საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელს და „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელს, ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა.
- ბატონო ვიქტორ, ვინც ახალი ამბების ნიუსებს ადევნებს თვალს, ძნელი დასანახი არაა რომ მსოფლიოს ისტორია რეალურ რეჟიმში იწერება.
ბევრი გაუგებარი რამ ხდება, ბევრიც თითქოს გასაგებიცაა, მაგრამ ერთი ფაქტია, 2026 წლის იანვარში მსოფლიო უკვე ისეთი აღარაა, როგორც თუნდაც 2025 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში იყო.
აქტუალური თემები ბევრია - გრენლანდია, ირანი, ვენესუელა, უკრაინა, ევროპა, აშშ--ევროპისა და აშშ-ს გართულებული ურთიერთობები, აშშ-რუსეთი, აშშ-ჩინეთის ასევე საკმაოდ ბევრი თვალსაზრისით გაუგებარი ურთიერთობები.
რადგან ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა გრენლანდიაზე აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის პრეტენზიები, რაზეც ევროკავშირის, ნატოს წევრი დანიის რეაქციები მოჰყვა.
დამკვირვებელთა ნაწილი, ვინც გრენლანდიაზე ტრამპის პრეტენზიებსა და მოტივაციას უმეტესად ამართლებს, დასძენს რომ „ამ საკითხში ტრამპის განცხადებები ექსცენტრიკა არაა.“
ვინც ამას ამტკიცებს, მოჰყავს უამრავი მაგალითი იმისა, თუ რას აკეთებს ჩინეთი და რუსეთი გრენლანდიასთან მიმართებაში და რომ ეს ყველაფერი ამავე ქვეყნების მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით ამ კუნძულის ექსპანსიის ნიშნებს ატარებს. რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ტრამპის მოტივაცია აშშ-ს სრული კონტროლის ქვეშ იყოს გრენლანდია?
- გრენლანდიის საკითხი გლობალურად მიმდინარე პროცესების ახალ ბუნებაში უნდა დავინახოთ. ეს სიახლე, ძირითადში, იმას უკავშირდება რომ საერთაშორისო პოლიტიკა დიდად არ იზღუდება მილიტარისტული მოსაზრებებით და სარგებლის მიღებაზე უფრო ორიენტირებული ხდება. ვინმე შენიშნავს, რომ სარგებელი მას ყოველთვის საფუძვლად ჰქონდა. დიახ, ეს სწორი შენიშვნაა, ოღონდ, იმ განსხვავებით რომ დღეს ეს უკვე ბევრად აშკარად, შეიძლება ითქვას, მოურიდებლადაც კი კეთდება. ასეთი მიდგომა, განსაკუთრებით, დიდი სახელმწიფოების მაგალითზე იკითხება და, ცხადია, რომ აშშ-ც გამონაკლისი ვერ იქნება.
მეტიც, ტრამპის მეორე გაპრეზიდენტებამ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გამოააშკარავა. ახლა საკითხავია: ის რისი მოწმენი ვართ, ახალი ეპოქის დასაწყისია თუ, ვთქვათ, ერთჯერად მოვლენას წარმოადგენს? წარმოადგენს თუ არა საერთაშორისო პოლიტიკის ქმნის ეს დინამიკა შეუქცევად პროცესს და რამდენად ღრმა ზემოქმედებას მოახდენს იგი განჭვრეტად მომავალზე?
ის რისი მოწმენი ვართ, ახალი ეპოქის დასაწყისია თუ, ვთქვათ, ერთჯერად მოვლენას წარმოადგენს? წარმოადგენს თუ არა საერთაშორისო პოლიტიკის ქმნის ეს დინამიკა შეუქცევად პროცესს და რამდენად ღრმა ზემოქმედებას მოახდენს იგი განჭვრეტად მომავალზე?
ისევე როგორც ვენესუელის საკითხში, ვფიქრობ, გრენლანდიის შემთხვევაშიც ტრამპის ადმინისტრაცია „ოქროს შუალედზე“ შეჩერდება. უფრო კონკრეტულად, მხედველობაში ესკალაცია-დეესკალაციის მიდგომა, როდესაც ამ ორ უკიდურეს წერტილს შორის თეთრი სახლის ადმინისტრაცია მისთვის ოპტიმალური, ე.წ. „შუალედური“ შედეგით კმაყოფილდება.
ესეც, ჩემი აზრით, აშშ-ს ბოლო წლების დამახასიათებელ პოლიტიკას პასუხობს - ჯერჯერობით მაინც - სადაც ერთია რიტორიკა, ხოლო მეორეა „დანახარჯისა და სარგებლის“ ანალიზის შედეგად გასაშუალოებული გადაწყვეტილების მიღება.
ამასთანავე აღსანიშნია, რომ ტრამპის ხელწერა მხოლოდ მისთვის უნიკალურ მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს მაინც ატარებს. პირველ ყოვლისა, ეს არის მისი პიროვნული თვისებების როლი. მეტიც, იქმნება ისეთი წარმოდგენაც, თითქოსდა მისი ხასიათი და აშშ-ს ოფიციალური პოლიტიკა, ხოლმე, ურთიერთჩანაცვლებადია.
ისევე როგორც ვენესუელის საკითხში, ვფიქრობ, გრენლანდიის შემთხვევაშიც ტრამპის ადმინისტრაცია „ოქროს შუალედზე“ შეჩერდება. უფრო კონკრეტულად, მხედველობაში ესკალაცია-დეესკალაციის მიდგომა, როდესაც ამ ორ უკიდურეს წერტილს შორის თეთრი სახლის ადმინისტრაცია მისთვის ოპტიმალური, ე.წ. „შუალედური“ შედეგით კმაყოფილდება
ამავე უჩვეულობას უნდა დაემატოს პოლიტიკის ქმნის საგრძნობლად შესუსტებული ინსტიტუციონალიზაცია. გასული წლის 20 იანვრიდან ამა წლის 20 იანვრის ჩათვლით პერიოდი უჩვენებს, რომ პრეზიდენტისადმი გარკვეულ პირთა ერთგულება და მასთან სიახლოვე გადაწონის იმათ როლს, ვისაც ფორმალურ-ინსტიტუციური დანაწესით ევალება პოლიტიკური ნების რეალიზაცია.
რადგან ეპოქალურობა უკვე ვახსენეთ, ამ შემთხვევაშიც, საფიქრალია, ხომ არ არის ეს მართვის ის ახალი ფორმა, სადაც ელიტებზე გამავალი გავლენები უფრო მეტად შეერწყმება სახელმწიფო ინსტიტუტებს და სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება-გატარებაში ეს მეტად უჩვეულო სიმბიოზი აწ უკვე წესად დამკვიდრდება?
საფიქრალია, ხომ არ არის ეს მართვის ის ახალი ფორმა, სადაც ელიტებზე გამავალი გავლენები უფრო მეტად შეერწყმება სახელმწიფო ინსტიტუტებს და სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება-გატარებაში ეს მეტად უჩვეულო სიმბიოზი აწ უკვე წესად დამკვიდრდება?
ესკალაცია-დეესკალაციის ფორმულა ვახსენეთ და აქაც, ბუნებრივია, ზომიერება და რაციონალიზმი აუცილებელია. ასე მაგალითად, არის საკითხები, სადაც საერთაშორისო სამართლის დადგენილი წითელი ხაზების დაცვა არა თუ სასურველი, არამედ აუცილებელია. იგივე გრელანდიის მაგალითზე ტერიტორიულ სტატუს ქვოსთან „შეთამაშება“ გლობალურ სისტემაში არასტაბილურობის ერთ-ერთი დამატებითი გამომწვევია.
ამით საფრთხე ექმნება „ცივი ომის“ და შემდგომი პერიოდის იმ საბაზისო წესებს, რომლებიც, ავად თუ კარგად, ფორმალურად მაინც თავიანთ დანიშნულებას ასრულებდნენ.
უდავოა, რომ ზესახელმწიფოს ჰეგემონური არსი აბსოლუტურად ბუნებრივად განაპირობებს მის აქტიურობას გლობალურ ასპარეზზე. თუმცა, მიმაჩნია, რომ ასეთ აქტივიზმსაც თავისი შემაკავებელი ზღუდეები თან უნდა ახლდეს. ამაზე შეხსენება და ყურადღების გამახვილება მხოლოდ საერთო ინტერესებს წაადგება: დაწყებული აშშ-თი და დამთავრებული საქართველოთი.
და ბოლოს: თქვენს შეკითხვაში ჩამოთვლილი მაგალითები ცხადად მეტყველებენ რომ ტრამპის პერიოდის აშშ ვერ და არ იქნება მხოლოდ დასავლეთის ნახევარსფეროში ჩაკეტილი. მისი ინტერესი თანაბრად გადასწვდება მსოფლიოს დანარჩენ წერტილებსაც, ოღონდ, ერთი პირობით: ჩარევაზე გადაწყვეტილება დაექვემდებარება კონკრეტული სარგებლის მისაღებად განსაზღვრულ პრიორიტეტებს, ხოლო ჩარევის ხარისხი განპირობებული იქნება საამისო რესურსის მაქსიმალური ოპტიმიზაციით.
ტრამპის პერიოდის აშშ ვერ და არ იქნება მხოლოდ დასავლეთის ნახევარსფეროში ჩაკეტილი. მისი ინტერესი თანაბრად გადასწვდება მსოფლიოს დანარჩენ წერტილებსაც, ოღონდ, ერთი პირობით: ჩარევაზე გადაწყვეტილება დაექვემდებარება კონკრეტული სარგებლის მისაღებად განსაზღვრულ პრიორიტეტებს, ხოლო ჩარევის ხარისხი განპირობებული იქნება საამისო რესურსის მაქსიმალური ოპტიმიზაციით
ერთი სიტყვით, განვლილი ერთწლიანი პერიოდი მიუთითებს ტრამპის ადმინისტრაციისა და მასთან „კოჰაბიტირებული“ ელიტების გლობალურ ტრანზაქციონალიზმზე.
ამასთანავე, ნუ გავიკვირვეთ რომ ამ მეტად დეიდეოლოგიზირებული მიდგომის პოლიტიკურ-საინფორმაციო გაფორმება, შესამჩნევი დოზით, ნაციონალისტურ-პოპულისტური ელფერის იქნება.
- ტრამპის ქმედებები იმას ჰგავს, რასაც ცივილიზებული მსოფლიო პუტინს ედავება, რომელიც მეოთხე წელია დაპყრობით ომს აწარმოებს უკრაინაში.
რჩება შთაბეჭდილება, რომ თავისი ქმედებებით ტრამპი პუტინს არგუმენტებს აძლევს. თუ აშშ-სთვის შეიძლება თავისი ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს, რატომ არ შეუძლია ამავე პრინციპით იმოქმედოს პუტინმა უკრაინაში, რომელიც სუვერენულ უკრაინაში ტერიტორიებს იკავებს, ხალხს კლავს და აცხადებს, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს მაინც დაამყარებს თავის კონტროლს უკრაინაზე.
ზოგი თვლის რომ ტრამპი ევროპის ერთიანობასაც ანგრევს და ნატოსაც. გასაგებია რომ ეს მხოლოდ ვარაუდებია, მაგრამ ეს რომ ასე აღმოჩნდეს, გამოვა რომ ტრამპი იმას აკეთებს, რაც კრემლის გეგმებში შედიოდა.
აღმოჩნდება ტრამპი დასავლეთისთვის გორბაჩოვის მსგავსი პოლიტიკური ფიგურა, რომლის დროსაც სსრკ დაიშალა?
ანუ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ტრამპმა ნებსით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყოს ევროპისა და ნატოს დაშლას?
- უკრაინის ირგვლივ აშშ-რუსეთის დიპლომატიურ - და კულისებს მიღმა - კომუნიკაციისას შესაძლო ცუდ მაგალითებზე ისაუბრეთ თქვენს შეკითხვაში. მეც ამავე თემას განვავრცობ და ქართულ აუდიტორიას ჩვენთვის ავბედით პრეცედენტს - კოსოვოს აღიარებას შევახსენებ.
ამიტომაც, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობებში დიდი სახელმწიფოების მხრიდან იმაზე მეტი „თავისუფლების უფლებაზე“ აღვნიშნე, ვიდრე ეს ჩვენი და ჩვენსავით „ჩვეულებრივ“ ქვეყნების შემთხვევაშია, იმ მოჭარბებულ „თავისუფლებას“ გრძელვადიანი განჭვრეტით დაკვირვება ევალება.
გრენლანდიაზე მსჯელობისას ვახსენე, რომ ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობაზე არსებული თანამედროვე „უწესრიგო წესრიგიც“, ნებსით და უნებლიედ, არ შეეწიროს მისი მზიდი პრინციპების საბოლოო ჩამოშლას. მათი ჩამოშლა-უგულებელყოფის ხარჯზე ხომ სტატიკაში მიღებული სარგებელი - თუნდაც, მყიფე სტაბილურობის სახით - მომავალში უფრო მეტი გამოწვევაში შეუქცევად შესავლად შეიძლება იქცეს.
თანაბრად ალიანსებზე და სამოკავშირეო ურთიერთობებზე. მეეჭვება, რომ დონალდ ტრამპი სრულად მიუბრუნდეს ჯორჯ ვაშინგტონის იმ დანაბარებს, რომელიც აშშ-ს ევროპის კონტინენტზე საქმეთა ჩარევას და სამოკავშირეო ვალდებულებებით თავის შეწუხებას არ ურჩევდა. რა თქმა უნდა, არა.
მეეჭვება, რომ დონალდ ტრამპი სრულად მიუბრუნდეს ჯორჯ ვაშინგტონის იმ დანაბარებს, რომელიც აშშ-ს ევროპის კონტინენტზე საქმეთა ჩარევას და სამოკავშირეო ვალდებულებებით თავის შეწუხებას არ ურჩევდა. რა თქმა უნდა, არა
უფრო მეტიც: ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობათა წესები მათ გადაწერას, ერთგვარ რევიზიას მოითხოვდა. კარგა ხანია უკვე. თუმცა, წესების გადაწერამ შედეგად არ უნდა გამოიწვიოს ევროატლანტიკური ალიანსის დეფორმაცია. აქ მთავარია გვახსოვდეს შემდეგი: დიახ, ევროპას სჭირდება აშშ, მაგრამ აშშ-საც სჭირდება ევროპა. თანაც, სჭირდება არა მხოლოდ სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, როგორც აშშ-ს ტერიტორიის მოშორებით ერთგვარი შემაკავებელი ბუფერი. ასევე, სჭირდება ამერიკული კაპიტალისა და საქონლის ბრუნვისათვის საინტერესო გეოგრაფიად.
დიახ, ევროპას სჭირდება აშშ, მაგრამ აშშ-საც სჭირდება ევროპა
შემთხვევითი როდია, რომ „მარშალის გეგმა“, როგორც ეკონომიკური პროგრამა და ნატო, როგორც სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან უმალვე აღმოცენდა და ევროპაში ამერიკელთა ფეხის მოსაკიდებლად მყარ საფუძვლებად იქცა. ამდენად, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი არის არა მხოლოდ ფორმალური ვალდებულება და ხარჯვითი ნაწილი. იგი, ასევე, არის აშშ-ს რბილი (და არა მხოლოდ რბილი) ძალის პროვოცირების ინსტრუმენტი ევრაზიულ სიღრმეშიც.
ამასთანავე, ცხადია ისიც რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე აშშ-ს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ უდრტვინველი ძილის ხანა დასრულდა. მისმა დასასრულმა გააშიშვლა ევროპული ერთობის ყველა სისუსტე და, ამავდროულად, ევროპას ამ სისუსტეთა ეფექტიანი აღმოფხვრის უნიკალური შანსი მისცა. ფაქტობრივად, ახალი ევროპის დაბადების შანსი მისცა.
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე აშშ-ს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ უდრტვინველი ძილის ხანა დასრულდა. მისმა დასასრულმა გააშიშვლა ევროპული ერთობის ყველა სისუსტე და, ამავდროულად, ევროპას ამ სისუსტეთა ეფექტიანი აღმოფხვრის უნიკალური შანსი მისცა. ფაქტობრივად, ახალი ევროპის დაბადების შანსი მისცა
- იანვრის პირველი ნახევარში დრამატულად და ტრაგიკულად განვითარდა პროცესები ირანში.
რამდენიც არ უნდა აცხადოს ოფიციალურმა თეირანმა რომ ის რაც ახლა ირანში ხდება, ამ ყველაფერში აშშ-სა და ისრაელის ხელი ურევია, ფაქტი ისაა, ირანის მოსახლეობის უდიდესი ნაწილს აღარ უნდა ქვეყნის 47 წლიანი ისლამური მმართველობა.
ვინც ირანს კარგად იცნობს, ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ აიათოლების მმართველობამ თავისი თავი ამოწურა, გარედან ჩარევის გარეშე ამ რეჟიმის შეცვლა ძალიან რთული კი არა, შეუძლებელიც კი იქნება.
იმაში რომ რეჟიმი სხვადასხვა მონაცემებით 5 ათასიდან 15 ათასამდე მოქალაქეს გაუსწორდა, ბევრი პრეზიდენტ ტრამპს ადანაშაულებს, რომელიც აჯანყებულ ირანელს პროტესტანტებს სახელმწიფო დაწესებულებების დაკავებისკენ მოუწოდებდა, აქაოდა „დახმარება გზაშიაო“.
პრეზიდენტმა ტრამპა არა ერთხელ განაცხადა, რომ ირანელი ხალხი „თავისუფლების ძიებაშია“, „ირანს ახალი ლიდერები სჭირდება“. ამ მოვლენებისა და პროცესების ფონზე ვრცელდება ინფორმაცია რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის კულუარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბევრი იმასაც ამტკიცებს რომ ამ მოლაპარაკებებში შუამავლის როლს რუსეთი და პუტინი ასრულებს.
ბევრი თვლის რომ ქუჩაში გამოსული ხალხისგან ალი ჰომეინის ხელისუფლება ტრამპმა და პუტინმა გადაარჩინეს. თუმცა, დამკვირვებელთა ნაწილი ამტკიცებს რომ ირანის საკითხში ტრამპს ჯერ ბოლო სიტყვა არ უთქვამს. მეტიც, ბევრი დარწმუნებულია რომ ირანში აიათოლების მმართველობას ტრამპის ქმედებებით წერტილი დაესმება.
