გერმანიის და საფრანგეთის ფინანსთა მინისტრები აშშ-ის მხრიდან ტარიფების გაზრდის გეგმაზე - არ დავუშვებთ, რომ დაგვაშანტაჟონ

გერმანიისა და საფრანგეთის ფინანსთა მინისტრების, ლარს კლინგბეილისა და როლანდ ლესკურის განცხადებით, ევროპული სახელმწიფოები არ დაშანტაჟდებიან და გრენლანდიასთან დაკავშირებით ტარიფების გაზრდაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარაზე ერთიანი პასუხი იქნება.

„გერმანია და საფრანგეთი თანხმდებიან: არ დავუშვებთ, რომ დაგვაშანტაჟონ“, - განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, რომელმაც დღეს ფრანგ კოლეგას უმასპინძლა.

მისი თქმით, დაინტერესებული არ არის ვითარების ესკალაციით, რადგან ეს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს ეკონომიკის ხარჯზე მოხდება.

შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოკავშირეებს შორის შანტაჟი მიუღებელია.

„მოკავშირეებს შორის, რომლებსაც 250-წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, შანტაჟი, მეგობრებს შორის შანტაჟი, ცხადია, მიუღებელია“, - აღნიშნა ლესკურმა.

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები დაუბრუნდება „მეგობრულ და მოლაპარაკებებზე დაფუძნებულ ურთიერთობას და არა მუქარასა და შანტაჟზე დაფუძნებულ ურთიერთობას“.

ამასთან, საფრანგეთისა და გერმანიის ფინანსთა მინისტრები გამოეხმაურნენ ამერიკელი კოლეგის, სკოტ ბესენტის განცხადებას, რომ ევროპის სისუსტე აშშ-ის მიერ გრენლანდიის კონტროლს აუცილებელს ხდის გლობალური სტაბილურობისთვის.

„ჩვენი მიზანი მომდევნო დღეებში, კვირებში, კვარტალებსა და წლებში არის თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ დავარწმუნოთ სკოტ ბესენტი, რომ ის ცდება“, - აღნიშნა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა.

გერმანიის ფინანსთა მინისტრის თქმით კი, ევროკავშირმა, რომელიც 27 ქვეყანას და 450 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს, უნდა განავითაროს ძალა როგორც ეკონომიკურად და პოლიტიკურად, ასევე უსაფრთხოების პოლიტიკაში, რათა ვინმემ ეჭვიც კი არ გამოთქვას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა სუსტია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება