სალომე სამადაშვილი - სოფლის „ბირჟაზე“ დგას კაცი, ემიგრანტის გადმორიცხული ფულით არსებობს და აზრს გამოხატავს პოლიტიკაზე, მასაც შეიძლება მიადგეს პროკურატურა ახალი კანონით? რატომ არა? - აბსურდულობის ახალ ფაზაზე გადავიდნენ

ივანიშვილის რეჟიმის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით ნებისმიერი მოქალაქის სამართლებრივი დევნისთვის იქმნება საფუძველი - პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება საფრთხეს უქმნის ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც უცხოეთიდან ფინანსურ დახმარებას იღებს.

სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალი კანონის პირობებში სამართლებრივი დევნის საფუძველი შეიძლება გახდეს თუნდაც ოჯახის წევრისგან მიღებული თანხა, თუ მოქალაქე საჯაროდ გამოხატავს საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს.

„ივანიშვილის რეჟიმის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით ნებისმიერი მოქალაქის სამართლებრივი დევნისთვის იქმნება საფუძველი. ყველასთვის, ვინც ერთ თეთრს მაინც იღებს უცხოეთიდან, თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრისგან. სოფლის „ბირჟაზე“ დგას კაცი, უცხოეთიდან ემიგრანტის გადმორიცხულ ფულზე არსებობს და მაგალითად, საკუთარ აზრს გამოხატავს პოლიტიკაზე. შეიძლება მიადგეს პროკურატურა ახალი კანონით? რატომ არა? დაფინანსებას იღებს უცხოეთიდან და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებს. ავტოკრატიული იდიოტიზმის აბსურდულობის ახალ ფაზაზე გადავიდნენ, ფასების დარეგულირების საქმე, ეტყობა, ვერ მიდის რაღაც კარგად",- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ რიგი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას გეგმავს. ცვლილება შევა „გრანტების შესახებ“ კანონში. უფრო კონკრეტულად, ზუსტდება გრანტის განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.

„გრანტების შესახებ“ კანონით დადენილი წესების დარღვევა კი, სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.

ამასთან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.

სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმიც.

ასევე, ცვლილება ხორციელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.

გარდა ამისა, იგეგმება მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებაც: მეწარმე სუბიექტი, ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. დაჯარიმდება 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში - 40,000 ლარის ოდენობით.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა