის საწინააღმდეგოდ არის გასული, პოლიტიკურად ანგაჟირებულია და ტყუილს შეიცავს, სასამართლოს მიმართავს. არავითარი რეგულატორთან მიმართვა და საკითხის BBC-ის შიდა წარმომადგენლობასთან განხილვა არ ხდება. BBC-ის მიერ მომზადებული ფილმი კონკრეტულ მტკიცებულებებს შეიცავს. BBC-ის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებაზე “ქართული ოცნებისთვის“ დამაკმაყოფილებელი კუთხით რეაგირებას არ აპირებს - პირიქით, როგორც ვიცი, ისინი ახალი მტკიცებულებების წარმოდგენას აპირებენ.

როგორც კი საქმე სასამართლოში გადავა - და სასამართლოში ამიტომაც არ მიდიან - მაშინ მათ საერთაშორისო გამოძიების დაშვება და მტკიცებულებების წარდგენა მოუწევთ. ის ვითომ მტკიცებულებები, რომელიც გამოაქვეყნეს, არაფერს ნიშნავს და არაფერს წარმოადგენს. ნათელია, რომ რაღაცა ტიპის ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს, რომელიც არის აკრძალული. ეს იყო “კამიტი“ თუ “კამიტზე“ უარესი, ამას სწორედ გამოძიება დაადგენს. ასეთ გამოძიებას ვადები არ გააჩნია და შეიძლება ნებისმიერ დროს ჩატარდეს“, - განაცხადა თეიმურაზ პაპასქირმა.

პაპასქირის თქმით, თუკი ვინმემ ყალბი ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელებისთვის ქართულ მედიას უნდა უჩივლოს, ეს არის გერმანიის ელჩი საქართველოში. პაპასქირის შეფასებით, გერმანელი დიპლომატის ახალგაზრდებთან შეხვედრასთან დაკავშირებული რეაქცია ადასტურებს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ არ იცის, რა არის დიპლომატის ფუნქცია.

“ისინი საკუთარი მაგალითით მსჯელობენ, როცა საქართველოს ელჩები საქართველოს საქმის წინ წამოწევისთვის არაფერს აკეთებენ, ადგილობრივი საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებს არ ხვდებიან და საქართველოს ინტერესების ლობირებას არ ახდენენ. ჰგონიათ, რომ ყველა ელჩი ასე უნდა იქცეოდეს. ეს ასე არ არის. ელჩი ყველას - მთელს საზოგადოებას უნდა ხვდებოდეს. ელჩს მარტო ხელისუფლებასთან არა აქვს ურთიერთობა. მას ურთიერთობები აქვს მთელს საზოგადოებასთან იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის პოპულარიზება მოახდინოს. გერმანია საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი და მთელი რიგი პროექტების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო. ყველაზე მეტია გერმანიაში გაცვლითი პროგრამები - იქნება ეს სასწავლო, სამუშაო თუ კვლევითი პროგრამა. ბუნებრივია, რომ გერმანიის ელჩი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება, რათა უთხრას, არსებულ სიტუაციაში, როცა “ქართული ოცნება“ ყველაფერს ევროპულს ებრძვის, განსაკუთრებით განათლებაში, როგორი იქნება გერმანიის პოლიტიკა - გაგრძელდება ეს პროგრამები თუ არა. როცა ელჩს რაღაც აბსურდულ ბრალდებას უყენებენ, ეს არის “ქართული ოცნების“ უვიცობის და უსინდისობის მაჩვენებელი“, - განაცხადა პაპასქირმა.

გარდა ამისა, ”კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, სრულდება მუშაობა დოკუმენტზე, რომლის ფარგლებში ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობის და ერთიანი პლატფორმის პრინციპები შეთანხმდება. პაპასკირის განცხადებით, პროცესში ყველა პარტია მონაწილეობს და კონკრეტული პროდუქტი მალე დაიდება.

მან ამ კონტექსტში პარტიაზე “გახარია საქართველოსთვის“ და “ლელო - ძლიერი საქართველოსთვის“ ისაუბრა.

“გახარიას პარტია დღეს ოპოზიციას არ წარმოადგენს. ეს პარტია შესულია პარლამენტში და იმ რეიტინგის მესამედიც არ გააჩნია, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ჰქონდა. ეს პარტია, პრაქტიკულად, მილევად რეჟიმშია და არ წარმოადგენს საკუთარ ამომრჩეველს, ვინც მას 2024 წლის არჩევნებში ხმა მისცა. რაც შეეხება “ლელოს“, დოკუმენტი ღიაა და საკმაოდ დიდია ალბათობა იმისა, რომ მას “ლელოც“ შეუერთდება“, - განაცხადა პაპასქირმა.

დემონსტრაციების დროს დაპატიმრებული და მსჯავრდადებული პირების შესაძლო შეწყალებაზე პაპასქირი ამბობს, რომ ამ მხრივ მიხეილ ყაველაშვილი საერთოდ არაფერს წყვეტს. მისი თქმით, ყაველაშვილს წარმოდგენა არ ექნება, თუ ვის იწყალებს.

„შესაწყალებელთა სიას ყაველაშვილი არ ადგენს - ის ხელს აწერს სიას, რომელსაც წარუდგენენ. ამიტომ მას წარმოდგენა არ ექნება, ვის იწყალებს და იწყალებს თუ არა საერთოდ, თუმცა რაკი თქვეს შეწყალების აქტს გამოვცემთო. ალბათ, ვიღაცას შეიწყალებენ. ხელისუფლებას ეს იმიტომ სჭირდება, რომ პოლიტიკური პატიმრები ნამდვილად დიდი პრობლემაა. მათ ამ ხალხის გატეხა ვერ მოახერხეს და მზად არიან შეიწყალონ, ოღონდ საუბარი მიდის, რომ ბოდიში მოიხადონ და დანაშაული აღიარონ. ამ ხალხს ბოდიში მოსახდელი და ასაღიარებელი არაფერი აქვს, რადგან მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. თუ ვინმემ შარშან, ნოემბერ-დეკემბერში დანაშაული ჩაიდინა ეს ხელისუფლება იყო, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია, მანამდე კი არჩევნები გააყალბა და ხელისუფლებაში ამ გზით შეინარჩუნა.

შესაბამისად, ფიქრობენ, რომ იქნებ რაღაც ტონუსი დაუწიონ. პატიმრების შეწყალება ყველა ვარიანტში სწორი ნაბიჯი იქნება, თუმცა “ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯის გადადგმისგან იმიტომაც იკავებს თავს, რომ ვერ ხედავს ამ შემთხვევაში მისთვის პლუსი რა იქნება“, - განაცხადა თეიმურაზ პაპასქირმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება