მიხეილ სააკაშვილი - საუბარი იმაზე, უნდა ვიყოთ თუ არა ერთიანები, ზედმეტია, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად - ვისაც ჯერ კიდევ უხარია, რომ ჩემმა პარტიამ ცოტახმიანი პროცენტი მიიღო, იმას ვერაფერი გაუგია და არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვს

დღეს საუბარი იმაზე, უნდა ვიყოთ თუ არა ერთიანები, საერთოდ ზედმეტია. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. ვისაც ჯერ კიდევ უხარია, რომ ჩემმა პარტიამ ცოტახმიანი პროცენტი მიიღო, იმას საერთოდ ვერაფერი გაუგია და არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვს... ერთადერთი შანსი არის ყველა პარტიის გაერთიანება, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან სტრატეგიისა და საერთო პრინციპების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რითი განვსხვავდებით, გარდა იმისა, რომ ყველას სათითაოდ ჭამს და ყველანი ვყავართ მენიუში შეყვანილი შესაჭმელად [ხელისუფლებას]. ამიტომ, როცა ვლაპარაკობთ, რა არის ჩვენი მომავალი - ერთი მხრივ, იქეთ არის ტყუილი, უტიფრობა, დაუნდობლობა, უკიდეგანო უნიჭობა, ჭაობი. აქეთ, ჩვენ მხარეს არის სიმართლე, პატიოსნება, ახალგაზრდობა და მომავალი. საქართველო არის დასახლებული წარმოუდგენლად ნიჭიერი ხალხით. ის, რაც ხდება, არის ის, რომ ჩვენი მენტალური შეჯახებით დროებით გაიმარჯვა და თავზე მოაჯდა საქართველოს. ეს არის ბარბაროსების მიერ, ბიძინას ბარბაროსების მიერ რუსების მხარდაჭერით დაპყრობილი ქვეყანა, სადაც ყველაზე უნიჭო, ყველაზე მახინჯი, ყველაზე გაუნათლებელი, ყველაზე უუნარო ხალხი, ყველაზე ვერაგი და მატყუარა ხალხი თავზე მოაჯდა ქართულ საზოგადოებას. ამიტომ ეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა ჩამოვიფერთხოთ. პატიოსნება ამარცხებს ფულს, სიმართლე ამარცხებს უტიფრობას. ნიჭიერება ამარცხებს უნიჭობას, გამბედაობა ამარცხებს დაუნდობლობას“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სხდომას ესწრება თავად ბრალდებული სააკაშვილი. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილი სასამართლოს შენობაში საკუთარ სასამართლო პროცესებს მას შემდეგ არ დასწრებია, რაც 2022 წელს სამკურნალოდ „ვივამედში“ გადაიყვანეს.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა