„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ჰელსინკის კომისიის მიერ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დაანონსებულ ბრიფინგზე გაჟღერდება სიცრუით გაჯერებული მესიჯები, ტყუილზე დაფუძნებული ხედვა და იქნება საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
ამ ადამიანებს [ლორა თორთონსა და ჯო უილსონს] ვიცით რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, როგორია მათი ხედვები, რა განცხადებებით შემოიფარგლებიან ხოლმე. რაღაც განსხვავებულს არაფერს ველოდები, იქნება იგივე სიცრუით გაჯერებული მესიჯები, ტყუილზე დაფუძნებული ხედვა და მცდელობა იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ვფიქრობ, იგივე მესიჯები იქნება გაჟღერებული, რასაც ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ვისმენდით კონკრეტულად თუნდაც ამ ადამიანების მხრიდან,“ - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს.
კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
„2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, საქართველოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, საქართველო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყველაზე მძიმე ადამიანის უფლებების კრიზისში ჩააგდო. მათ 20-ზე მეტი ახალი კანონი მიიღეს, რომელიც განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით სახელმწიფო ძალაუფლებას აფართოებს და სასამართლო სისტემას დამოუკიდებლობას ართმევს“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.