სტუ-ს რექტორი - ვიმსჯელებთ, თუ  გაერთიანება კარგი იქნება უნივერსიტეტისა და ქვეყნისთვის, დავეთანხმები, მთავრობა ელოდება კონსულტაციებს - არ არის სააკაშვილის ხელისუფლება, ადგეს და ერთი ხელის მოსმით ვინმე ჩარეცხოს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, თუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, დაეთანხმება.

რექტორის თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე დაწყებულია შიდა განხილვა დეკანებთან, აკადემიურ საბჭოსა და პროფესორ-მასწავლებლებთან, რის შემდეგაც ჩამოყალიბდება უნივერსიტეტის პოზიცია.

"დღეს დანიშნული მაქვს შეხვედრა უნივერსიტეტის დეკანებთან, აკადემიურ საბჭოსთან. საუბარია ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შერწყმაზე - სამართლის სკოლაზე, ეკონომიკის სკოლაზე, ასევე საინჟინრო-ტექნოლოგიურ სკოლაზე. საუბარია ამ სკოლების გაძლიერებაზე, ხელფასების მომატებაზე. რა თქმა უნდა, ბევრ რამეს ვეთანხმებით, ბევრი რამ გასარკვევია. დღეს შევხდებით კოლექტივს. კოლექტივი ასევე შეხვდება ჩვენ პროფესორ-მასწავლებლებს, რადგან მოგეხსნებათ ტექნიკური უნივერსიტეტი სახელმწიფო სახელმწიფოშია, ამიტომ ის არ არის მარტივი ინსტიტუცია. არ ეწყინოს ჩემ საყვარელ თსუ-ს, მაგრამ მასზე უფრო დიდია თავისი სამეცნიერო ცენტრებითა და აკადემიური პერსონალით. ამიტომ, შევხდებით, ვიმსჯელებთ. განათლების მინისტრს და საქართველოს მთავრობას მოვახსენებთ ჩვენ გადაწყვეტილებას. წყნარად და პატიოსნად გავაგრძელებთ რეფორმას“,- განაცხადა გურგენიძემ.

რექტორის განმარტებით, უნივერსიტეტების რეფორმა აუცილებელია და ის უნდა იყოს მორგებული როგორც აკადემიურ პერსონალზე, ისე სტუდენტებზე.

ამასთან, მისივე თქმით, სწავლის 2250-ლარიანი საფასური უნივერსიტეტების ფინანსური მდგრადობისთვის საკმარისი არ არის, თუმცა არსებული რესურსებით უნივერსიტეტებმა მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შეძლეს საერთაშორისო დონეზე.

„რეფორმა აუცილებელია. ამაზე ბევრჯერ მისაუბრია პრემიერთანაც, პარლამენტის წევრებთანაც. უნივერსიტეტებმა ბევრ რამეს მივაღწიეთ 2 250 ლარიანი გადასახადით. წარმოიდგინეთ, მსოფლიოში 40-45 ათასი უნივერსიტეტია, შვიდასეულში შევდივართ ოთხივე უნივერსიტეტი. 2 250 ლარი ძალიან მცირე გადასახადია და მცირეა უნივერსიტეტის არსებობისთვის.

რეფორმა უნდა ჩატარდეს თუ არ ჩატარდა, 10 წელიწადში უნივერსიტეტებს ძალიან გაუჭირდებათ ახალგაზრდა თაობის პედაგოგების მოწვევა. რეფორმა მორგებული უნდა იყოს ადამიანებზე და სტუდენტებზე.

თუ გაერთიანება კარგი იქნება უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, დავეთანხმები. მთავრობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ის ელოდება ჩვენ კონსულტაციებს. არ არის სააკაშვილის ხელისუფლება ადგეს და ერთი ხელის მოსმით რამე გააკეთოს და ვინმე ჩარეცხოს. სხვა ხელისუფლებაა, ჩვენ ამის გვჯერა და ამას დავამტკიცებთ მათთან კონსულტაციით“,- განაცხადა რექტორმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!