ზვიად ქორიძე -  „ქართული ოცნების“ მთლიანი გუნდი კორუფციაშია ჩაბმული, მეტასტაზები მთელს სახელმწიფო სისტემაზეა მოდებული - კალაძემ გვითხრა, „მხოლოდ ჩემს თავზე ვაგებ პასუხსო“, მაშინ რისი მმართველი ხარ?

კორუფციის მეტასტაზები მთელს სახელმწიფო სისტემაზეა მოდებული, - ამის შესახებ ექსპერტმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა, ზვიად ქორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ქორიძის თქმით, კორუფციაში „ქართული ოცნების“ მთლიანი გუნდია ჩაბმული.

„ნებისმიერ ინიციატივას მივესალმები, როდესაც კორუფციასთან ბრძოლას ეხება საქმე, მაგრამ ის, რასაც “ქართული ოცნება“ აკეთებს, დღევანდელი ფორმაცია უპირისპირდება „ქართული ოცნების“ სხვა ფორმაციას და იქ ეძებს კორუმპირებულ პირებს, აკავებს, გირაოს უფორმებს და ა.შ. მოდით, კითხვა დავსვათ: „ქართული ოცნების“ მმართველობამ არ იცოდა, რომ ეს მთელი მმართველობითი რგოლი კორუფციაში იყო ჩაფლული? - რა თქმა უნდა, იცოდა. ეს არ არის ერთი და ორი დღის საქმე, ეს არ არის ერთი და ორი ისტორია, რომელზეც ამ ადამიანებს შეიძლება შემოედავო იმიტომ, რომ ის, რა თანხებსა და ოპერაციებზეც არის საუბარი, რაც ოფიციალურად ვიცით ჩვენ და რაზეც პროკურატურა და სუს-ი აპელირებს, ეს არის საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი და ეს პროცესი არ არის ერთგან თავმოყრილი, არა, ეს უკვე კარგად არის გაფენილი და მისი მეტასტაზები მთელს სახელმწიფო სისტემაზეა მოდებული. „ქართული ოცნების“ მთლიანი გუნდი კორუფციაშია ჩაბმული“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

კითხვაზე, თუ „ქართულმა ოცნებამ“ აქამდეც იცოდა კორუფციული დანაშაულების შესახებ, რატომ დაიწყო ამაზე ლაპარაკი მხოლოდ ახლა, ქორიძემ უპასუხა, რომ ეს თავის მოტყუების ან დროის მოგების პოლიტიკაა, რადგან ამ ადამიანების დაკავებით კორუფციული სქემა არ აღმოფხვრილა.

ექსპერტის შეფასებით, კორუფციასთან ასეთი ტიპის ბრძოლა თვალთმაქცური საქციელია.

„თუ ის არის მცდელობა, რომ დღევანდელი სამთავრობო გუნდი ცდილობს, მთელი ბრალეულობა „ქართული ოცნების“ წინა მმართველობაზე გადაიტანოს და თვითონ უკეთესი გამოჩნდეს, ესეც თავის მოტყუების ან დროის მოგების პოლიტიკაა იმიტომ, რომ თავისთავად, ეს სქემა არ აღმოფხვრილა ამ ადამიანების დაკავებით.

ჩვენ ვსაუბრობთ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეზე, მანამდე კი ის მერიაში მუშაობდა, მერის მოადგილე იყო. ვიცით კიდევ მერის მეორე მოადგილე, რომელიც, მათივე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოდან არის წასული, პრაქტიკულად, იმალება.

ის რეპლიკა, რომელიც დედაქალაქის მერმა გვითხრა, მე მხოლოდ ჩემს თავზე ვაგებ პასუხს და სხვაზე ვერაო, მაშინ რომელ მმართველობის რგოლზე ვსაუბრობთ? შეიძლება, რომ ყველა სამსახურის ხელმძღვანელმა, ყველა შენმა მოადგილემ რაღაც ტიპის კორუფციული სქემები შექმნას, ამ კორუფციულ სქემებში იყოს გახლართული და შენ ამაზე პასუხი არ აგო ან ვერ დაინახო ეს ყველაფერი? მაშინ რისი მმართველი ხარ.

კორუფციასთან ასეთი ტიპის ბრძოლა ჩვეულებრივი, თვალთმაქცური საქციელია, რომელიც ასეთი ტიპის კლეპტოკრატიულ მმართველობებს ახასიათებს“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!