დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მეოთხე დღეა, თბილისში შეუჩერებლად მიმდინარეობს გზებისა და ფეხით სავალი მონაკვეთების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები.
მათივე ცნობით, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
მერიის ინფორმაციით, ტროტუარები და მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები ამჯერად, ბაგებში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე იწმინდება. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.
„ბოლო დღეების განმავლობაში, დედაქალაქში თოვლის სახით უხვი ნალექი მოვიდა. ბუნებრივია, პირველივე წუთიდან მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობის 24-საათიან რეჟიმში დაგავიდა. თავიდან, პრიორიტეტი იყო ცენტრალურ გამზირებსა და ქუჩებზე შეფერხებები მოგვეხსნა, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილებულიყო. ამ ეტაპზე, თოვა შეწყდა და შესაძლებლობა გვაქვს, შიდასაუბნო ქუჩებზე დავიწყოთ გაწმენდის სამუშაოები. სრული მობილიზებით ვიწყებთ ტროტუარებსა და და ჩიხებში მუშაობას. ყველგან მივალთ, სადაც პრობლემა იქნება. გზების წმენდის სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ლოკაციაზე არ მოიხსნება არსებული პრობლემა. მოსახლეობას მოვუწოდებ, საჭიროების შემთხვევაში, მერიის ცხელი ხაზით მოგვმართონ და შეძლებისდაგვარად, მოკლე დროში აღმოვფხვრით პრობლემას“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მერიის ცნობითვე, 17 იანვრიდან დღემდე, დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე, 5 ათას ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა.