ნიკა ჩერქეზიშვილი - რატომ იწყება „ბრძოლა კორუფციასთან“ მხოლოდ მას შემდეგ, როცა ადამიანი ტოვებს თანამდებობას? -  დღეს უნდათ დაგვაჯერონ, რომ სისტემა მოულოდნელად „გამოფხიზლდა“?

ეს არის სელექციური სამართალი და სელექციური მიდგომით როგორ შეიძლება სისტემურად ებრძოდე კორუფციას? ეს პროცესი იცავს და უფრო მონოლითურს ხდის სისტემას!, - ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ილია ღუდუშაურის დაკავებას.

ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კორუფციასთან ბრძოლას მხოლოდ მას შემდეგ იწყებს „ქართული ოცნება“, როცა ადამიანები თანამდებობას ტოვებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კორუფციასთან ბრძოლა არ არის ინსტიტუციური პროცესი და ის არის შიდა კლანური რეგულირებისა და ძალაუფლების გადანაწილების ინსტრუმენტი.

„მეგობრებო, ნახავდით ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ილია ღუდუშაური დააკავეს. ხელისუფლება ტრადიციულად ამბობს, რომ ეს ფაქტი მათი ანტიკორუფციული პოლიტიკის ნაწილია. ამ კონკრეტულ საქმეზე თავიდანვე ერთი პრინციპული რამ მინდა ვთქვა, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ადამიანის დამნაშავედ გამოცხადება მიუღებელია. მართალია, სამართლებრივი ამ ქვეყანაში ბევრი აღარაფერი დარჩა, მაგრამ თავს მაინც ვალდებულად ვთვლი, სამართლებრივი სახელმწიფოს მინიმუმი მაინც დავიცვათ.

ახლა მივყვეთ... პოლიტიკაში არსებობს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი კითხვა - რატომ, როდის და როგორ იწყებს სისტემა მოქმედებას? ილია ღუდუშაური არ არის შემთხვევითი ფიგურა. ის იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ადამიანი, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა მრავალმილიარდიანი ბიუჯეტი. თან ზუსტად ის სფეროები, სადაც წლების განმავლობაში ყველაზე მეტი ეჭვი იყო კორუფციაზე.

სწორედ აქ ჩნდება მთავარი პოლიტიკური პრობლემა: რატომ არ იყო არცერთი კითხვა, არცერთი რეაქცია, არცერთი გამოძიება მაშინ, როცა ეს ადამიანი სისტემის შიგნით იყო და ძალაუფლებას ფლობდა? რატომ იწყება „ბრძოლა კორუფციასთან“ მხოლოდ მას შემდეგ, როცა ადამიანი ტოვებს თანამდებობას ან შიდა სისტემურ ბალანსში იცვლება? რატომ და იმიტომ, რომ კორუფციასთან ბრძოლა "ქართულ ოცნებაში" არ არის ინსტიტუციური პროცესი. ის არის შიდა კლანური რეგულირებისა და ძალაუფლების გადანაწილების ინსტრუმენტი.

ფაქტებს შევხედოთ: ჩვენ ვხედავთ დეკლარაციას, სადაც ფიქსირდება უკიდურესად დიდი ქონებრივი მოცულობები, ბიზნესწილები, მრავალმილიონიანი ოპერაციები. ეს ყველაფერი საჯარო იყო წლების განმავლობაში. არცერთი კითხვა, არცერთი აუდიტი, არცერთი საგამოძიებო რეაგირება. და დღეს უნდათ დაგვაჯერონ, რომ სისტემა მოულოდნელად „გამოფხიზლდა“?

რაც ახლა ხდება, ეს არის სელექციური სამართალი და სელექციური მიდგომით როგორ შეიძლება სისტემურად ებრძოდე კორუფციას? გამორიცხულია! პირიქით, ეს პროცესი იცავს და უფრო მონოლითურს ხდის სისტემას! ხელისუფლებას რომ უნდოდეს კორუფციის რეალურად მოსპობა, ცალკეულ ფიგურებს კი არ "დააკავებდა", არამედ იმ სისტემის დემონტაჟს მოახდენდა, რომელმაც ასეთი ფიგურები შექმნა და წლების განმავლობაში იცავდა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამას არ იზამენ. ეს არის შიდა პარტიული მენეჯმენტი, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ირაკლი კობახიძე საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების გასამტკიცებლად. სულ ეს არის”, - წერს ნიკა ჩერქეზიშვილი.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!