საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს ქართულ-ფრანგული დიპლომები გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-ის პროფესორმა აჰმედ ზუარმა, სტუ-ის აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიის ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის 2024-2025 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-ის (l’Université de Rennes 1) დიპლომები გადასცეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, კურსდამთავრებულთათვის ქართული და ფრანგული უნივერსიტეტების დიპლომების გადაცემის ცერემონიას, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა, ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლიანა თარგამაძე, ფაკულტეტის პროფესორ-პედაგოგები, სტუდენტები, ასევე, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორი ევა ბერტრანი და კომუნიკაციების მენეჯერი ნატო ჭუჭულაშვილი.

რექტორმა დავით გურგენიძემ და პროფესორმა აჰმედ ზუარმა საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს - ქეთევან რევაზიშვილს, ალექსანდრე მიქელაძეს, ნინო გოგინაშვილს, გიორგი ჟღენტს, ერეკლე შუბითიძეს, ლიზი ირემაშვილს, ფარნა ადანაიას და ნიკოლოზ ქუმსიაშვილს - საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და ქართულ-ფრანგული დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადასცეს.

რექტორის განცხადებით, ქართული და ფრანგული უნივერსიტეტების დიპლომები, სასურსათო ტექნოლოგიის ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რიგით მეხუთე გამოშვებამ მოიპოვა.

„ვულოცავ ჩვენს კურსდამთავრებულებს მნიშვნელოვან წარმატებას, რაც ორდიპლომიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებას მოიცავს! დარწმუნებული ვართ, რვავე ახალგაზრდა სწავლას მაგისტრატურაშიც ასეთივე შემართებით გააგრძელებენ და ორი ქვეყნის - საქართველოს და საფრანგეთის უნივერსიტეტებში შეძენილ ცოდნას სამომავლოდ არა მხოლოდ გააღრმავებენ, არამედ ჩვენი ქვეყნის განვითარებას მოახმარენ. ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტი არ და ვერ შედგებოდა, რომ არა ნაყოფიერი პარტნიორობა ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მრავალმხრივი მხარდაჭერით დაარსდა. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში ეტაპობრივად ვითარდება და ფართოვდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-თან. ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კოორდინაციას უწევს სასურსათო ტექნოლოგიების საბაკალავრო და მეღვინეობა-მევენახეობის სამაგისტრო ორდიპლომიანი პროგრამების განხორციელებას. საგულისხმოა, რომ ეს ნიჭიერი ახალგაზრდები ჩვენი უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამის ბაკალავრთა მეხუთე გამოშვებაა, რომელმაც ერთდროულად ორი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-ის დიპლომები მოიპოვა. ეს სტუდენტებთან ერთად, პედაგოგების დიდი შრომის შედეგია. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, ოთხმა წარმატებულმა სტუდენტმა სტაჟირების სრული კურსი საფრანგეთში გაიარა. მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გივი მიქანაძეს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტ რენ 1-ს - საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

კურსდამთავრებულებს ქართულ-ფრანგული პროგრამის წარმატებით დასრულება ვიცე-რექტორებმა, ფაკულტეტის დეკანმა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მიულოცეს.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლიდან ამოქმედდა ერთობლივი, ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა - „სასურსათო ტექნოლოგია“, რომელიც ასევე მოიცავს საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-ის 60-კრედიტიან მოდულს - „წარმოების მართვა რძის ინდუსტრიაში“, ერთობლივ პროგრამაზე სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. სასწავლო პროცესში ჩართულნი არიან ფრანგი პროფესორები და ექსპერტები, რომლებიც ქართველ სტუდენტებს თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებენ. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები 4-თვიან სტაჟირებას გადიან რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებში - საფრანგეთსა და საქართველოში. სტუდენტთა დასკვნით შეფასებას, ფრანგული მხარის მონაწილეობით, სპეციალური ჟიური იძლევა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!