მე ასეთი ოპტიმისტი ნამდვილად არ ვარ, თუმცა, თუ ირანში შიიტურ მმართველობას დემოკრატიული მმართველობა ჩაანაცვლებს, ეს ირანისთვისაც, რეგიონისთვისაც და მსოფლიო პოლიტიკისთვისაც კარგი იქნება, ფაქტია თქვენ რა მოლოდინები გაქვთ ირანში მიმდინარე პროცესში პრეზიდენტ ტრამპის მონაწილეობასთან დაკავშირებით?
- თუკი კულუარული მოლაპარაკებები ნამდვილად წარმოებს, მე ისღა დამრჩენია რომ ამ ინტერვიუში ნათქვამს მივუბრუნდე. კერძოდ, აუდიტორიას შევახსენო, რომ ამ ცივსისხლიანი გათვლების დროში დემოკრატიებად და ავტოკრატიებად სამყაროს დაყოფა მოძველდა, რომ ასეთი დაყოფა არ არის რეალისტური - კონკრეტულ სარგებელზე - ორიენტირებული პოლიტიკის შესატყვისი.
ცივსისხლიანი გათვლების დროში დემოკრატიებად და ავტოკრატიებად სამყაროს დაყოფა მოძველდა, რომ ასეთი დაყოფა არ არის რეალისტური - კონკრეტულ სარგებელზე - ორიენტირებული პოლიტიკის შესატყვისი
გავიხსენოთ, ასევე, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც „სოციალურ ინჟინერიას“, ხოლო ჩვენებურად რომ ვთქვათ - რეჟიმების გარედან ჩანაცვლებას - მხარს არ უჭერს. ისევ ვენესუელას ქეისს დავაკვირდეთ.
რა გვაქვს ამ მომენტისათვის? დაპატიმრებული მადურო, მაგრამ ხელუხლებლად დატოვებული პოლიტიკური რეჟიმი ვენესუელაში. ხომ არ შეგვიძლია, ვთქვათ, „ვენესუელას პრეცედენტის“ აღმოცენებაზე მინიშნება, სადაც მაქსიმალური სარგებელი - მათ შორის ზეწოლა-გამოვაჭრებით - და მინიმალური ზიანი - მათ შორის, ქაოსისა და უმართაობის თავიდან არიდებით - იმ ახალი ეპოქის გლობალურად საქმეთა წარმოების თარგად დამკვირდება?
ხომ არ შეგვიძლია, ვთქვათ, „ვენესუელას პრეცედენტის“ აღმოცენებაზე მინიშნება, სადაც მაქსიმალური სარგებელი - მათ შორის ზეწოლა-გამოვაჭრებით - და მინიმალური ზიანი - მათ შორის, ქაოსისა და უმართაობის თავიდან არიდებით - იმ ახალი ეპოქის გლობალურად საქმეთა წარმოების თარგად დამკვირდება?
მესმის რომ ეს მინიშნება თამამია. მეტიც, ის არცთუ სასიამოვნოა. თუმცა, როგორც იტყვიან, ცალ ყბაში თქმას სრულად თქმა ხომ არ აჯობებს? განა ეს არ დაგვეხმარება სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, საჭირო დასკვნები გავაკეთოთ და რეალობისათვის უკეთ მოვემზადოთ? ჩემი აზრით, წამოჭრილ შეკითხვებზე პასუხი ერთადერთი და ცხადზე ცხადია.
მესმის, რომ ირანზე საბოლოო დასკვნებიც ჯერ ნაადრევია. არსებობს შეგრძნება რომ ეს ისტორია, ალბათ, ასე ვერ დასრულდება. თუმცა, მისი დასრულების სტერეოტიპულად იდეალიზებული წარმოდგენებისგან მაინც თავს შევიკავებდი.
ირანზე საბოლოო დასკვნებიც ჯერ ნაადრევია. არსებობს შეგრძნება რომ ეს ისტორია, ალბათ, ასე ვერ დასრულდება. თუმცა, მისი დასრულების სტერეოტიპულად იდეალიზებული წარმოდგენებისგან მაინც თავს შევიკავებდი
- 3 იანვარს აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ ვენესუელის პრეზიდენტ მადუროს გატაცებას დემოკრატიული მსოფლიოს უმრავლესობა მიესალმა.
ახლა ვხედავთ, რომ ვენესუელას ვაშინგტონი მართავს. ტრამპს არც უცდია მადუროს ოპოზიციასთან ურთიერთობა. იმდენი ქნა ვენესუელის ნობელის ლაურეატისაგან საჩუქრად ნობელის პრემია მიიღო.
ვენესუელაში აშშ-ს მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას ბევრი განზომილება აქვს, მათ შორის ისიც, რომ ტრამპმა ყველას ანახა მისი ადმინისტრაციის სურვილი აკონტროლოს დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნები.
აშშ-ს ახალი უსაფრთხოების სტრატეგიაც იმაზე მეტყველებს, რომ აშშ-ს აღარ უნდა იყოს მსოფლიოს არც კარგი და არც ცუდი პოლიციელი. ამგვარი პოლიციელობაზე თითქოს იგი თანახმაა იყოს მსოფლიოს ერთ ნახევარსფეროში.
თუმცა, აქაც ბევრი თვლის რომ ტრამპმა ვენესუელის ნავთობის მრეწველობაში რუსეთის ფინანსებიც მიისაკუთრა და ჩინეთიც მნიშვნელოვნად შეავიწროვა.
თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-ს მიერ ვენესუელაში ჩატარებულ სპეცოპერაციას და ამის შემდეგ ამ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს?
- რადგან ვენესუელაში ჩატარებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის გეოპოლიტიკურ „პრეცედენტად“ ქცევის პერსპექტივაზე უკვე ვისაუბრე, საუბრის ამ ნაწილში აშშ-ს მხოლოდ ერთი - დასავლეთის - ნახევარსფეროთი შემოფარგვლის რაციონალს შევეხები.
თავშივე ვიტყვი, რომ გამოვრიცხავ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მხოლოდ დასავლეთის ნახევარსფეროს „ექსკლუზიურ მონოპოლიას“ აშშ-ს გეოპოლიტიკურ რადარზე. ჰეგემონის არსია იყოს ყველგან სადაც კი მის ყოფნას მისივე ინტერესი კარნახობს, ზესახელმწიფოს მაღალი წოდების ხელშემწყობია ასეთი სახელმწიფო დაერთებულ იქნეს გლობალურად ყველა რეგიონს, სადაც კი ზესახელმწიფოს სტატუსი ამას მოითხოვს და რითაც საკუთრივ ასეთი სტატუსი საზრდოობს.
გამოვრიცხავ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მხოლოდ დასავლეთის ნახევარსფეროს „ექსკლუზიურ მონოპოლიას“ აშშ-ს გეოპოლიტიკურ რადარზე
ამასთანავე, აშშ-ს მიერ დეკლარირებული, თანამედროვე ვერსიის მონროს დოქტრინა დასაშვებია „ორი ამერიკის“ გაგებით ავხსნათ. საქმე ისაა, რომ ვაშინგტონის გადმოსახედიდან ჩრდილოეთ ამერიკა და სამხრეთ ამერიკა არა მარტო ერთიანი გეოსივრცეა.
დამატებითი მოსაზრებაა, რომ აშშ-ს შიგნით არსებული პრობლემატიკა, იქნება ეს ნარკოვაჭრობა, არალეგალური მიგრაცია, ორგანიზებული დანაშაული თუ სხვა, სათავეს ჯერ ერთ - სამხრეთ ამერიკაში იღებს, - ხოლო შემდგომ უკვე გადაედინება ჩრდილოეთ ამერიკაში და, მაშასადამე, აშშ-ში.
სწორედ „ორი ამერიკის“ პარადიგმა განაპირობებს მონროს დოქტრინის „დონროიზაციას“, რომლის მიხედვით ორივე ამერიკაზე კონტროლი საბაზისოდ აუცილებელია. თუმცა, სწორედ რომ ამერიკული პლაცდარმის გამყარება და განმტკიცება აშშ-ს შესაძლებლობას მისცემს გლობალურად აქტიური პოლიტიკისათვის.
„ორი ამერიკის“ პარადიგმა განაპირობებს მონროს დოქტრინის „დონროიზაციას“, რომლის მიხედვით ორივე ამერიკაზე კონტროლი საბაზისოდ აუცილებელია. თუმცა, სწორედ რომ ამერიკული პლაცდარმის გამყარება და განმტკიცება აშშ-ს შესაძლებლობას მისცემს გლობალურად აქტიური პოლიტიკისათვის
ესეც იმ პირობით, რაც უკვე აღვნიშნე: ყოველი ასეთი ჩარევა მოხდება მკაცრი შერჩევითობის ტესტის და მისაღწევ მიზანთან თანაზომადი რესურსის პრინციპით.
- უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით აშშ-სა და ტრამპის პოზიცია თავიდანვე გაუგებარი იყო. ამ საკითხში იგი ხშირად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდა, მაგრამ, მალე ერთი წელი გახდება, რაც თეთრი სახლის ბინადარია და ომი უკრაინაში არა თუ ვერ დაასრულა, ცეცხლის შეწყვეტაზეც ვერ ათქმევინა უარი პრეზიდენტ პუტინს.
ახლა სურათი ასეთია - ევროპა იძენს ამერიკისგან იარაღს და ცდილობს უკრაინას დაეხმაროს.
ამას წინათ ტრამპი ირანში დაღუპულებზე საუბრობდა, არადა, უკრაინაში ყოველ დღე იღუპებიან უკრაინელი ჯარისკაცებიც და მშვიდობიანი მოქალაქეები, რაზეც მან სინანული ბევრჯერ კი გამოთქვა, მაგრამ, აგრძელებს პუტინის ხან მეგობრად მოხსენიებას, ხანაც კრიტიკას.
ხან ამბობს, რომ უკრაინა რუსეთთან მიმართებაში დათმობებზე უნდა წავიდეს, ხანაც ამბობს, რომ უკრაინას შეუძლია თავისი ტერიტორიების დაბრუნება“.
თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ტრამპისა და აშშ-ს ბევრი თვალსაზრისით გაუგებარ პოზიციას?
- ტრამპის პოლიტიკის უკვე ნახსენებ თავისებურებებთან ერთად, ვფიქრობ, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ირგვლივ წინააღმდეგობა, გნებავთ, გაუგებრად შემდეგი გარემოებებით შესაძლოა აიხსნას.
კერძოდ, ერთია მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპაში უჩვეულოდ დიდი მასშტაბის ომი. ასეთი გამოწვევა დასავლურ სამყაროს, ამერიკელების ჩათვლით, ჯერ არ ჰქონიათ. შედეგად, გაურკვევლობა და, ხშირად, დაბნეულობაც კი თუ რა გზებითა და რა ვადაშია შესაძლებელია ამ ომის დასრულება.
აქაც უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ დასრულება უნდა მოხდეს გასაგები პოლიტიკურ-სამართლებრივი შედეგით. სხვა სიტყვებით, უკრაინაში ომის დასრულება უნდა იყოს მყარი, სამართლიანი და გრძელვადიანი ეფექტით. ნებისმიერი სხვა, სანახევროდ დასრულება ან ვითომ დასრულება, მხოლოდ მორიგი აფეთქების წინ დროებითი უქარო ამინდია.
უკრაინაში ომის დასრულება უნდა იყოს მყარი, სამართლიანი და გრძელვადიანი ეფექტით. ნებისმიერი სხვა, სანახევროდ დასრულება ან ვითომ დასრულება, მხოლოდ მორიგი აფეთქების წინ დროებითი უქარო ამინდია
მეორე გარემოება არის რუსეთი, როგორც აგრესორი. სამწუხაროდ, ჯერ არ არსებობს მზა რეცეპტი, არც სამართლებრივი და არც სამხედრო გაგებით, ასეთ აგრესორთან ეფექტიანი დაპირისპირების, ისე რომ ასეთ დაპირისპირებაში პრინციპულობა უარესი შედეგი არ გამოიწვიოს.
მესმის, რომ როგორც არ უნდა ვეცადოთ თქვენს მიერ ნახსენები გაუგებარი პოზიციის ახსნა-განმარტება, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება საკმარისად და მისაღებად.
