ლაშა ტუღუში - ისტორიას რომ შევხედოთ, სად ჩართეს „მოსკოვის მექანიზმი“, მოგვცემს საზრდოს, მიხვდეთ, რასთან გვაქვს საქმე - „ოცნება“ ყველა ფანჯარას ქოლავს, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება, ეს არის საქართველოში ახალი საბჭოთა კავშირის შენების პროცესი

„ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელის, ლაშა ტუღუშის განცხადებით, ეუთო-ს მიერ საქართველოზე „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს.

როგორც ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, „მოსკოვის მექანიზმი“ ირთვება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ადგილი აქვს არჩევნების მასშტაბურ დარღვევებს, პოლიტიკური ან სინდისის პატიმრების არსებობას, ადამიანის უფლებების სისტემურ და მასობრივ დარღვევებს.

ლაშა ტუღუშის თქმით, თავდაპირველად ეუთო ქვეყანას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, უარი კი ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.

„მექანიზმი (მოსკოვის მექანიზმი) საკმაოდ ცნობილი მექანიზმია, რომელიც ირთვება მაშინ, როდესაც ძალიან სერიოზული პრობლემებია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. მექანიზმს თავისი სპეციფიკა აქვს. მექანიზმი უბრალო ვითარებაში არ ირთვება, ან უნდა იყოს დიდი დარღვევები არჩევნების დროს, უნდა არსებობდეს პოლიტიკური პატიმრები, სინდისის პატიმრები ან მასობრივი დარღვევები უნდა არსებობდეს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ისტორიას რომ შევხედოთ, სად ჩართეს აღნიშნული მექანიზმები, მოგვცემს საზრდოს, მიხვდეთ, რასთან გვაქვს საქმე.

კიდევ ერთი საინტერესო სპეციფიკაა ისიც, რომ „მასპინძელი“ ქვეყნის თანხმობა არ არის საჭირო. თუ ეუთო-ს ქვეყნის 10 წარმომადგენელი შეთანხმდება იმაზე, რომ ქვეყანაში მისია გააგზავნოს, მას შეუძლია ეს გააკეთოს. ეუთო „მასპინძელ“ ქვეყანას მოუწოდებს, ითანამშრომლოს მათთან, მაგრამ თუკი ქვეყანა სურვილს არ განაცხადებს, ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას, ეს მისია მაინც ჩამოვა“, - განაცხადა ტუღუშმა.

ტუღუშის თქმით, ეუთო-ს ექსპერტული მისიისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მათთვის „ქვეყნის კარის ჩაკეტვა უგუნური და არასწორი“ გადაწყვეტილება იქნება.

ასევე, ის დასძენს, რომ ნეგატიური დასკვნის შემთხვევაში, ქვეყანას მრავალი მიმართულებით მძიმე შედეგები დაემუქრება.

„უგუნური და არასწორი გადაწყვეტილება იქნება თუ ამ ხალხს წინააღმდეგობას გაუწევენ და კარს ჩაკეტავენ. თუ ცუდი დასკვნა იდება, ამას მოჰყვება ბევრი მიმართულებით ცუდი შედეგი. მაგალითად, კოალიციური ტიპის გაერთიანებები ეყრდნობიან, ასეთ დასკვნებს. ასეთი დასკვნები პირდაპირ ისახება ეკონომიკაზე. იმიტომ, რომ ეს არ არის რომელიმე ქვეყნის ან პოლიტიკოსის შეფასება, ეს დასკვნა პირდაპირ დაარტყამს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს“, - განაცხადა ტუღუშმა.

გარდა საგარეო მიმართულებისა, ტუღუშმა გადაცემაში ისაუბრა საშინაო პოლიტიკაზე, კერძოდ, რაც გრანტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივაზე, ტუღუში აღნიშნავს, რომ ის მიზნად ისახავს, უცხოეთიდან საქართველოში შემომავალი ნებისმიერი ფინანსური რესურსის პოლიტიკური პროცესის ნაწილად წარმოჩენას და მის კონტროლს.

მისივე შეფასებით, ხელისუფლება „ყველა ფანჯარას კეტავს და ყველა შესაძლებლობას ქოლავს“ ძალაუფლების ნებისმიერი ფასად შესანარჩუნებლად.

„ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა შესაძლო სივრცეს, აქტივობას, რომელიც დაკავშირებული იქნება უცხოეთიდან საქართველოში რაიმე ფორმით (ფინანსების) შემოდინებასთან, როგორი კეთილშობილური მიზნებიც არ უნდა ჰქონდეს, ყველაფერს მიაბამენ საშინაო პოლიტიკას და განმარტავენ, როგორც პოლიტიკურ პროცესში ზემოქმედებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი უცხოური კონტაქტი და რესურსი უნდა ჩაკეტონ.

ყველა ფანჯარას კეტავენ, ყველა შესაძლებლობებს ქოლავენ იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება ნებისმიერ ფასად. საუბარია ვიწრო ჯგუფზე, რომელიც იმყარებს პოზიციებს და დაერია ყველას, ვინც შეიძლება მათ ძალაუფლებას შეუქმნას საფრთხე. მთლიანობაში ეს არის საქართველოში ახალი საბჭოთა კავშირის შენების პროცესი“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!