ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციის ბრალდებით დაკავება რეალურად მოქმედი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციას ემსახურება და პროცესს „ფინანსური ბერკეტების ხელში აღების“ ოპერაციას უწოდებს.
როგორც ანალიტიკოსმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი გუნდი ახლა ფინანსური ბერკეტების ხელში ჩაგდებას ცდილობს.
მელაშვილის შეფასებით, ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა, კონტროლის დამყარება წერტილებზე, სადაც ფულია კონცენტრირებული.
„ახლანდელი „ქართული ოცნების“ გუნდი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების გუნდი. ეს ადამიანები ძალიან ლოიალურები იყვნენ წინა ხელისუფლების მიმართ… ისინი არასდროს ყოფილან ქვეყნის მართვასთან ახლოს. არასდროს ყოფილან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირები. ისინი მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში - მათ გააჩნიათ პოლიტიკური ხელისუფლება, არ გააჩნიათ ფინანსური ძალაუფლება. ისინი ახლა იბრძვიან ფინანსური ძალაუფლების მოსაპოვებლად. იმიტომ, რომ მათ დაუარეს იმ წერტილებს, სადაც ფული იშოვება. დაიწყეს ხალხის „აყრა“, შემდეგი ნაბიჯი იქნება „თავისიანებით“ ჩანაცვლება, შემდეგ კი კორუფციასთან ბრძოლა არავის გაახსენდება. ჩემი აზრით, გუნდი, რომელმაც მოიპოვა ბიძინა ივანიშვილთან სიახლოვით პოლიტიკური ძალაუფლება, შეეცდება ფინანსური ძალაუფლების აღებას საკუთარ ხელში.
არ მჯერა, რომ ეს ხალხი იდეალებისთვის იბრძვის. ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის ფინანსური ბერკეტების ხელში აღების ოპერაცია, რისთვისაც სჭირდებათ იმ ხალხის ჩამოშორება, რომლებსაც ძველი კორუფციული კავშირები ჰქონდათ და ახლის დამყარება“, - განაცხადა მელაშვილმა.
მელაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, თუ რატომ უკავშირდება ბრალდებული მაღალჩინოსნების დიდი ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში საქმიანობის პერიოდს.
მელაშვილის თქმით, ამის ორი მიზეზი არსებობს: პირველი არის ღარიბაშვილის მთავრობის პირობებში მაღალი კორუფცია; მეორე კი ის, რომ ღარიბაშვილი იყო ერთადერთი ფიგურა ძველი „ქართული ოცნებიდან“, რომელსაც გარკვეული ელექტორალური მხარდაჭერა ჰქონდა.
„პირველი მიზეზი არის ის, რომ ღარიბაშვილის მთავრობაში დიდი კორუფცია იყო, ამაზე ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილის პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს საუბრობდა. მეორე მიზეზი - ღარიბაშვილი იყო ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, ძველი „ოცნებიდან“, რომელსაც გარკვეული ელექტორალური მხარდაჭერა ჰქონდა. პოლიტიკურად ანადგურებენ ღარიბაშვილს.
რაც შეეხება გახარიას, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა. მას არ შეუქმნია თავისი გუნდი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში იქნებოდა. გახარია მუშაობდა მთავრობასთან, რომლის წევრები „თავისიანები“ არ იყვნენ. ამიტომ, შეიძლება ნაკლებად შეეხონ გახარიას, თუმცა თუ დასჭირდათ, რა დაუშლით ხელს?!“,- განაცხადა მელაშვილმა.
ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების ფონზე მელაშვილმა ისაუბრა საპროცესო გარიგებების პრაქტიკაზეც, ის მიიჩნევს, რომ საპროცესო გარიგებები საქართველოში შესაძლოა გახდეს ხელისუფლების კონტროლისა და ანგარიშსწორების ეფექტური ინსტრუმენტი.
„ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს და თუ არ მივაქცევთ ყურადღებას, დიდი ხანი შეგვაწუხებს. ეს არის საპროცესო გარიგებების პრობლემა. დამოუკიდებელი სასამართლოს არ არსებობის პირობებში, ეს არის იარაღი ავტორიტარიზმის ხელში. ნებისმიერ ბიზნესმენს, რომელსაც დაიჭერენ, დაადებინებენ შეთანხმებას. საპროცესო შეთანხმებით ჩვენ შესაძლოა ვიხილოთ დიდი დანაშაულის დამალვის მცდელობა. ერთი მხრივ, ეს შეიძლება გახდეს დანაშაულის დაფარვის წყარო და მეორე მხრივ, ანგარიშსწორების წყარო“,- განაცხადა მელაშვილმა.
გარდა ამისა, გადაცემაში ირაკლი მელაშვილმა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების იდეაზე ისაუბრა, მისი თქმით, ოპოზიციური აქტორების პოლიტიკური და იდეოლოგიური ხედვები ერთმანეთისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება, თუმცა ოპოზიცია არ ცდილობს რეალურ ერთობას, რადგან ყველა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფი და ერთსა და იმავე ელექტორატის სამიზნეა.
„საჭიროა პარტიები დაჯგუფდნენ თავიანთი შეხედულებების მიხედვით. ვინმემ მითხრას რა განსხვავებაა ზურა ჯაფარიძის „გირჩს“, ვაშაძის პარტიას, მელია-გვარამიასა და ხოშტარიას პარტიას შორის. რაში ვერ თანხმდებიან? საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, ეკონომიკის მოწყობასა თუ სასამართლოს მოწყობაზე? რა აქვთ განსხვავება? - არაფერში. 1%-იანი პარტიები, რომლებიც გაკეთდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე. რას ნიშნავს ერთობა? ამბობენ, რომ ერთ პარტიაში არ ვერთიანდებითო. რატომ არ ერთიანდებიან? რამე იდეოლოგიური შეუთანხმებლობა აქვთ? ყველანი იყვნენ ერთ პარტიაში, არ გამიგია მანდ ჰქონოდათ რამე შეუთანხმებლობა“,- განაცხადა მელაშვილმა.
მელაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა პარტიებმა ერთობას უნდა მიაღწიონ.
„იძახიან ერთობას, სინამდვილეში არანაირ ერთობას არ აკეთებენ. ამ პარტიების ერთობა უნდა იყოს იქ, საიდანაც გამოვიდნენ, რადგან მათ „ნაციონალური მოძრაობისგან“ არანაირი განსხვავება არ აქვთ - მათთან არც ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას აქვთ რამე იდეოლოგიური განსხვავება. მიმაჩნია, რომ სპექტრი ძლიერი იქნება მაშინ, როდესაც ჩამოყალიბდება 2-3 მიმართულებით პოლიტიკური ძალა”, - განაცხადა მელაშვილმა.