უსაფრთხოების თანამედროვე სისტემის მიღმა ხომ ყოველდღიურად მეტად კონკრეტული აუნაზღაურებელი ტკივილი და ადამიანური ტრაგედიაა. პლუს, აგრესორი, რომლის დაუსჯელობა სხვებს ავად მისაბაძ მაგალითს აძლევს.
- ვხედავთ რომ ევროპა ეხმარება უკრაინას გაუმკლავდეს რუსულ აგრესიას. მართალია ამ საკითხში ერთიანობას ორბანი, ფიცო და ვუჩიჩი ეწინააღმდეგებიან, მაგრამ, ევროპის წამყვანი ქვეყნები გამოთქვამენ მზადყოფნას ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინა-რუსეთის დაშორიშორების ზოლზე განალაგონ თავისი სამხედრო ძალები.
მოვლენათა ამგვარ განვითარებაზე რუსეთი მტკივნეულად რეაგირებს. ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა თავად დაიწყეს ევროპულ უსაფრთხოებაზე ზრუნვა. არა მარტო დაიწყეს იარაღის გამოშვება, არამედ ახალ ალიანსებზეც აქტიურად მსჯელობენ.
საუბრები „ევროპის გარდაცვალებაზე გადაჭარბებული“ აღმოჩნდა. ევროპა ცდილობს აშშ-თან ან აშშ-ს გარეშე იფიქროს ევროპულ უსაფრთხოებზე. კარგა ხნის წინ დაწყებული საუბრები ევროპის ერთიანი ძალების შექმნის შესახებ, არაა გამორიცხული რეალობადაც კი იქცეს. „მსურველთა კოალიციებისა“ და ევროპის ახალ უსაფრთხოების საკითხებზე საუბრები აქტიურ ფაზაშია.
ოფიციალური რუსეთი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო რომ ევროპა რუსეთთან დაპირისპირებისთვის ემზადება. ცდილობს ამტკიცოს, რომ კრემლი ევროპაზე თავდასხმას არ აპირებს.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ევროპამ შეძლოს ამერიკის გარეშე უკრაინის დაცვაზე გრძელვადიან პერსპექტივაშიც იზრუნოს?
- სწორედ ამიტომ ვახსენე ახალი ევროპის დაბადების შანსზე. ცხადია, რომ ამას პოლიტიკურთან ერთად მატერიალური რესურსიც მოეთხოვება.
პოლიტიკურ ნაწილში, ევროპულ ქვეყნებს არა უბრალოდ სახელმწიფოს მეთაურები, არამედ რეალური ლიდერები სჭირდება. მიმაჩნია, რომ „ცივი ომის“ დასრულების შემდგომ წლებში ეს ველი საგრძნობლად გაღარიბდა და პოლიტიკური აზრი და კულტურაც დაწვრილმანდა.
დღეს შედარებით დამაიმედებელ ნიშნებს ვხედავთ ამ მხრივ სასურველი ცვლილებების მხრივ. კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ თუმცა, ვიმეორებ, ამ ეტაპზე პოლიტიკურად ადამიანურ რესურსთან დაკავშირებით მეტი ოპტიმიზმის საფუძველი არის. იმედია, არის.
მატერიალურ ბაზასთან მიმართებით, კრებსითად ევროპას ასეთი რესურსი უდავოდ აქვს. აქ ორი აზრი არ არსებობს. სხვა საკითხია, ოღონდ, რომ ცალკე აღებულ, სხვადასხვა ევროპული ქვეყნის შთამბეჭდავი ციფრობრივი პარამეტრები ყოველთვის როდი ნიშნავს ერთიან ევროპულ ძალას.
ამ შემთხვევაშიც, როგორც მინიმუმ, ევროკავშირს უცილობლივ სჭირდება, ერთი, დროულ და ჯეროვან რეზულტატზე მიმართული გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამარტივება-მისადაგება.
როგორც მინიმუმ, ევროკავშირს უცილობლივ სჭირდება, ერთი, დროულ და ჯეროვან რეზულტატზე მიმართული გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამარტივება-მისადაგება... ევროკავშირი, აშშ-სა და ჩინეთის მსგავსად, უნდა იქცეს თვითკმარ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ სუბიექტად
მეორე მხრივ კი, დამატებით პირობად დავასახელებდი ევროპული ცნობიერების შეცვლას. კერძოდ, სამომხმარებლო ცნობიერებისგან რაციონალური დისტანცირებით ევროპელები ვალდებული არიან გადაეწყონ საკუთარი ევროპული ეგოს დაცვისათვის აუცილებელ ცნობიერებაზე, ხოლო, საკუთრივ ევროკავშირი კი - აშშ-სა და ჩინეთის მსგავსად - ასევე უნდა იქცეს თვითკმარ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ სუბიექტად.
- ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით სიახლეებია. არაქსის ხეობაში ზანგეზურის კორიდორის მშენებლობაში ამერიკული კომპანიები ჩაერთნენ და უკვე გააფორმეს შეთანხმებები, რომელშიც ჩართული იქნებიან როგორც ამერიკული, ისე სომხური და აზერბაიჯანული კომპანიები.
შეიქმნა კონსორციუმი, რომლის 74%-ის მფლობელი აშშ, დანარჩენი 26%-ის სომხეთი. საინტერესო ისაა, რომ ზანგეზურს კორიდორით აზერბაიჯანის ნახჩევანში არა მხოლოდ აზერბაიჯანული ტვირთები არამედ ცენტრალური აზიიდან ტვირთები შევა და დაგეგმილია რომ ეს გზა თურქეთის შავ ზღვამდე ჩავა, იქიდან კი ევროპაში წავა ტვირთები.
გასაგებია, რომ ამ პროექტის მშენებლობას დრო დასჭირდება, მაგრამ მისი განხორციელების შემთხვევაში აზიიდან ტვირთების დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, საქართველოს გვერდს აუვლის.
ვხედავთ სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს გააქტიურებას, მალე ერევანს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ეწვევა. იმ შემთხვევაშიც კი რომ იქნება თუ არა ტრამპი პრეზიდენტი, აშშ-ს ინტერესები სომხეთში ნათლადაც კი ჩანს და როგორც ჩანს, ეს გრძელვადიანად ასე იქნება, თუ ფაშინიანის ხელისუფლება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში არ დამარცხდა.
ვხედავთ რომ აშშ ახალ ალიანსებს ქმნის, რუსეთი სამხრეთ კავკასიაშიც კარგავს პოზიციებს და სამხრეთ კავკასიაში დიდი მოთამაშეების ინტერესში ხვდება.
ყველაფერ იმას, რაც ზანგეზურის კორიდორს ეხება, როგორ შეაფასებდით და რას ნიშნავს იგი სამხრეთ კავკასიისათვის?
- სამხრეთ კავკასიისათვის მხოლოდ დადებითს. თქვენს შეკითხვაშივე მსჯელობა ცხადყოფს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონის აქტუალობის „ჩამოწერაზე“ მოარული ხმები ისეთივე ნაადრევი აღმოჩნდა, როგორც „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაში“ მარკესის მიერ გენიალურად აღიწერა.
არსებითია, რომ ამ და სხვა პროექტების ხარჯზე სამხრეთ კავკასიას ჩამოშორდეს ტოქსიკური რეგიონის კლიშე და მან, უპერსპექტივო რეგიონებიდან პერსპექტიულთა კატეგორიაში გადაინაცვლოს. ამავე თვალსაზრისით მოგებული რჩება სომხეთი, მოგებული რჩება აზერბაიჯანი, მოგებული დარჩება საქართველო.
თუმცაღა, აქვე საკითხავია: დავრჩებით თუ არა ჩვენ, საქართველო, მოგებული იმავე ხარისხით, როგორც, შესაძლოა, ეს ჩვენი ორი მეზობლის შემთხვევაში იქნება? მესმის რომ ეს მეტად დელიკატური კითხვაა, თუმცა მისი დელიკატურობის გამო მას არ უნდა გავექცეთ.
დიახ, მაფიქრებს ის, რომ ვკარგავთ იმ კონკურენტუნარიანობას რითაც, რეგიონში ყველასათვის ცნობილი სპეციფიკის გამო, საკმაოდ დიდი დროის მანძილზე ვსარგებლობდით. დღეს ბაქო-ჯეიჰანისა და ბაქო-ერზერუმის ეფექტი ახალი რეალიებით იჩრდილება, რასაც საქართველოს მხრიდან მოუმზადებლობა მხოლოდ ამძაფრებს. არადა ფაქტია, რომ ფუნქციური სარგებლის გარეშე ქვეყნის ქმედუნარიანობა მნიშვნელოვნად კნინდება.
მაფიქრებს ის, რომ ვკარგავთ იმ კონკურენტუნარიანობას რითაც, რეგიონში ყველასათვის ცნობილი სპეციფიკის გამო, საკმაოდ დიდი დროის მანძილზე ვსარგებლობდით. დღეს ბაქო-ჯეიჰანისა და ბაქო-ერზერუმის ეფექტი ახალი რეალიებით იჩრდილება, რასაც საქართველოს მხრიდან მოუმზადებლობა მხოლოდ ამძაფრებს. არადა ფაქტია, რომ ფუნქციური სარგებლის გარეშე ქვეყნის ქმედუნარიანობა მნიშვნელოვნად კნინდება
აქ მთავარია გვახსოვდეს, რომ სწორედ ასეთ ფუნქციურ დატვირთვაშია საქართველოს განაცხადი პერსპექტიულ ხვალინდელ დღეზე. მის გარეშე საუბარი ქართული სახელმწიფოს რაობასა და მის განვითარებაზე დროის უსარგებლო მოცდენაა.
- ვითარებაში როცა მსოფლიოს ძველი წესრიგი რეალურად აღარ არსებობს, სამხრეთ კავკასიაც დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების არეალშია მოხვედრილი, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაპირისპირებას მხოლოდ მშვიდობიანი ფორმები ექნება, სამხრეთ კავკასია მზად უნდა იყოს გაუმკლავდეს გამოწვევებს.
ვხედავთ რომ ამისთვის აზერბაიჯანი კარგა ხანია მზადაა და ახლა სომხეთიც საკმაოდ კარგ ვითარებაში შეიძლება აღმოჩნდეს დასავლეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან აქტიური თანამშრომლობის პირობებში.
ჩვენს ირგვლივ დიდი ტურბულენცია რომაა ფაქტია. იმ ვითარებაში, რაც ახლა ზოგადად მსოფლიოში და ჩვენს სამეზობლოში ხდება, აქტუალური კითხვაა - რეალურად სადაა საქართველო? სად მოიაზრებს თავს და ემზადება კი გაუძლოს იმ გამოწვევებს რაც დრომ ჩვენგან დამოუკიდებლად მოიტანა?
- რეალურად სადაა საქართველო ასეთ დროს? მაპატიოს მკითხველმა და საქართველო, მისი ხელისუფლების „პოლიტიკის“ გამო დღეს „საკუთარ თავთან მეგობრობაშია“ და მის მიერვე შეთხზულ მითებს „გმირულად ებრძვის“.
ამაზე იხარჯება ძვირფასი დრო და არანაკლებ ძვირფასი რესურსი, ამას ყოველდღიურად ხმარდება ქვეყნის სამოხელეო პოტენციალი; ამაზე ნიავდება საქართველოს რეპუტაცია; სწორედ აქ და ამ დროს იფლანგება ისტორიული შესაძლებლობები.
რეალურად სადაა საქართველო ასეთ დროს? მაპატიოს მკითხველმა და საქართველო, მისი ხელისუფლების „პოლიტიკის“ გამო დღეს „საკუთარ თავთან მეგობრობაშია“ და მის მიერვე შეთხზულ მითებს „გმირულად ებრძვის“
დღეს ისე როგორც არასდროს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ასე არასდროს უმუშავია. ამიტომაც, ამ ჩამორჩენის დაძლევისათვის სამზადისად მოგვეთხოვება შინ და გარეთ სასწრაფოდ განორმალურება. ხოლო შემდგომ უკვე, ამ ჩამორჩენის პრაქტიკულად დასაძლევად - ნახტომი მესამიდან პირველ სამყაროში.
- საგარეო პოლიტიკა რომ საშინაო პოლიტიკის გაგრძელებაა, ვიცით. ამიტომ გვერდს ვერ ავუვლით იმას თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გარედან არაფერი ემუქრება, თუნდაც იმის გამო რომ საქართველოსთვის ახლა ბევრს არავის სცალია, ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკაში საკმაოდ მკაცრ და ყველასთან კონფრონტაციულ პოლიტიკას აგრძელებს.
ასეა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი წინაპირობა არ არსებობს ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებებისთვის.
თუმცა, ზოგჯერ რჩება შთაბეჭდილება, რომ იგი დასავლეთთან და აშშ-თან მოლაპარაკებების შესაძლებლობას ტოვებს. ევროპაზე თითქოს ხელის ჩაქნეული აქვს, მაგრამ აქაც ორაზროვნებას მაინც ტოვებს. თუ მანამდე ვხედავდით მცდელობას ტრამპის განცხადებების ალგორითმში ყოფილიყვნენ, ახლა ვხედავთ რომ აღარც ტრამპს სწყალობენ. სხვანაირად არ იკითხება მტკიცება, რომ თურმე „ტრამპს დიფსთეითი მართავს“ , ანაც „ტრამპი დიფსთეითთან ბრძოლაში დამარცხდა“.
რაც შეეხება ოპოზიციას, ხმაურიანი განცხადებების მიუხედავად, ოპოზიცია ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე დღის წესრიგს ვერ ქმნის. იმის მიმართ, რაც მსოფლიოში ხდება, არაადეკვატური ხელისუფლების გარდა, ხშირ შემთხვევაშიო ოპოზიციაცაა.
თქვენ როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?
- აბსოლუტურად სწორს ბრძანებთ: საგარეო და საშინაო პოლიტიკა რამ გაყო? მეტსაც ვიტყვი: საგარეო-პოლიტიკური ხაზი, არსებითად, საშინაოს ორგანული გაგრძელებაა, ერთი მეორეს ასაზრდოებს.
ფაქტია, რომ მოქნილი დიპლომატიის პირობებშიც კი - გარეთ „გასაყიდად“ ვერ გაიტან იმას რაც შიგნით უვარგისია ან „მალფუჭად“ პროდუქტს წარმოადგენს.
თქვენ ისიც აღნიშნეთ, რომ საგარეო ველზე არანაირი პირობები არ არსებობს ჩვენი ქვეყნის შიგნით საჭირო ცვლილებების მოსახდენად. მესმის რა გაქვთ მხედველობაში. თუმცა, თქვენი ნებართვით რამდენიმე დაზუსტებას შემოგთავაზებთ.
ერთია, რომ შესატყვისი პირობები ჯერ ისე არ გამოკვეთილა, რომ მმართველმა პარტიამ და მასთან დაახლოებულმა წრეებმა მნიშვნელოვანი დისკომფორტი იგრძნონ. მართალია, იმის თქმაც უსამართლოა, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ნამდვილ პარტნიორებს და გულშემატკივრებს არ აწუხებთ. მაგრამ, მაინც აღსანიშნია, რომ რეალური ზემოქმედებისათვის მათ პოლიტიკას ქმედითობა აკლია, ხოლო ესა თუ ის მოქმედება უფრო ცნობილი გამონათქვამს პერიფრაზს მაგონებს: „აკეთებდე საკმარისზე ცოტას, აკეთებდე საჭიროზე ნელა“.
არადა, დრო არ ითმენს, დროის ფლანგვა დაუშვებელი ფუფუნებაა, დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს, ხოლო ქვეყნის განორმალურებისა და ნახტომისებური განვითარებისათვის სათანადო წინაპირობების დადგომა აგვიანებს.
დრო არ ითმენს, დროის ფლანგვა დაუშვებელი ფუფუნებაა, დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს, ხოლო ქვეყნის განორმალურებისა და ნახტომისებური განვითარებისათვის სათანადო წინაპირობების დადგომა აგვიანებს
შესაძლებლობების ხელიდან საბოლოოდ გაშვების შედეგად დანაკარგში მოზიარედ უკლებლივ ყველა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ბანაკი თუ ჯგუფი იქცევა. მერწმუნეთ, მერე უკვე ისტორიაც როდი დაკავდება იმის გარჩევით, ვინ უფრო მართალი იყო, ხოლო ვინ ნაკლებად.
ისტორიის ვერდიქტი ჩვენთვის ყველასათვის ერთი იქნება: რომ ვერ შევძელით გაერთიანება ჯერ საქართველოს ირგვლივ, რომ მიუხედავად კონკრეტული ფიგურებისა თუ პოლიტიკური მიმდინარეობებისა, ქვეყნის შიგნით არსებული უთანხოებით ჯერ საქართველო დაზარალდა.
ყველა ცვლილების წარმატებულობის უტყუარი საზომი მისი მოქალაქეების მიერ მეტად კონკრეტული და ყოველდღიური სარგებლის მიღებაა. ამიტომ, პოზიცია-ოპოზიციის გაუთავებელ და, ხშირად მოსაწყენ ჭიდილში ძირითადი - ჯერ საქართველოს - ხაზი არ უნდა ჩაიკარგოს
სხვა მეტად კონკრეტულ საკითხებთან ერთად, ყველაზე გამართლებული მიდგომა პრინციპულად უკავშირდება ქვეყნის აწმყოსა და მის მომავალზე საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან თანასაკუთრების აღდგენას. ეს, ასევე, ნიშნავს რეგიონში და მის მიღმა ჩვენი ქვეყნისათვის ესოდენ აუცილებელი როლისა და წონის დაბრუნებას.
ეს, აგრეთვე, მიზნად ისახავს არსებული საშინაო რესურსის კონსოლიდაციითა და საგარეო რესურსის ოპტიმიზაციით, საქართველოს კონკურენტუნარიან სუბიექტად დამკვიდრებას.
და რაც მთავარია: ყველა ცვლილების წარმატებულობის უტყუარი საზომი მისი მოქალაქეების მიერ მეტად კონკრეტული და ყოველდღიური სარგებლის მიღებაა. ამიტომ, პოზიცია-ოპოზიციის გაუთავებელ და, ხშირად მოსაწყენ ჭიდილში ძირითადი - ჯერ საქართველოს - ხაზი არ უნდა ჩაიკარგოს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი