ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული

მთავრობის მიერ დამტკიცებული „ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის“ განხორციელების პრობლემურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს ასოცირებულ პროფესორს, ზაქარია ქიტიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაქარია, ზოგადი განათლების ახალ კონცეფციაზე სასაუბროდ შეგეხმიანეთ, მაგრამ მას შემდეგ რაც განათლების მინისტრმა გივი მიქენაძემ განაცხადა რომ მიღებულია გადაწყვეტილება თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების შესახებ საუბარი ამ თემით უნდა დავიწყოთ.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებაზე საჯარო სივრცესა და სოციალურ ქსელში ბევრი მოსაზრება გამოითქვა, მაგრამ მაინც გკითხავთ - თქვენ როგორ შეაფასებდით თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას?

- ყველა დაინტერესებულმა მხარემ თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების შესახებ ტელევიზიით შეიტყო. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, სახელმწიფოს აქვს უფლება მის „ბალანსზე“ მყოფ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ისე მოექცეს, როგორც ექცევა, ცხადია, მხოლოდ კანონიერების ჩარჩოებით არ შეიძლება განიხილოთ.

განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული. ამ გადაწყვეტილების მიღება, თუკი პროფესორ-მასწავლებლებისა თუ ადმინისტრაციის შემცირებასა და სტუდენტთა კვოტირებას არ გულისხმობს, როგორც მინისტრმა განაცხადა, ჩემთვის პირადად გაუგებარია.

რაღაც „ერთიანი კეთილი იდეის“ ეგიდით უნივერსიტეტების ავტონომიურობის ხელყოფა, ინსტიტუციური და ისტორიული მეხსიერების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ინსტიტუციური იდენტობის, აკადემიური ეკოსისტემის გაქრობის პირობის შექმნა,

ცხადია, ამგვარი გადაწყვეტილება, მინიმუმ, მეტ არგუმენტირებას, მტკიცებულებებსა და მაღალი სიზუსტის მასშტაბური კვლევების ჩატარებას მოითხოვს.

ამ ყოველივეს გარეშე მიღებული გადაწყვეტილება ვერანაირ მოსალოდნელ რისკს ვერ დააზღვევს და დიდ ალბათობას აჩენს უშედეგო და დამაზიანებელი აღმოჩნდეს ორივე უნივერსიტეტისთვის.

- მიმდინარე კვირას საქართველოს მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა.

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა განკარგულებას „ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის დამტკიცების შესახებ. მასში ნათქვამია რომ „საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგას.დოკუმენტის თანახმად, არსებული სისტემა სრულად ვერ უზრუნველყოფს ისეთი განათლების მიწოდებას, რომელიც მოსწავლეს ჩამოაყალიბებს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის მქონე, კონკურენტუნარიან მოქალაქედ.

კონცეფციაში ასევე ნათქვამია რომ ეროვნული მიზნები ეფუძნება პრიორიტეტების ვრცელ ჩამონათვალს. აღწერილია საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი. როგორ შეაფასებდით ზოგადად კონცეფციას და იმ პრიორიტეტებს, რასაც ის ეფუძნება?

- ნებისმიერ მნიშვნელოვან ცვლილებას სჭირდება სიტუაციის ღრმა ანალიზი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული დაგეგმვა და, იმავდროულად მონაწილე მხარეების ინტენსიური ჩართულობა.

ეს არ არის მხოლოდ კეთილი ნება, ეს არის ინსტიტუციური ვალდებულება. მიმდინარე განათლების რეფორმის სიახლეებს განათლების სპეციალისტები, აკადემიური საზოგადოება, განათლების სამინისტროს სსიპ-ები, მშობლები, სტუდენტები, მოსწავლეები - ყველა დაინტერესებული თუ პოტენციურად მასში მონაწილე მხარე მთავრობისა თუ სამინისტროს ბრიფინგებიდან ვიგებთ.

