ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე - ვნანობ რაც გავაკეთე, ვიყავი ნასვამ მდგომარეობაში და თუ ციხეში არ გამიშვებთ, გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას - ცხოვრებაში ყველაფერი ხდება

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, პოლიციელზე ძალადობისთვის დაკავებულ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურა შარაშიძისთვის პატიმრობას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დავით შარაშიძის ადვოკატის ინფორმაციით, შარაშიძე ბრალს აღიარებს.

„მინდა პატივისცემა გამოხატო ყველას მიმართ. არასდროს ნასამართლევი არ ვყოფილვარ და ადმინისტრაციული დარღვევაც არ მქონია. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მოხდა ასეთი რამ. მე 4 წლის განმავლობაში ვიყავი მერი, ასევე საკრებულოს წევრი, ვემსახურებოდი საზოგადოებას, ჩოხატაურელებს, ვემსახურებოდი ყველას და მყავს მცირეწლოვანი შვილი, პენსიონერი ბებო, ვნანობ, რაც გავაკეთე, მაგრამ ჩემს ნაცხოვრებს და განვლილ პერიოდს თუ გაიხსენებთ, დიდი მადლობელი ვიქნები თუ არ გამოიყენებთ პატიმრობას.

ვინანიებ, ვნანობ რაც გავაკეთე. ვიყავი ნასვამ მდგომარეობაში და თუ ციხეში არ გამიშვებთ, გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას. პოლიციის უფროსის მოადგილე რომ მოვიდა, მასთან ერთად გამოვიყვანე დაზარალებული და ბოდიში მოვუხადე და ამის შემდეგ წავედი სამხარეო ადმინისტრაციასთან და მოვითხოვე, სამმართველოს უფროსთან, ზაზა ცხაკაიასთან შეხვედრა და არ მოხერხდა.

ამის შემდეგ , სამხარეოს უფროსის მოადგილემ, ბესო ბოლქვაძემ დამირეკა გიბარებს უფროსიო და ჩემი მანქანით ჩამოვედი. გულით სულით და მთელი არსებით გთხოვთ გაითვალისწინოთ ყველაფერი და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება", - განაცხადა სხდომაზე დავით შარაშიძემ.

ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

კერძოდ,უწყების ცნობით, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა