თუ მოხდება „ქართული ოცნების“ გაფორმება, როგორც ავტორიტარული, ანტიდემოკრატიული რეჟიმის და, რა თქმა უნდა, ეუთო-ს ექსპერტული კომისიის დასკვნაში ძალიან დიდი ალბათობით, ზუსტად ეს იქნება ასახული, ეს იქნება შესაძლებლობა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ აამოქმედონ სხვა გაცილებით უფრო ეფექტური მექანიზმები, მათ შორის, სასანქციო, ვიდრე ის მექანიზმები, რომელიც მოქმედებს ახლა, ამ პერიოდში, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოსთან მიმართებით ეუთო-ს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას.
მისივე თქმით, შესაძლოა, ეუთო-ს ანგარიშის გამოქვეყნების დროისთვის, უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი აღარ იყოს და შესაბამისად, დასავლელ პარტნიორებს გაუმარტივდეთ სათანადო რეაგირება „ქართული ოცნების“ ქმედებებზე.
„ძალიან ტრაგიკულია „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება საქართველოსთან მიმართებით. ქვეყანა, რომელსაც აქვს ევროკავშირის წევრობის ამბიციები, ქვეყანა, რომელსაც აქვს დემოკრატიულობაზე ამბიცია, როდესაც ხდება „მოსკოვის მექანიზმის“ ყურადღების სფეროში, ეს ნიშნავს იმას, რომ არის ფუნდამენტური პრობლემები, რომელიც არის არამხოლოდ რაღაც გადაცდომები, იმიტომ, რომ გადაცდომები ყველა ქვეყანაში არსებობს, ვსაუბრობთ იმაზე, რომ არის ფუნდამენტური, სისტემური ხარვეზები და მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ, საკუთარი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. “მოსკოვის მექანიზმი“ არის ეუთო-ს მეორე მექანიზმი, „ვენის მექანიზმის“ შემდეგ, რომელიც ამოქმედდება საქართველოსთან მიმართებით. „ვენის მექანიზმი“ გულისხმობდა კომუნიკაციას მთავრობასთან და მთავრობის პოზიციის გაგებას გარკვეულ საკითხებთან მიმართებით. როგორც ჩანს, არადამაკმაყოფილებელი კომუნიკაცია შედგა და ახლა უკვე მოხდება „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება, რომელიც აღარ ითვალისწინებს უშუალოდ კომუნიკაციას. მთავარია, რომ ანგარიშის მომზადებისას იქნება რეალური, ადგილზე არსებული სიტუაციის შეფასება და ამ შეფასებაზე დაყრდნობით, უკვე ახალ საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებთან მიმართებით ამ სიტუაციის შეფასება. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ერთ დღეში გაკეთებული ანგარიში, ამას დასჭირდება გარკვეული დრო. თუმცა ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ ძალიან ნათლად დავინახავთ ყველა იმ სისტემურ გადაცდომას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია საქართველოში ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით, იქნება ეს შეკრების თავისუფლება, იქნება ეს აზრის გამოხატვის თავისუფლება, იქნება ეს ზოგადად, ადამიანის უფლებების მდგომარეობა, რომელიც ვხედავთ ყოველდღიურად, რომ სავალალოა და ყოველდღიურად ახალ-ახალი საკანონმდებლო დრაკონული მექანიზმები შემოაქვს „ქართულ ოცნებას“. საბჭოთა კავშირზე გაცილებით უარესი კანონებია მიღებული ბოლო პერიოდში. საბჭოთა კავშირთან შედარებით ის დრაკონული კანონები, რომელიც ახლახან მიიღეს, საერთოდ არ არის მოსატანი. ჩვენ უფრო ახლოს ვართ ამ კანონებით ჩრდილოეთ კავკასიასთან, ჩეჩნეთთან, კადიროვის მიერ აგებულ რეჟიმთან, ან ცენტრალური აზიის დიქტატურებთან, სადაც ადამიანის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს. მგონი, ჩვენ არ გვაქვს ბოლომდე გააზრებული, რამდენად დამანგრეველი არის მთელი ეს კანონები, რომელსაც იღებდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბოლო პერიოდში. ეს არის სრულიად განადგურება სიტყვის, აზრის, გამოხატვის თავისუფლების, ზოგადად, დემოკრატიული პრინციპების და ეს ყოველივე საერთოდ შეუთავსებელია დემოკრატიის ფუნდამენტურ ფასეულობებთან და საბაზისო თავისუფლებებთან, რომელიც უნდა გააჩნდეს ყველა მოქალაქეს.
„მოსკოვის მექანიზმი“ მანამდე ამოქმედებულა ბელარუსთან, რუსეთის ფედერაციასთან, ცენტრალური აზიის რესპუბლიკებთან მიმართებით. იქამდე იყო ბოსნია და ჰერცეგოვინაც. ძალიან აშკარაა, რა რეაგირება შეიძლება ჰქონდეს დასავლეთს, იგივე ბელარუსის გამოცდილებაზე დაყრდნობით. თუ მოხდება „ქართული ოცნების“ გაფორმება, როგორც ავტორიტარული, ანტიდემოკრატიული რეჟიმის და, რა თქმა უნდა, ამ დასკვნაში ძალიან დიდი ალბათობით ზუსტად ეს იქნება ასახული, ეს იქნება შესაძლებლობა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ აამოქმედონ სხვა გაცილებით უფრო ეფექტური მექანიზმები, მათ შორის, სასანქციო, ვიდრე ის მექანიზმები, რომელიც მოქმედებს ახლა, ამ პერიოდში.
სავარაუდოდ, ამ ანგარიშის გამოქვეყნების დროისთვის, აპრილი-მაისის შუალედი ან ოდნავ უფრო გვიან, უნგრეთში უკვე ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და დიდი ალბათობით, ორბანი ამ არჩევნებს წააგებს. შესაბამისად, უნგრეთი, რომელიც აქამდე ბლოკავდა ევროკავშირის საერთო ქმედებებს „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით, მათ შორის სასანქციო კუთხით, მოიხსნება. აქედან გამომდინარე, გაცილებით უფრო გაუმარტივდებათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს სათანადო რეაგირება მთელ იმ მავნებლობებსა და სიგიჟეებზე, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდში“,- განაცხადა მელაშვილმა.
გარდა ამისა, მან გადაცემაში სტუმრობისას „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დროს მიღებულ და დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს საქართველო გადააქციონ შუა აზიის მაგვარ დიქტატურად ან კადიროვის ჩეჩნეთად.
„ქართული ოცნება“ არის ავტორიტარული ძალა, თავისი ბუნებით, რომელსაც სურს ტოტალური კონტროლის დამყარება ქართულ საზოგადოებაზე. ამიტომ ისინი ცდილობენ, რომ უფრო და უფრო მეტად რეპრესიული კანონმდებლობა მიიღონ. ვინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს, მათ ესმით, რომ ამ კანონებით ქართული საზოგადოების გატეხა და დაშინება ბოლომდე ვერ გამოსდით. იღებენ სულ უფრო და უფრო მეტ რეპრესიულ კანონს, მაგრამ ხედავენ, რომ მათდამი ელექტორალური მხარდაჭერა კლებულობს და მეორე, ზოგადად, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ „ქართული ოცნება“ არის ავტორიტარული პოლიტიკური პარტია, რომელიც ცდილობს ტოტალური კონტროლის დამყარებას, რომლისთვისაც არც დემოკრატიაა მნიშვნელოვანი, არც ადამიანის უფლებები და საერთოდ უნდათ გადაგვაქციონ შუა აზიის მაგვარ დიქტატურად ან კადიროვის ჩეჩნეთად. ამიტომ ცდილობენ ჩაქოლონ ყველანაირი თავისუფალი სივრცე. აერთიანებენ უნივერსიტეტებს, ეს მორიგი მავნებლობა, რომელსაც ადგილი აქვს. უნდათ გადააქციონ საქართველო პატარა სოფლად, სადაც არის ერთი სუპერმარკეტი, ერთი უნივერსიტეტი, ერთი პარტია და ა.შ. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი შოუ იდგმება. იგივე ფასებთან დაკავშირებით, ეს ხომ არ არის რეაგირება იმ ფუნდამენტურ პრობლემაზე, რომელიც აქვს ქართულ საზოგადოებას. ეს არის მორიგი შოუ, რომლის მიზანია პური და სანახაობა, პურს ვერ ქმნიან და ცდილობენ, რომ სანახაობით გადაფარონ ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაში“, - განაცხადა მელაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ეუთო-ს წევრი 24 ქვეყანა ექსპერტულ მისიას ქმნის.
შესაბამის განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24-მა ქვეყანამ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ექსპერტული მისია შეიქმნას.