პაატა ზაქარეიშვილი - მე ვამაყობ ჩემი შვილით და მიხარია, რომ საქართველოში ასეთი ახალგაზრდები არიან, რაც შეეხება ჰელსინკის კომისიას, მის შეფასებებს აშშ-ის პოლიტიკაზე არსებითი გავლენა არ ექნება და მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, ნუ ქმნიან მაღალ მოლოდინებს

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ მრავალფეროვნებაში ერთიანობის დანახვა და არა ბოლშევიზმში ერთიანობის დანახვა, ეს არის სერიოზული გამოწვევა. საჭიროა გადახედონ თავიანთ კონცეფციებს, თუ როგორ უნდა შეუტიონ სხვადასხვა მხრიდან „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, საპატიმროდან გამოსულ ოპოზიციონერ ლიდერებს პოლიტიკური თვალსაზრისით ბევრად რთული ვითარება დახვდებათ, რადგან მათ საპატიმროში ყოფნის დროს „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი არჩევნებით დიდი უპირატესობა მოიპოვა.

„პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, უფრო რთული ვითარებაა. პირველ რიგში, ვულოცავ გივი თარგამაძეს გათავისუფლებას. მიმაჩნია, რომ უკანონოდ იყო დაკავებული, არ უნდა ყოფილიყო ციხეში და ნამდვილად მიხარია პოლიტიკოსების ციხიდან გამოსვლა, მაგრამ ამ დროს სულ მახსენდებიან ის ახალგაზრდები, რომლებიც რჩებიან ციხეში. ის ბიჭები, რომ რჩებიან ციხეში, ეს კიდევ უფრო შემზარავ სურათს ხატავს, რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში, ჩვენი ყურადღება უნდა იყოს იმ ახალგაზრდების გათავისუფლებაზე, ვინც უფრო დიდი ვადით არიან ციხეში, აბსოლუტურად უდანაშაულოდ, მაგრამ რა ვითარება ხვდებათ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს - ხვდებათ უფრო გაძლიერებული „ქართული ოცნება“. სანამ ისინი ციხეში ისხდნენ, ჩატარდა კონსტიტუციით დადგენილი ადგილობრივი არჩევნები და ამ არჩევნებში ბოიკოტმა გააძლიერა ათასჯერ და მილიონჯერ „ქართული ოცნება“. ანუ კიდევ უფრო დამძიმებულ ვითარებაში გამოდიან პოლიტიკოსები ციხიდან და უფრო მძიმე საქმე ელით წინ. ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდნენ, რა ქვეყანაში ბრუნდებიან და როგორ უნდა ილაპარაკონ არა ერთობაზე, არამედ იმ ერთიან პოლიტიკაზე, რომელიც მრავალფეროვნებას გულისხმობს. უნდა ისწავლონ მრავალფეროვნებაში ერთიანობის დანახვა და არა ბოლშევიზმში ერთიანობის დანახვა, ამიტომ ეს არის სერიოზული გამოწვევა. საჭიროა გადახედონ თავიანთ კონცეფციებს თუ როგორ უნდა შეუტიონ სხვადასხვა მხრიდან „ქართულ ოცნებას“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ამასთან, ზაქარეიშვილი საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, საქართველოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, საქართველო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყველაზე მძიმე ადამიანის უფლებების კრიზისში ჩააგდო. პოლიტოლოგიც მიიჩნევს, რომ ასეთი მძიმე, ადამიანის უფლებების დამრღვევი კანონმდებლობა, საქართველოში არ ყოფილა.

„კანონები ასეთ სასტიკი არ ყოფილა არასდროს. ხელისუფლების კანონგარეშე მოქმედებების კუთხით შეიძლება იყოს დავა და ვნახოთ „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევებშიც, მაგალითად გირგვლიანის საქმე, გამცემლიძის საქმე თუ რობაქიძის საქმე. კანონგარეშე სისასტიკე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მეტი იყო, მაგრამ კანონის ფარგლებში ასეთი სასტიკი არ ყოფილა. რასაც მე ვხედავ კანონმდებლობის სახით, ეს არის კატასტროფა, ასეთი მძიმე ადამიანის უფლებების დამრღვევი კანონმდებლობა, არ ყოფილა.

რაც შეეხება თავად ჰელსინკის კომისიის დასკვნებს, ამას არსებითი გავლენა აშშ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოლიტიკაზე არ ექნება, ამიტომ მე საერთოდ მოვუწოდებ ხოლმე პოლიტიკოსებს, ნუ ქმნიან მაღალ მოლოდინებს. მოულოდნელობა სჯობს, მაღალი მოლოდინებით გულაცრუებას. ჩვენ მაღლა ვწევთ ხოლმე თამასას და აღმოჩნდება, რომ ის შედეგი არ არის. სჯობს ვთქვათ, რომ ბევრს არაფერს არ ველოდებით და უცებ ბომბასავით აფეთქდეს და ყველა გაგვახაროს. მე ველოდები, რომ საქართველოს სასარგებლო იქნება ეს რეზოლუცია, მაგრამ ეფექტს არ მოახდენს. საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა ძალაუფლების გამყარება. მან ძალაუფლება უკვე გაიმყარა არჩევნების ბოიკოტით და ასი პროცენტით ფლობს სიტუაციას. ასეთი მოსუფთავებული არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის დროს არ ყოფილა მოედანი, დაუთმო თავისი ნებით ოპოზიციამ. ამ ფონზე გქონდეს იმედი ან ბრიტანეთის სანქციების, ან ევროკავშირის სანქციების, ან ამერიკის, არის სასაცილო და უსუსურობა. ამიტომ მგონია, რომ იქნება გარკვეული გულაცრუება“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

პოლიტოლოგმა „ქართული ოცნების“ მიერ გამკაცრებული კანონმდებლობის შედეგებსა და ამ შედეგების მსხვერპლ, პატიმრობაში მყოფ ახალგაზრდებზეც გაამახვილა ყურადღება. მან ამავე კუთხით თავისი შვილის, მიხეილ ზაქარეიშვილის ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებაზეც ისაუბრა, რომელსაც 23 იანვარს, სასამართლომ, ტროტუარზე დგომის ფაქტზე, 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

"რა მოსატანია ჩემი შვილის 5 დღე, როცა წლები აქვთ მისჯილი სხვებს. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ეს მისი მესამე პატიმრობაა, მოკლევადიანი, მაგრამ მესამე პატიმრობაა. პირველი პატიმრობა იყო, როცა დაიწყო პირველი დარბევები, სასტიკი დარბევების პერიოდში, როცა ცხვირ-პირს უმტვრევდნენ აქციის მონაწილეებს. ჩემი შვილი უბრალოდ გადარჩა, სცემეს, მაგრამ არ დაუზიანდა არც თვალი და არც სხვა რამე. მაშინ ჰქონდა პირველი პატიმრობა და მეორე და მესამე პატიმრობა ამ უფრო მშვიდობიანი აქციების პერიოდში აქვს. ის აშკარად პრინციპული ახალგაზრდაა, მე ვამაყობ ჩემი შვილით. არ მივესალმები, მაგრამ ვატყობ, მისი პრინციპებიდან გამომდინარე, რომ მას უნდა ეს კანონი ბოლომდე გაიაროს და მიაღწიოს სისხლის სამართლის საქმეს, რაც მე ძალიან არ გამიხარდება, ეს მნიშვნელოვნად უფრო ხანგრძლივი პატიმრობა იქნება. მიხარია, რომ საქართველოში ასეთი ახალგაზრდები არიან, სამწუხაროდ, ასეთები არიან ცოტა, მეტნი უნდა ვიყოთ და უნდა ვუთხრათ „ქართულ ოცნებას“, - „ხომ ხედავთ, თქვენი იდიოტური კანონები აძლიერებს აქციებს და ადამიანები გამოდიან“. ჩემი შვილის ფორმულას გეტყვით: „ნუ გეშინიათ პატიმრობის, გეშინოდეთ იმის, რაც მოხდება მაშინ თუ შეგეშინდებათ პატიმრობის“, მე ამას დავამატებდი, რომ სჯობს, ათი ათასი კაცი 5 დღით წავიდეს ციხეში, ვიდრე 100 კაცი 5 წლით წავიდეს ციხეში,“ - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!