ნებისმიერ ხელისუფალს საზოგადოებასთან აქვს ერთგვარი სოციალური კონტრაქტი, რაც, იმავდროულად, ხელისუფალის დემოკრატიული ლეგიტიმაციის წყაროცაა. თუ საჯარო პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპიდან ამოვალთ, რადგან განათლება საჯარო სიკეთეა და მისი ხელმისაწვდომობა და ხარისხი როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო რეგულაციითაა გარანტირებული, გადასახადის გადამხდელი, პროცესის მთავარი სუბიექტები, შესაბამისი მაღალკვალიფიციური საექსპერტო კორპუსი ერთობლივად უნდა იღებდეს ასეთი რთული და მასშტაბური ცვლილებების დაგეგმვაში მონაწილეობას.

ეს ყოველივე ამ ეტაპზე უგულებელყოფილია. შესაბამისად, დიდი კითხვის ნიშნები უჩნდება მიმდინარე პროცესებისადმი საზოგადოებას. რაც შეხება თავად კონცეფციას, როგორც განათლების რეფორმის მთავარი დოკუმენტი, მნიშვნელოვან პრობლემებს ავლენს:

ერთ სიბრტყეზე განიხილავს პირველხარისხოვან და მეხუთეხარისხოვან საჭიროებებს

უაპელაციოდ, მსჯელობს და ასკვნის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც კვლევებსა და კონკრეტულ მტკიცებულებებს უნდა დაეყრდნოს. ტექსტუალური ლოგიკა უაღრესი სუბიექტივიზმითა და არამეცნიერული კონტექსტით გამოირჩევა;

მნიშვნელოვანწილად არ ითვალისწინებს საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრისთვის სახელმწიფოს მიერვე დაკვეთილი მნიშვნელოვანი კვლევების შედეგებს;

პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ შემოთავაზებული გადაჭრის გზების მნიშვნელოვანი ნაწილი წინააღმდეგობაში მოდის განათლების დარგში არსებულ ქრესტომათიული ხასიათის კვლევებთან;

კონტექსტი და სტილისტიკა დოკუმენტისა ბრალმდებლის პოზიციიდანაა დაწერილი, თითქოსდა დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ხელისუფლებაში ყოფნის ყველაზე მეტი ვადა ამ პოლიტიკურ კოჰორტას არ აქვს.

- სასწავლო რესურსებზე საუბრისას ყურადღებაა გამახვილებული იმაზე, რომ „თავისუფალმა და კონკურენციის ხელშეწყობის პოლიტიკამ ვერ უზრუნველყო ისეთი მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოების შექმნა, რომლებიც მოსწავლეს მისცემს თითოეული საგნისთვის აუცილებელ საბაზო ცოდნას, განუვითარებს სისტემური აზროვნებისა და ღრმა გაგების უნარს.

დღეს სახელმძღვანელოთა ნაწილი მოსწავლეს მხოლოდ ფრაგმენტულად აწვდის სასწავლო მასალას. სასწავლო რესურსებზე მსჯელობისას ასევე საუბარია იმაზე რომ ერთსა და იმავე კლასში, ერთსა და იმავე საგანში გვაქვს რამდენიმე სახელმძღვანელო, რაც ვერ უზრუნველყოფს ვერც ერთიან მიდგომას და ვერც სწავლის თანაბარ ხარისხს.

შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმაზე თუ რა ვადებში და როგორ შეიძლება დაიძლიოს ის პრობლემები, რაზეც ქვეთავში „სასწავლო რესურსები“ არის საუბარი. ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

  • დავიწყებ იმით, რომ ხელისუფლების მთავარი არგუმენტი - „ერთიანი მიდგომა“ - ურევს ორ ფუნდამენტურ ცნებას:

ეროვნული სასწავლო გეგმა (ესგ): ეს არის დოკუმენტი, რომელიც ადგენს რა უნდა იცოდეს მოსწავლემ (სტანდარტი). ეს არის ის „ერთიანობა“, რაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.

სახელმძღვანელო კი მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას მივაღწიოთ ამ შედეგს. „ერთი სახელმძღვანელოს იდეა“ გულისხმობს, რომ ყველა ბავშვი ერთნაირად აზროვნებს, ყველა მასწავლებელს სწავლების ერთი სტილი აქვს და ყველა სკოლას ერთნაირი რესურსი გააჩნია. ეს პედაგოგიკური თვალსაზრისით მცდარია.

ეს ინიციატივა გამოკვეთს რამდენიმე პრობლემას:

კონკურენციის არარსებობა: როცა ავტორებსა და გამომცემლებს შორის არ არის პაექრობა, ხარისხი აუცილებლად ეცემა. არ არსებობს მოტივაცია უკეთესი დიზაინის, უფრო საინტერესო ამოცანების ან ინოვაციური მეთოდების შესაქმნელად.

პედაგოგიური თავისუფლების შეზღუდვა - მასწავლებელს აქვს საგნის ხედვა, ფლობს გარკვეულ მეთოდიკურ კორპუსს, იდენტიფიცირებული აქვს მოსწავლეთა საჭიროებები, ირჩევს, მათ შორის, პედაგოგიური ალღოთი თუ გემოვნებით. ეს ყველაფერი ერთი სახელმძღვანელოს პირობებში უგულებელყოფილია.

იდეოლოგიური კონტროლის რისკი: ერთი სახელმძღვანელოს პირობებში სახელმწიფოს ეძლევა ცდუნება, ისტორიის ან ლიტერატურის ინტერპრეტაცია მოახდინოს მხოლოდ ერთი, მისთვის მისაღები კუთხით.

გარდა ამისა, ერთი სახელმძღვანელო ხარისხს რომ გაათანაბრებს და ხელმისაწვდომობას გაზრდის, კვლევებით არ დასტურდება. ხარისხის სხვაობა სკოლებს შორის გამოწვეულია არა სხვადასხვა სახელმძღვანელოთი, არამედ მასწავლებელთა კვალიფიკაციით, სოციალური ფონით და სასკოლო გარემოთი.

ერთი და იგივე წიგნი „ძლიერ“ და „სუსტ“ სკოლაში ხარისხს ვერ გაათანაბრებს, პირიქით - შესაძლოა ერთისთვის ზედმეტად რთული აღმოჩნდეს, მეორისთვის კი ზედმეტად მარტივი.

თანამედროვე განათლება დგას დიფერენცირებაზე, უნივერსალური დიზაინის მიდგომაზე, ინკლუზიურობასა და ინდივიდუალიზმის პრინციპებზე. ეს ყოველივე კი ამას ეწინააღმდეგება.

ასეთი ცვლილების სიკეთე ოდენ ლოგისტიკური სიმარტივითა და კონტროლის ბერკეტის შენარჩუნებით შეიძლება იყოს განპირობებული. და მთავარი, სრულად იცვლება კურიკულუმი, რომელიც არავინ იცის, როგორია და უკვე, როგორც პროფესიულ წრეებში ვიცით, სახელმძღვანელოების ჯგუფებს სამინისტრომ დააწყებინა მუშაობა. ანუ შინაარსი არ არის დამტკიცებული, გარდაქმნილი და სახელმძღვანელოები იწერება. ეს ცალკე ნონსენსია. -სასკოლო ცხოვრებაზე მსჯელობა კრიტიკულია, მაგრამ პროგრამების შესაბამისად და სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესება როგორ უნდა იქნას მიღწეული, გაუგებარია.

თქვენ როგორ გაიგეთ, ეს როგორ უნდა მოხდეს?

- ამაზე მარტივად გიპასუხებთ, ამ დოკუმენტის მიხედვით, რთული დასადგენია. გაჟღერებულია უნივერსალური რეკომენდაციები, რასაც ისედაც ვისმენთ 20 წელია და იკითხება გაუმჯობესების დაუოკებელი სურვილი.

- კონცეფციაში განათლების საფეხურებს შორის მსჯელობა ბევრ პასუხგაუცემელ კითხვებს აჩენს. უკვე ვიცით, რომ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც პირველკლასელთა ასაკი განისაზღვრება 6 წლით, ხოლო მე-11 კლასში შეიქმნება რეპეტიტორიუმი. ასევე ვიცით, რომ 2028 წლისთვის დასრულდება ერთი სახელმძღვანელოს პრინციპზე მუშაობა.

თუმცა, კონცეფციაში მკაფიოდ არ ჩანს სად მთავრდება დაწყებითი განათლება, მეტიც რეპეტიტორიუმზე მსჯელობა ტოვებს განცდას რომ საშუალო სკოლა სულაც არაა საშუალო სკოლა, იმას ჰგავს, რასაც სსრკ-ს დროს არასრული საშუალო განათლება, ანუ 8 კლასის დამთავრება ერქვა. რამდენად ჰგავს დამტკიცებული კონცეფცია იმას, რასაც სსრკ-ს დროინდელ 8 წლიან, არასრულ საშუალო განათლება ერქვა? და რომლის შემდეგაც მოსწავლეებს პროფესიულ სასწავლებლებში აგზავნიდნენ?

- საკითხს შევხედოთ ასე. მოგაწვდით ზოგადი განათლების კანონში ბოლო 4 წელში შესულ ცვლილებებს სკოლაში ჩარიცხვის ასაკის ცვლასთან მიმართებით და თავად დარწმუნდება მკითხველი, რეფორმატორების თანმიმდევრულობაში:

სწავლის დაწყების ასაკი ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი, მე-6 მუხლის მიხედვით:

  • „ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს 1 ოქტომბრამდე უსრულდება.“ 1.12.2022წ.
  • “პირი, რომელსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 1 ნოემბრამდე უსრულდება...“ 03.05. 2023წ.
  • “პირს, რომელსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება...“ (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან) 15.12.2023წ.
  • ბავშვის საუკეთესო ინტერესების, მისი სოციალურ-ემოციური მზაობისა და განვითარების ტემპის გათვალისწინებით, სკოლის ასაკი განისაზღვრება 6 წლით. ეს გულისხმობს მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდა 6 წელი. - კონცეფციის პირველი გამოქვეყნებული ვერსია.

რაც შეეხება საფეხურებს, 2005 წლიდან მოყოლებული, 2024 წლამდე საბაზო საფეხური 7-9 კლასები იყო, ხოლო 18. 07. 2024 წელს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 2 - ვკითხულობთ:

ო) ზოგადი განათლების საფეხურები – სრული ზოგადი განათლების 3 საფეხური საქართველოში: დაწყებითი (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო (4 წელი − VII−X კლასები) და საშუალო (2 წელი − XI და XII კლასები); (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)]

ეს ცვლილება შევიდა განათლების სამინისტროს ინიციატივით, რადგან იგეგმებოდა ახალი ესგ-ის დანერგვა და ზოგადი განათლების თვისებრივი გადაწყობა. ანუ, არავინ 1 წლით ადრე, თავად სამინისტროშიც კი, არ იცოდა, რა იგეგმებოდა. შემდეგ, ერთ წელიწადში, ყველა ეს ცვლილება ჩერდება და გვაქვს სურათი:

დაწყებითი (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო (3 წელი − VII−IX კლასები) და საშუალო (2 წელი − X - XI კლასები).

ცხადია, განათლების პოლიტიკის თანმიმდევრულობასა და ანგარიშვალდებულებაზე საუბარი ზედმეტია.

რაც შეეხება 9 კლასს + მე-10 კლასი + რეპეტიტორიმი + შესაძლო მე-12 კლასი.

სწავლის შედეგებს საქართველოში ზომავს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო, რომლის მიხედვით, საბაზო საფეხურის (სავალდებულო განათლების საფეხური) სწავლის შედეგი მიიღწევა ჩარჩოს მეორე დონეზე. ხოლო სრული, აწ უკვე 11 კლასის განათლების სწავლის შედეგი მიიღწევა ჩარჩოს მე-4 დონეზე. მხოლოდ ამ საფეხურების აღმწერებში ჩახედვაც კი კმარა, არასპეციალისტი ადამიანის მიერ, რომ მიხვდე, შეუსრულებელ მისიასთან გვაქვს საქმე.

9 კლასის ცოდნას ემატება ერთწლიანი ზოგადი განათლების კონტექსტი და ოდენ. მე-11 კლასში ის ცოდნა, უნარები და ღირებულებები ვერ გამომუშავდება, რადგან 3 ან 4 საგნის გამოცდებისთვის მეცადინეობა არ არის ზოგადი განათლება. შესაბამისად, სახელმწიფო მოახერხებს, რომ 11 კლასის შემდეგ გაუშვას მოსწავლე, რომელსაც ამავე სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის შედეგი ვერ ექნება მიღწეული.

ცალკე თემაა, პოტენციური 11 კლასს + 3-წლიანი ბაკალავრიატი, რომლის ანალოგი რთული მოსაძებნია განვითარებულ დასავლურ ქვეყნებში. და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ:

ადამიანური კაპიტალის თეორიის მიხედვით, ინდივიდუალურ დონეზე თითოეული დამატებითი წელი ფორმალური განათლების სისტემაში (სკოლა, უნივერსიტეტი) ზრდის ინდივიდის შემოსავალს (ე.წ. მინცერის უკუგების კოეფიციენტი).

ეროვნულ დონეზე კი მოსახლეობის საშუალო განათლების დონის ზრდა (მაგალითად, ერთი დამატებითი სასწავლო წლით) აუმჯობესებს შრომის პროდუქტულობას და აჩქარებს ეროვნული ეკონომიკის ზრდის ტემპს. ამას განათლების სოციალური უკუგებას უწოდებენ.

- მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და პროფესიული განვითარების სისტემაზე მსჯელობა ბევრი თვალსაზრისით ობიექტურია, მაგრამ, აქაც, მიუხედავად იმისა რომ პრობლემები სწორადაა დანახური, არასაკმარისად გამოიყურება მათი დაძლევის გზები.

განსაკუთრებით იმ ვითარებაში როცა სკოლის მასწავლებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი გამოცდებს იმ საგანში ვერ აბარებს, რომელსაც ასწავლის...

- მასწავლებელთა გამოცდების როლი ახალდამტკიცებული სქემით შედარებით დაჩრდილულია, თუმცა კვლავ დატოვებულია, როგორც ცვლადი.

კონცეფციის კონტექსტის მიხედვით ამ საკითხზე საუბარი რთულია, რადგან მოითხოვს, იმავდროულად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ანალიზსაც, რისი ფორმატიც ახლა არ გავქვს. ერთი, რაც შეიძლება ითქვას ისაა, რომ სახელმწიფო მასწავლებლის სახელფასო თუ პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავებისას ყველა ისრის მასწავლებლის პასუხისმგებლობად გადატანითაა დაკავებული ბოლო ოცწლეულია და საკუთარი პასუხისმგებლობის წილი და ვალდებულებები მეტ-ნაკლებად ემსუბუქება.

მარადიული გარდაქმნისა და რეფორმების შედეგია თუნდაც ამ ეტაპზე მასწავლებელთა ასეთი ინერტულობა ზოგად განათლებაში მიმდინარე მოვლენებისა, რადგან მათ აქვთ ერთგვარი დასწავლილი ქცევა, რომელიც სახელმწიფომვე გამოუმუშავა.

ყველა დიდი და მქუხარე რეფორმა და ინიციატივა 2-3 წელიწადში გაკრიტიკებულია და ისტორიის ანალებშია მოსროლილი. მასწავლებლების უმრავლესობა ხელმძღვანელობს სოლომონის ბეჭდისეული წარწერით - „ესეც გაივლის“.

- კონცეფციაში ვრცლადაა საუბარი მართვისა და დაფინანსების სისტემაზე. მართვისა და დაფინანსების ახალ სისტემას როგორ შეაფასებდით? და კიდევ, პრაქტიკაში იგი რას გამოიწვევს?

- მართვისა და დაფინანსების სისტემის შეფასებისთვის ეს კონცეფცია კონკრეტულ ინფორმაციას არ იძლევა, შესაბამისად, ჩემი მსჯელობა სპეკულაციური რომ არ გამოვიდეს, თავს შევიკავებ.

- თავში - „ფუნდამენტურ ცოდნასა და ღირებულებებზე დამყარებული სასწავლო შინაარსი,“ თითქოს ბევრი სიახლეზეა საუბარი, მაგრამ, იმავდროულად ბევრი რამეცაა გაუგებარი.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმ სიახლლებს, რომელიც ნავარაუდევია როცა „ფუნდამენტურ ცოდნასა და ღირებულებების შინაარსზეა საუბარი?

- აქ მოკლედ გიპასუხებთ - ურთულესია ესგ-მა, ერთი წლის წინ 10 + 2 ფორმატით დაწერილი დოკუმენტი გადააქციო 9+1+რეპეტიტორიუმი+ მე-12 კლასი.

ცალკე აღნიშვნის თემაა, რომ კონცეფცია თან საუბრობს ფუნდამენტური საგნების გაძლიერებაზე საბაზო საფეხურის აწ უკვე 3 წელში და პლუს დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ პროგრამა განსატვირთია.

ამას ამატებს, რომ უნდა განავითაროს პროფესიული უნარების მიმართულება და კარიერული დაგეგმვა. მოკლედ, ვფიქრობ, ამ თამამ განცხადებებსა და ხედვებს რეალური მტკიცებულებების არქონა და განათლების მეცნიერებაში შექმნილი მნიშვნელოვანი კვლევებისა თუ მიგნებების არგათვალისწინება შეიძლება განაპირობებდეს.

- ქვეთავში - „მართვისა და დაფინანსების მოქნილი მექანიზმი,“ საუბარია სკოლის გაზრდილ ავტონომიაზე, რომლის პროცესში გადამწყვეტი როლი უნდა შეიტანოს რესუსცენტრებმა.

ვითარებაში, როცა სკოლებს კი არა უმაღლეს სასწავლებლებს პრაქტიკულად არარ აქვთ ავტონომია, სკოლების ავტონომიაზე საუბარიც გაუგებარია, რადგან, უკვე ვიცით, რომ პრაქტიკულად ყველა სკოლებში ერთი და იგივე სახელმძღვანელოები იქნება.

საუბარია სკოლისა და ოჯახის თანამშრომლობაზე, მშობლებთან პირდაპირ კავშირებზე, მეტ ღიაობასა და გამჭირვალეობასა და მოქნილი რეაგირების მექანიზმების შემუშავებაზე.

„სკოლის დაფინანსების არსებული მოდელი გაუმჯობესდება და გახდება სკოლის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და განვითარების შესაძლებლობებზე ორიენტირებული“, - ნათქვამია ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში.

მართვაში, თითქოს ახალიც არაფერია, თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც „მართვისა და დაფინანსების მოქნილი მექანიზმს,“ ეხება?

- მართვასა და დაფინანსების მოდელზე ამ კონცეფციის მიხედვით ვერაფერს გეტყვით, აქაც სურვილებისა და ლოზუნგების პათოსია, თუმცა არაფერი ხელშესახები. ეს ყველაფერი, რასაც აპირებს ხელისუფალი სხვადასხვა პროფესიული თუ ეთიკის სტანდარტით, სკოლების ავტორიზაციის სტანდარტებით, საჯარო სკოლის წესდებებითა და რეგულაციით, ისედაც გაწერილია.

ჩვენ ამ მიმართებით რეალურად გვაქვს 2 მსხვილი პრობლემა - ანგარიშვალდებულების სისტემის მოშლა და არსებული რეგულაციების განხორციელების არასახარბიელო პრაქტიკა. სკოლის ავტონომიაზე აღარ ვისაუბრებ, ისედაც ყველაფერი ხელის გულზე დევს. აქცენტს გავაკეთებ სკოლის ფუნქციონირების თვალსაზრისით სიახლედ შემოთავაზებულ რამდენიმე ასპექტზე:

ფორმა დაწყებით კლასებში - ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლში 2005 წლიდან წერია: „6. სკოლას უფლება აქვს დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლის და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დასაბუთებული უარი თქვან სასკოლო ფორმის ტარებაზე.“ ახლა ეს ჩანაწერი შეიცვლება, სკოლის ავტონომია და მშობელთა ნება შეიზღუდება და 1-6 კლასებში სავალდებულოდ გვექნება ფორმა.

ეს ცვლილება სოციალური განსხვავებისა და ბულინგის შემცირების საშუალებად შემოგვთავაზა სამინისტრომ. ამ დროს აკადემიური ლიტერატურა, ბევრი კვლევა საპირისპიროზეც კი მიუთითებს: სასკოლო ფორმასა და ბულინგის შემცირებას შორის პირდაპირი კორელაცია თითქმის არ არსებობს.

ბულინგი ხშირად იცვლის ფორმას — თუ სამოსი ერთნაირია, აგრესია გადადის ფეხსაცმელზე, ტელეფონებზე, აქსესუარებზე ან ფიზიკურ მახასიათებლებზე. არც ფორმასა და სწავლის ხარისხსა თუ ქცევას შორის არის კვლევებში დადასტურებული მაღალი კორელაცია. ცალკე საკითხია ის, რომ თუ განვითარების ფსიქოლოგიას დავეკითხებით და ასაკობრივ თავისებურებებს გავითვალისწინებთ, დაწყებით კლასებში (1-6) ბავშვები უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი მასწავლებლის ავტორიტეტსა და წესების დაცვაზე.

ბულინგის პიკი და სოციალური სტატუსით მანიპულირება სწორედ მოზარდობის ასაკში (12-15 წელი) იწყება, რაც მე-7 კლასიდან ზემოთ პერიოდს ემთხვევა. სავარაუდოდ, ხელისუფლება ამას „ნაკლები წინააღმდეგობის“ გზით აკეთებს. დაწყებითი კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები უფრო ადვილად ეგუებიან მსგავს რეგულაციებს, ვიდრე თინეიჯერები, რომლებისთვისაც თვითგამოხატვა (მათ შორის ჩაცმულობით) კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

თუმცა, ლოგიკურად, თუ მიზანი ბულინგის პრევენციაა, რეფორმა სწორედ ზედა კლასებს უნდა ეხებოდეს. ერთადერთი, რაც კვლევებით დადგენილია, სკოლისადმი მიკუთვნებულობას ფორმა განაპირობებს. ეს ყოველივე კი ცალსახად სასკოლო ავტონომიურობის შეზღუდვას განაპირობებს. როგორც წესი, როცა სახელმწიფო აანონსებს ცენტრალიზებულ ვალდებულებას, ეს ხშირად აღიქმება როგორც მცდელობა, შეიქმნას „წესრიგის განცდა“ იქ, სადაც შინაარსობრივი რეფორმები (მაგ. ფსიქოლოგების რაოდენობის ზრდა, SEL - სოციალურ-ემოციური სწავლების დანერგვა) ფერხდება.

მობილური ტელეფონი კლასში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სკოლების ავტორიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტები 2023-ში მოცემულია სკოლის შინაგანაწესი, რომელშიც ვკითხულობთ:

მუხლი 29. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა და პასუხისმგებლობის სახეები - 1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება: დ) სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა;

შესაბამისად, ესეც ვერ არის სიახლე. მით უფრო, რომ აქ აქცენტი სწორად არის გაკეთებული არასასწავლო მიზნით გამოყენებაზე და არა აბსოლუტურ შეზღუდვაზე. მე თავად 20წლიანი სტაჟი მაქვს სკოლაში მასწავლებლად მუშაობის და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ საბაზო და საშუალო საფეხურზე, სწორედაც რომ რესურსების არქონის პირობებში, ტელეფონი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო ჩემთვის სასწავლო მიზნებზე გასასვლელად.

სანამ საქართველოს მასშტაბით მასწავლებელსაც და მოსწავლესაც ერთდროულად ავუკრძალავთ მობილურ ტელეფონს და ამას რეფორმის მონაპოვარს დავარქმევთ, მანამდე ასევე საქართველოს მასშტაბით სახელმწიფომ უზრუნველყოს ყველა სკოლაში ხარისხიანი სწრაფი ინტერნეტი და ყველა კლასში სმარტდაფები. მაშინ შეიძლება გავიზიარო ეს ცვლილება.

საცხოვრებელთან ახლოს სწავლის შესაძლებლობა

რეფორმის ამ „სიახლეზე“ უნდა აღვნიშნოთ, რომ ესეც 2005 წლიდან წერია ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის, მე-7 მუხლში:

„1. სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის მიერ მის საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს ზოგადი განათლების სახელმწიფო ან მშობლიურ ენაზე მიღების უფლებას.“ ახლა თუ ეს ვალდებულებად გადაიქცა, ვფიქრობ, რომ თავად სახელმწიფოს შეექმნება პრობლემა, რადგან სასკოლო შენობის რესურსებით ვერ გაწვდება მოთხოვნას.

- კონცეფციაში ნათქვამია, რომ იგი მიზნად ისახავს მოსწავლეთა ჯანსაღი კომუნიკაციისა და ქცევის მოდელის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

ამასთან, გეგმის ფარგლებში გაიზრდება მანდატურების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობა, ხოლო ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი მხარდაჭერის სერვისებით.

კარგია, რომ კონცეფციაში საუბარია სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, რომლის სივრცეები გონივრულად უნდა იქნას ათვისებული...

- და აქამდე ვინ უშლიდა ხელს სახელმწიფოს, აეშენებინა სკოლები, უზრუნველეყო რესურსულად, ეფიქრა და განეხორციელებინა ყველა ის კანონით ისედაც დაკისრებული ვალდებულება, რაც საერთაშორისო თუ ეროვნულ ჩარჩო-დოკუმენტებში თავადვე აქვს გაწერილი. 2005 წლიდან მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, ინკლუზიური განათლების პრინციპი და მრავალი სხვა ხომ ისედაც გამოცხადებული აქვს პრიორიტეტად.

რა გითხრათ. ეს იმას ჰგავს, მე, როგორც ლექტორი რომ გამოვიდე და ვთქვა, რომ ხვალიდან ჩავატარებ საინტერესო ლექცია-სემინარებს, გავითვალისწინებ ხარისხის მართვის შიდა თუ გარე რეგულაციებს სწავლებისა და კვლევის პროცესში, პრაქტიკას დავაფუძნებ სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების კონცეფციასა და უახლეს სამეცნიერო კვლევებს და ა.შ.

და ამას შემოგთავაზებთ, როგორ მიგნებასა თუ სიახლეს და მადლობას გადაგახდევინებთ. ერთ შენობაში შესახლებული სკოლები, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების არქონა ან არაჯეროვანი ხარისხის, სასწავლო რესურსზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, რეგიონის მცირეკონტიგენტიან სკოლებში განათლების ხარისხის თანაბარი ხელმისაწვდომობის პრობლემები და ა.შ.

14 წელია განათლებისა და მეცნიერების სხვადასხვა პერიოდის სტრატეგიებში ისედაც იყო გაწერილი და გაუმჯობესების ნიშნულები და ვადებიც დათქმული. ჰოდა, დავიწყოთ ჯერ პასუხისმგებლობითა და ანგარიშვალდებულებებით. როცა სასწავლო გარემოზე ვლაპარაკობთ, მანდატურებისა და ტერიტორიაზე რბილი ე.წ. პუფების განთავსებაზე უმნიშვნელოვანესი გამოწვევა 2 რამ არის, სასკოლო საპირფარეშოები და სასკოლო კვების საკითხი. მოსწავლის ფსიქო-ემოციური კარგად ყოფნასა და პოზიტიური კომუნიკაციის ფორმებზე საუბარი იწყება შემდეგ, რაც პირველადი მოთხოვნილებებია დაკმაყოფილებული. ეს მასლოუა - ნაკლებად ჩემი დასკვნა.

- კონცეფციის დამტკიცებამდე მინისტრი გივი მიქენაძეs და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებs დედაქალაქში და რეგიონებში სკოლის მასწავლებლებთან და განათლების სფეროში დასაქმებულებთან ჰქონდათ შეხვდრები.

ამ შეხვედრებზე მწირი ინფორმაცია გვაქვს, არ ვიცით რეალურად როგორ შეხვდნენ მასწავლებლები მთავრობის მიერ უკვე დამტკიცებულ კონცეფციას, მაგრამ, ვიცით ის, რომ შინაარსობრივად როგორიც არ უნდა იყოს განათლების რეფორმა, მის განსახორციელებლად მასწავლებლებიც უნდა იყვნენ მზად და მშობლებიც.

რამდენად მზად არიან მასწავლებლები და მშობლები იმისათვის, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი განათლების სისტემის რეფორმა წარმატებით განხორციელდეს?

- ძალიან მოკლედ გიპასუხებთ - „ზემოთ“ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა და მის უალტერნატივობაში დარწმუნების მცდელობას ვერ დავარქმევთ მონაწილე მხარეებისა და დამკვეთების ჩართულობასა და მონაწილეობას.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა