ბათუმის მერის გიორგი ცინცაძის კარი ჩაიკეტა, სატელეფონო კავშირი შეწყდა, კომუნიკაცია ფაქტობრივად აღარ არსებობს, - ამის შესახებ ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქციაზე იმ მოქალაქეებმა განაცხადეს, რომლებიც დაუმთავრებელი და შეჩერებული მშენებლობების შედეგად დაზარალდნენ.
მერიასთან შეკრებილები ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან შეხვედრას და პრობლემის მოგვარებას სთხოვენ. ამბობენ, რომ მერმა გიორგი ცინცაძემ აქციის მონაწილეებთან რეალური დიალოგი უნდა დაიწყოს და მოქალაქეებს მოუსმინოს, რასაც წინასაარჩევნოდ დაჰპირდა.
ბათუმის მერიასთან შეკრებილები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მერიის ხელმძღვანელობა დღესაც უარს იტყვის შეხვედრაზე და მათთვის კარი კვლავ დახურული დარჩება, პროტესტი გაგრძელდება და აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლებენ.
„დღევანდელი აქციაც სწორედ ამ სისტემურ პრობლემას უკავშირდება. სხვადასხვა დროს საკუთარი ქონება - სახლები, ქოხები და „ბარაკები“ დათმეს იმ იმედით, რომ მათ ადგილზე აშენდებოდა საცხოვრებელი კორპუსები და ისინი ნორმალურ პირობებში იცხოვრებდნენ. ზოგმა ემიგრაციაში ნაშრომი, ნაოფლარი თანხა გადმორიცხა, ზოგმა ბანკიდან სესხი აიღო, ზოგმა მთელი ცხოვრება იშრომა ერთი მიზნისთვის - საკუთარი ჭერისთვის. რეალობაში კი მიიღეს: ნერვიულობა და სტრესი“, - ამბობენ მოქალაქეები.
დაზარალებულების მოთხოვნის საფუძველზე აქციას უერთდება უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.
მისი განცხადებით, არსებული პრობლემა შესაძლოა, არ იყოს ბათუმის დღევანდელი მერის მიერ შექმნილი და მას მძიმე მემკვიდრეობა დახვდა, თუმცა ეს გარემოება არ ათავისუფლებს მოქმედ ხელმძღვანელობას პასუხისმგებლობისგან.
„შეიძლება პრობლემა არ იყოს შექმნილი მოქმედი მერის მიერ, მაგრამ დღეს პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება. მერი ვალდებულია გამოიყენოს ყველა კანონიერი ბერკეტი საკუთარი მოქალაქეების წინაშე არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად. საუბარია საცხოვრებელ უფლებაზე, ადამიანურ ღირსებასა და გადარჩენაზე,“ - აცხადებს თამაზ ბაკურიძე.
ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ბათუმის მერიაში უპასუხეს.
„ბათუმის მერი, ასევე მერიის წარმომადგენლები რამდენჯერმე შეხვდნენ ბაგრატიონის 113-ში, დაუსრულებელ კორპუსში არსებული ფართების მფლობელებს, რომლებიც მშენებლობის დასრულებას და საკუთარი ფართების მიღებას ითხოვენ. საკითხი არის კერძო დავის საგანი - პროექტი რამდენჯერმე გაიყიდა, თუმცა, მშენებლობა ვერც ერთმა კომპანიამ ვერ დაასრულა. გარდა ამისა, ყოფილ და ამჟამინდელ მფლობელებს შორის ვერ შედგა შეთანხმება პროექტის ცვლილებასთან დაკავშირებით, რაც აფერხებს მშენებლობის გაგრძელებას.
საკითხის გადაწყვეტაში ხელშეწყობის მიზნით, მერიამ უზრუნველყო სამივე მხარის შეხვედრის ორგანიზება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარეები შეთანხმდებიან, მერია შეძლებს ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენებას საკითხში ჩარევის სხვა იძულებითი მექანიზმი მერიას არ გააჩნია”,- აცხადებენ მერიაში.