ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ნანა სანდერმა შიმშილობა შეწყვიტა, - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა ნიკოლოზ ბოლქვაძემ განაცხადა.
ამასთან, ადვოკატმა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე სანდერის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გაუქმების და 5 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.
როგორც სასამართლო სხდომაზე, ადვოკატმა ნიკოლოზ ბოლქვაძემ განაცხადა, სანდერის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა შეიცვალოს არა მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ 4 ოქტომბრის საქმეში მის წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს.
"ვშუამდგომლობთ, რომ ნანა სანდერის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა გაუქმდეს და გამოყენებულ იქნას 5 000 ლარის ოდენობის გირაო.
ჩატარდა კვლევები, სატურაცია არის დაბალი, შაქრის დონეც, რამაც თითქმის კომატოზურ მდგომარეობამდე მიიყვანა მისი ჯანმრთელობა. შეიძლება მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყოს მისი აღკვეთის შეცვლა, სამართლებრივად უნდა შეიცვალოს.
გამოსაკვლევია უამრავი მასალა. ყველა დავრწმუნდით, რომ ბრალდების მხარე ვერ მოიტანს მტკიცებულებას ნანა სანდერსთან მიმართებით, ქალბატონ ნანას მხრიდან არანაირი ძალადობა არ ფიქსირდება. ქალბატონი ნანა როგორც ქვეყნის რიგითი მოქალაქე, აფიქსირებს მის აზრს და ეს დაწყებული აქვს დიდი ხნის წინ.
საქმეში ვიდეომასალის კუთხით არ არსებობს სანდერის წინააღმდეგ მტკიცებულება. მიგვაჩნია, რომ ქალბატონ ნანას უნდა შეეცვალოს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. არ ვუთითებთ, მხოლოდ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ვუთითებთ უკვე გამოკვლეულ მტკიცებულებას, რაც ადასტურებს იმას, რომ მის მიმართ განგრძობადი პატიმრობა არ უნდა იქნას გამოყენებული". განაცხადა ნიკოლოზ ბოლქვაძემ.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.