ფასების კატასტროფული ზრდა გამოწვეულია „რუს-ქოცური“ რეჟიმის კარტელური გარიგებების შედეგად - რად უნდა ამას საპარლამენტო კომისიის შექმნა, შოუსა და წარმოდგენის დადგმა იმისთვის, რომ გაარკვიო რა ხდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სასურსათო ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ დაწყებულ პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აბსოლუტურად ყველა ბიზნესში არის მონოპოლიური კარტელური გარიგებები.
„ფასების კატასტროფული ზრდა, რაზეც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მრავალი წლის წინ საუბრობდა, მათ შორის პარლამენტში, გამოწვეულია „რუს-ქოცური“ რეჟიმის კარტელური გარიგებების შედეგად. იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა ბიზნესში არის მონოპოლიური კარტელური გარიგებები ე.წ. ბიზნესში და სინამდვილეში კრიმინალებში, რომლებიც თანამშრომლობენ ამ დანაშაულებრივ ხელისუფლებასთან. კარტელური გარიგებები აგებულია არა კონკურენციისა და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურ პრინციპებზე, რითაც ფუნქციონირებს თავისუფალი სამყარო, არამედ აგებულია სწორედ ფასების ხელოვნურად მართვაზე, რითაც ხეირობს ყოველთვის კარტერის მფლობელი და როგორც წესი, ასევე ის კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც მართავს ქვეყანას. ეს ძალიან მარტივია, საერთაშორისოდ აპრობირებული სტრუქტურაა ამგვარი მმართველობის წესი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უკვე დიდი ხანია იყენებს. მრავალი წლის წინ საუბრობდა „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კარტელურ გარიგებებზე, რომლის შედეგადაც მოხდა ფასების კატასტროფული ზრდა, რასაც გრძნობს ყველა. შეიძლება კალაძე, დაჭერამდე ღარიბაშვილი და სხვები, რომლებიც ქართველი ხალხის ხარჯზე ჯიბეებში მილიონებს იდებენ, სურსათის მაღაზიაში შესულები ვერ გრძნობდნენ, რა კატასტროფულადაა მომატებული ფასები ელემენტარულ პროდუქტებზე, როგორიცაა რძე, პური და ა.შ. რა თქმა უნდა, ისინი ვერ გრძნობენ, თუმცა ნორმალური ადამიანები ამას გადასარევად ვგრძნობთ. რად უნდა ამას საპარლამენტო კომისიის შექმნა, შოუსა და წარმოდგენის დადგმა იმისთვის, რომ გაარკვიო რა ხდება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, გუშინ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ქსელური მარკეტების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა, ხუთი წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. მისივე თქმით, საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ, როდესაც გერმანიაში 45-ია, ავსტრიაში კი 62. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთლიანობაში პროდუქტებზე ჯამური საშუალო ფასნამატი 86%-ს შეადგენს.