4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა მარიამ მეყანწიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე გამოკვლეულ არც ერთ ვიდეოკადრში თავად არ ფიგურირებს და უცნობია, რა მასალები დაემატება საქმეს შემდგომ ეტაპზე.
მან თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან ასევე ისაუბრა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის ფაქტებზე და აღნიშნა, რომ ე.წ. გდდ-ს დანაყოფის თანამშრომლების მხრიდან ძალადობას ჰქონდა ადგილი, თუმცა არც ერთი მათგანი დაკითხული არ არის.
მეყანწიშვილის თქმით, მას არ უნახავს არც ერთი კადრი, სადაც დასისხლიანებული პოლიციელი ჩანს, ხოლო წარმოდგენილ სამედიცინო დასკვნებს აბსურდულს უწოდებს.
„ამ ეტაპზე, გამოკვლეულ არც ერთ კადრზე არ ვარ. შემდეგ ეტაპზე, რა იქნება, ამ დროისთვის, არ მაქვს ინფორმაცია. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს და უკანონო პატიმრებს, მათ შემთხვევაშიც ბევრი უზუსტობაა. ექსპერტიზამ კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ თავად ექსპერტები საუბრობენ სავარაუდოდ და არა მტკიცებით ფორმაში. მტკიცებით ფორმაში არ აქვთ გადაწყვეტილება.
ძალადობა სამართალდამცველების მხრიდან იყო კი. ე.წ. გდდ-ს დანაყოფი, რომლებიც „რობოკოპების“ ფორმაშია არიან ხოლმე, მათი მხრიდან ძალადობას ჰქონდა ადგილი. არც ერთი მათგანი არ არის დაკითხული, არც ერთი დაშავებული სამართალდამცველის კადრებიც არ მინახავს. კადრები ვნახე, სადაც აბსურდულ კადრებს აჩვენებდნენ, გადაგვწყვიტე, რომ ეს კადრები ჩემი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს. არ მინახავს დასისხლიანებული პოლიციელი. რომელი პოლიციელი იყო დასისხლიანებული, გამოკითხვაზე რომ მოვლენ გავიგებ. კადრში არ მინახავს დასისხლიანებული პოლიციელი. არც ერთი სამართალდამცველი არ ჰყავთ მოყვანილი, ვისაც რამე დაუშავდა, არც სამედიცინო გამოკვლევები დევს საქმეში. სანამ ფაქტს არ ვნახავ, ვერ ვისაუბრებ.
დაზარებული პოლიციელები საქმეში არ ფიგურირებენ, არ მოჰყავთ დასაკითხად. წარმოდგენილი იყო აბსურდული სამედიცინო დასკვნები",- განაცხადა მეყანწიშვილმა.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.