თავდაცვის სამინისტრო - წვევამდელების სამედიცინო ისტორიის გაყალბებისა და სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებისთვის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ - უწყება ნებისმიერი მსგავსი გამოვლინების მიმართ იქნება უკომპრომისო

თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, წვევამდელების სამედიცინო ისტორიის გაყალბებისა და მოქალაქეებისთვის სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებისთვის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, არჩილ ნიკოლეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და შესაძლოა პასუხისმგებელ პირთა წრე გაიზარდოს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილ იქნა პირთა ჯგუფი, რომლებიც გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ყალბი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით, დახმარებას უწევდნენ საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში. ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტზე, ჩვენს მიერ, დაკავებულია ერთი პირი.

დაკავებულ პირთან და მის თანამზრახველებთან, კანონით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე, სხვა პირთა გამოსავლენად გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რის შედეგადაც შესაძლებელია დამნაშავე პირთა წრე გაფართოვდეს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, ნებისმიერი მსგავსი გამოვლინების მიმართ იქნება უკომპრომისო და იმოქმედებს კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა