ხორცპროდუქტების საწარმო, რომლის ტექნოლოგიური შესაძლებლობები და ინფრასტრუქტურა უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც, უკვე ოფიციალურად გახსნილია. დღეს მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ „ნიკორას“ პროდუქტები, რომლებიც სწორედ ამ ახალ საწარმოში იქმნება. ხარისხის კონტროლისა და ავტომატიზაციის უნიკალურ შესაძლებლობებს 27-წლიანი ისტორიის მქონე ბრენდის განვითარება სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს.
როგორც შპს „ნიკორას“ დირექტორი გიორგი წერეთელი აღნიშნავს, ახალი საწარმოს საინვესტიციო ღირებულება 45 მილიონი ლარია. ის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ თანამონაწილეობით გაიხსნა. გერმანელი პარტნიორების მიერ შეფასდა, როგორც აღმოსავლეთ ევროპის უნიკალური და გამორჩეული საწარმო. ქარხანა მაღალტექნოლოგიურთან ერთად ენერგოეფექტურიცაა. სახურავზე დამონტაჟებულია მზის პანელები, რომლებიც ენერგოსაჭიროების დიდ ნაწილს ფარავს. ახალი საწარმო ძველზე სამჯერ დიდია, თუმცა ის ორჯერ უფრო ენერგოეფექტურია.

რას შეცვლის ახალი ქარხანა ბრენდისთვის, მომხმარებლისთვის, ბაზრისა თუ ქვეყნისთვის და როგორია „ნიკორას“ განვითარების სრულიად ახალი ეტაპი, თავად გიორგი წერეთელი გვესაუბრება.
„ნიკორას“ უკვე 27-წლიანი ისტორია აქვს. როგორ შეაფასებდით დღევანდელ ეტაპს კომპანიის განვითარების ისტორიაში? რას ნიშნავს „ახალი ეტაპი - ახალი შესაძლებლობები“?
ეს წელი დაახლოებით ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც „ნიკორას“ დაარსების პირველი წელი. კომპანიის ისტორიაში უკვე მეორედ აშენდა ახალი საწარმო და მოხდა სრული გარდაქმნა როგორც ტექნოლოგიური, ისე ბიზნესპროცესების კუთხით. ეს ეტაპი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ახალი დაბადება. ის არის განვლილი 27 წლის შეჯამება და ახალი ციკლის დასაწყისი.
ზოგადად, საწარმოებს საშუალოდ 25-წლიანი სასიცოცხლო ციკლი აქვთ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ სრული განახლებაა საჭირო. სწორედ ამ ეტაპზე ვართ ჩვენ დღეს. კომპანიის შექმნის შემდეგ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია მის ისტორიაში.
როგორც თქვენ აღნიშნავთ, ახალი საწარმო კომპანიის განვითარების ყველაზე მასშტაბური ეტაპია. კონკრეტულად რომელი ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური სიახლეებია ამ პროცესში გადამწყვეტი?
დანადგარების კუთხით „ნიკორას“ ძველი საწარმოც ყოველთვის გამორჩეული იყო. თუმცა ცალკე აღებული ვერც ერთი დანადგარი ვერ მოგცემს იმ შედეგს, რასაც ერთიანი ეკოსისტემა. ძველი საწარმოს განახლება ვერასდროს მოიტანდა ისეთ შედეგს, როგორსაც ახლიდან დაგეგმილი ქარხანა.

საწარმო სრულად უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ხარისხის კონტროლის მექანიზმები ისეთ ხარისხზე ავიყვანეთ, როგორიც საქართველოში ამ დრომდე არც ჩვენ და არც ჩვენს კონკურენტებს არ ჰქონიათ.
ასევე დანერგილია აღრიცხვის RFID ტექნოლოგია, თანამედროვე მართვის ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოში, ჩვენს მიმართულებაში ინოვაციაა. აღნიშნული ტექნოლოგია ევროპის მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე საწარმოშია დანერგილი, ხოლო მისი უფრო ფართო გამოყენება ამერიკის ახალი, თანამედროვე წარმოებებისთვის არის დამახასიათებელი.
ჩვენი უცხოელი პარტნიორების, კერძოდ, ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული ტექნოლოგიური კომპანიის შეფასებით, აღმოსავლეთ ევროპაში მსგავსი მაღალტექნოლოგიური საწარმო არ არსებობს. გერმანიაშიც კი ასეთი დონის მხოლოდ რამდენიმე ქარხანაა, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა.
როგორ აისახება ახალი საწარმოს ამოქმედება მომხმარებელზე? კონკრეტულად რა ცვლილებებს უნდა ელოდონ ასორტიმენტისა და ხარისხის თვალსაზრისით?
„ნიკორა“ ყოველთვის ხარისხთან, გემრიელ და სანდო პროდუქტთან ასოცირდებოდა. ახალი საწარმო საშუალებას გვაძლევს ეს უპირატესობები კიდევ უფრო გავზარდოთ და ახალ დონეზე ავიყვანოთ.

ამ ეტაპზე ნიკორა 130-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს. ამიერიდან შეგვეძლება ასორტიმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ. მათ შორის ახალ საწარმოში შეიქმნება პროდუქტები, რომლებიც ქართულ ბაზარზე აქამდე არ იწარმოებოდა. მომხმარებლებს შევთავაზებთ ხორცპროდუქტებს, რომლის ადგილობრივად დაგემოვნების საშუალება ამ დრომდე არ ჰქონდათ.
როგორ წარმოგიდგენიათ ბაზრის ცვლილებები? რა გავლენას მოახდენს ახალი საწარმო ბაზარსა და თქვენს კონკურენტებზე?
საწარმოს წარმადობა ძველთან შედარებით 2.5-ჯერ იზრდება და 24 საათში 45 ტონა მზა პროდუქტის გამოშვება შეუძლია. „ნიკორა“ დაარსების დღიდან ლიდერია საშუალო და საშუალოზე მაღალ სეგმენტში. ახალი საწარმო ამ პოზიციას კიდევ უფრო გაამყარებს და ბაზრის წილს გაზრდის.
წარმადობის სრული ათვისება ერთბაშად არ მოხდება. მართალია, მოთხოვნა იმაზე დიდია, ვიდრე აქამდე ვაწარმოებდით, თუმცა რესურსის სრულ ათვისებას ასორტიმენტის გაფართოება და სწორი სავაჭრო სტრატეგია დასჭირდება.

ჩვენი განვითარება, სავარაუდოდ, სხვა ადგილობრივ ბრენდებსაც უბიძგებს სიახლეებისკენ. კონკურენტებისთვის ეს იქნება სტიმული ცვლილებებისკენ.
რამდენად ფართოდ არიან წარმოდგენილი უცხოური ბრენდები ქართულ ბაზარზე და როგორ უწევთ მათ კონკურენციას? ახალი საწარმოს გახსნით ამ მიმართულებით რა შეიცვლება?
უკვე 10-15 წელია, უცხოური ბრენდები ინტენსიურად არიან წარმოდგენილი საქართველოში. მათი წარმადობა და წილი კონკრეტულ პროდუქტებში შეიძლება დიდია, მაგრამ ჩვენ 130-ზე მეტი დასახელების პროდუქტი გვაქვს და საერთო ჯამში კონკურენციას ვერ გვიწევენ.
უცხოური ბრენდები უმეტესად პრემიუმ სეგმენტშია წარმოდგენილი. ჩვენ უკვე შევქმენით პრემიუმ მიმართულება „მეტაბლეს“ სახელით და ახალი საწარმო საშუალებას გვაძლევს, ეს მიმართულება მაქსიმალურად განვავითაროთ. შესაბამისად, უცხოურ ბრენდებთან კონკურენციაც ახალ ეტაპზე გადადის, რადგან ჩვენ ამ ბაზარზე გააქტიურებას ვგეგმავთ.
რომელი ქვეყნის ნედლეულს იყენებთ? ასევე, საინტერესოა, როგორ ხდება ნედლეულის ხარისხის კონტროლი?
ნედლეულის რამდენიმე ძირითადი მომწოდებელი გვყავს. უდიდესი ნაწილი შემოგვაქვს ბრაზილიიდან, რომელიც ხორცის მიწოდების მსოფლიო ფლაგმანია. მიუხედავად იმისა, რომ მათთან მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და ვენდობით, თითოეულ პარტიას მაინც დეტალურად ვამოწმებთ ლაბორატორიულად.
რას გვეტყვით ქართულ ნედლეულზე, რამდენად აქვს ამ მიმართულებას განვითარების შესაძლებლობა? თქვენ თუ გაქვთ მზაობა, რომ ქართული ნედლეული გამოიყენოთ?
ქართული ნედლეულის გამოყენების შანსი ამ ეტაპზე დაბალია. ფიზიკურად არ არის ის ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ადგილობრივ ბაზარზე ხარისხი არასტაბილურია, რაც წარმოებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. პერსპექტივაში იმ ხარისხისა და მასშტაბის მისაღებად, რაც ჩვენ გვჭირდება, ქართული ნედლეულის ფასი ძალიან მაღალი იქნება, რაც პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს. საბოლოოდ კი ჩვენი მომხმარებელი დაზარალდება. ხარისხისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, თანახმა ვიქნებით ქართული ნედლეულის გამოყენებაზე.

რამდენ ადამიანს ასაქმებს ამ ეტაპზე „ნიკორა“ და რამდენად შეიცვალა ეს რიცხვი ახალი საწარმოს გახსნის შემდეგ? ახალი საწარმო სრულად მაღალტექნოლოგიური და ავტომატიზებულია. რა გავლენას ახდენს ეს დასაქმებულებსა და მათ რაოდენობაზე?
ავტომატიზაცია „ნიკორას“ შემთხვევაში ნიშნავს თანამშრომლის განვითარებას და არა სახლში გაშვებას. პირიქით, საწარმოს მასშტაბის ზრდასთან ერთად, თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდა და 500-ს გადააჭარბა. ავტომატიზაცია საშუალებას აძლევს ადამიანებს, ნაკლები ფიზიკური ძალისხმევით და მეტი გონებრივი ჩართულობით აკეთონ საქმე. ეს მათთვის განვითარების შესაძლებლობაა.
„ნიკორა“ ყველა მიმართულებით აგრძელებს განვითარებას, რაც საბოლოოდ პოზიტიურად აისახება როგორც ცალკეულ მომხმარებლებზე, ისე ქვეყნის ეკონომიკაზე.