ცენტრალურ მაგისტრალზე განხორციელებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების არასწორი სტრატეგიული დაგეგმვის გამო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მთელი რიგი სოფლები სერიოზულად დაზიანდა და პრობლემები შეექმნა. ამის შესახებ ნათქვამია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ხარაგაულის ორგანიზაციის თავმჯდომარის ინგა მაღრაძის განცხადებაში, რომელსაც ის სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ ავრცელებს.
მაღრაძე „საშიშ ეკოლოგიურ“ ვითარებაზე საუბრობს.
“მანამდე ხუნევის თემის რამდენიმე სოფელი მოწყდა მუნიციპალურ ცენტრს და მიმდებარე სოფლებს, რადგან მათთვის ცენტრალურ გზაზე გამოსასვლელი გზა არ იქნა გათვალისწინებული, ხოლო ლაშეს თემის სოფლები დაინგრა. ახლა ორი მაღალმთიანი თემის სოფლები - წიფა, გოლათუბანი, ზვარე, ჩრდილი, ნუნისი, ფონა და გულათუბანი ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედების შედეგად მათთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ტრანსპორტის გარეშე დარჩნენ.
ამან უსერიოზულესი პრობლემები შექმნა მოსახლეობისთვის: ადამიანები პრაქტიკულად გარე სამყაროსთან კომუნიკაციის გარეშე დარჩნენ, გაუძვირდათ ცხოვრება, რადგან პროდუქტის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად იაფი და მარტივი გზა აღარ აქვთ, მოზარდებს წაერთვათ სოციალური და კულტურული განვითარების შესაძლებლობა. ეს კი უმძიმეს დემოგრაფიულ ვითარებას ქმნის ხარაგაულელთათვის. სოფლები პრაქტიკულად დაიცალა. აღარაფერს ვამბობ უაღრესად საშიშ ეკოლოგიურ ვითარებაზე, რომელმაც შეიძლება ერთ დღეს ტრაგედიამდე მიგვიყვანოს”,- განაცხადა “ძლიერი საქართველო-ლელოს” ხარაგაულის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ინგა მაღრაძემ.
ინგა მაღრაძემ ხელისუფლებისგან სასწრაფო ზომების მიღება მოითხოვა.
მისი განცხადებით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები “დაუყოვნებლივ უნდა ჩამოვიდნენ ადგილზე და მოსახლეობას აუხსნან რა გამოსავალს ხედავენ შექმნილ სიტუაციაში და რის გაკეთებას აპირებენ”.