რომეო მიქაუტაძის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერიძის განმარტებით, მოწმე ივანე ბედინაშვილის სასამართლო დაკითხვით დადასტურდა, რომ გამოძიებამ შეგნებულად დაუმალა რევიზიის ჩამტარებელ პირებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, იმ მიზნით, რომ რომეო მიქაუტაძისთვის რაც შეიძლება დიდი თანხის ლეგალიზაციის ბრალდება წაეყენებინათ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნემსიწვერიძემ განუცხადა, „საქმეში წარმოდგენილია სამი სესხის ხელშეკრულება, რომელთა თანახმადაც რომეო მიქაუტაძის ოჯახმა კერძო პირებისგან აიღო სესხი ჯამში 2 450 000 ლარის ოდენობით, მოწმის სახით დაკითხულმა რევიზორმა სასამართლოში განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია გამოძიების მხრიდან მისთვის არ ყოფილა მიწოდებული“.
„დაცვის მხარის შეკითხვები ასევე შეეხებოდა ბეთლემის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს, რომელიც ნინო მიქაუტაძის საკუთრებას წარმოადგენს. კერძოდ, დაცვის მხარემ მოწმეს სთხოვა განემარტა, როგორ შეიძლებოდა დაუსაბუთებელ ქონებათა ნუსხაში მოხვედრილიყო ქონება, რომელიც დადგენილია, რომ შეძენილია საბანკო სესხის გზით. რევიზორმა განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო აღნიშნული ქონების საბანკო სესხით შეძენის ფაქტი და რომ მას არ გაუკეთებია შეფასება იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ეს ქონება შეძენილი დაუსაბუთებელი შემოსავლით. მისი თქმით, ასეთი შეფასება უშუალოდ გამოძიების მიერ იქნა გაკეთებული.
გარდა აღნიშნულისა, დაცვის მხარე დაინტერესდა, თუ რატომ არ იქნა საერთოდ გათვალისწინებული სხვა შემოსავლები, რაზეც მოწმის მხრიდან დამაჯერებელი პასუხები ვერ იქნა მიღებული.
რევიზორების მხრიდან საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული დაახლოებით ხუთი მილიონი ლარის ოდენობის ლეგალური შემოსავალი, ხოლო შემოსავლების კვლევა შეგნებულად ჩატარდა არასრულ პერიოდზე, იმ დროს, როდესაც რომეო მიქაუტაძე და მისი ოჯახის წევრები რეალურად იღებდნენ შემოსავლებს. დაცვის მხარის შეფასებით, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ხელოვნურად შემცირებულიყო მათი ლეგალური შემოსავლების საერთო ოდენობა”,- აცხადებს ბექა ნემსიწვერიძე.