თორნიკე ართქმელაძე - თუ აქამდე კანონებს რუსულს ვეძახდით, რასაც გეგმავენ, რუსულ კანონზე გაცილებით უარესია - „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა მძევლად აიყვანა

„ქართული ოცნება“ უკვე ყველაფერზე მიდის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. თუ ქვეყანაში მცირე დოზით მაინც იქნება სიტყვის თავისუფლება, იქნებიან ადამიანები, რომლებიც თავისუფლად შეძლებენ საუბარს, აღიქვამს თავის ეგზისტენციალურ პრობლემად და ხედავს, რომ მცირე თავისუფლების ფონზეც კი შესაძლოა დაკარგოს ძალაუფლება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, თორნიკე ართქმელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ „ქართული ოცნების“ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით განაცხადა.

მას ასევე საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმის” გააქტიურებასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელსაც ეუთო-ს 24 ქვეყანა უერთდება.

ართქმელაძის აზრით, ეუთო-ს მისია, ერთი მხრივ, BBC-ის მიერ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტის გამო ჩამოდის, ასევე, იმ კანონების გამო, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ბოლო პერიოდში მიიღო და რომლის შემდეგად “მთელი ქვეყანა მძევლად აიყვანა”.

„ეს ამბავი მოწმენდილ ცაზე არ მომხდარა. ჩვენ გვახსოვს BBC-ის ძალიან ცნობილი გამოძიება სავარაუდო ქიმიური მოწამვლის შესახებ, რომლის გამოძიებაც ქართულმა სახელმწიფომ რეკორდულ დროში, ხუთ დღეში დაასრულა ისე, რომ არც მთავარი მოწმეები გამოუკითხავს, რა გამოიკვლიეს, არ ვიცით და ა.შ.

ეს არის სერიოზული ეჭვი, რომელიც ალბათ, პირველი და უმთავრესი იქნება, რაც უნდა შეისწავლოს ეუთო-მ. უნდა გვესმოდეს, რომ ბრალდება არის ძალიან მძიმე. ქიმიური იარაღის გამოყენება და თან მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, არის უმძიმესი კონვენციური დანაშაული და ისინი ამაში არიან ბრალდებულები, მათ კი ვერ წარმოადგინეს ჯერჯერობით ვერანაირი მტკიცებულება და ვერ ჩავთვლი ამ გამოძიების შედეგად, რომ ეს ვალიდური მტკიცებულებაა, რომლის მიხედვითაც ვიტყვით, რომ ასეთი ნივთიერებები არ ყოფილა გამოყენებული. ეს ერთი ნაწილია, რაც უნდა შეისწავლოს ეუთო-მ.

მეორე ნაწილია, ადამიანების დაკავება ტროტუარზე დგომის გამო. ამას ვინ წარმოიდგენდა, თუნდაც ორი წლის წინ, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ეტაპამდე მივედით და უბრალოდ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანები მიდიან ციხეში, ჯერ ადმინისტრაციული და შემდეგ უკვე სისხლის სამართალი ემუქრებათ.

მსგავსი კანონი რუსეთსა და ბელარუსში არ მიუღიათ და თუ აქამდე ამ კანონებს რუსულს ვეძახდით, ეს რუსულ კანონზე გაცილებით უარესია, რასაც გეგმავენ. მეწარმე სუბიექტებს უკრძალავენ ლაპარაკს, ადამიანებს, რომლებსაც თანხას გადმოურიცხავენ უცხოეთიდან, ეკრძალებათ, რომ ხელისუფლებაზე რაიმე ცუდი თქვან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი ქვეყანა მძევლად აიყვანეს”, - განაცხადა ართქმელაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენელმა მთავრობის მიერ მაღალი ფასების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხიც შეაფასა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში სიღარიბეს არ მოაგვარებს, რადგან ღარიბი ადამიანი მარტივი საკონტროლებელია.

„ქართულმა ოცნებამ“ გააღარიბა ქვეყანა, გააღარიბა მოქალაქეები მხოლოდ ერთი მიზნით - ღარიბი ადამიანის კონტროლი გაცილებით მარტივია იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი ღარიბია, მას მცირე დახმარებას თუ მისცემ, ჩამოკიდებ ამ მცირე დახმარებაზე, იძულებული იქნება დახმარება მიიღოს და სანაცვლოდ, არჩევნებზე აძლევს ხმას და ხელისუფლების მხარდამჭერ აქციებზე გამოდის.

„ქართულ ოცნებას“ ეს კონსტრუქცია ხელს აძლევს. ერთი მხრივ, გაღარიბებული ხალხი, რომელიც მარტივი საკონტროლებელი იქნება და მეორე მხრივ ადამიანები, რომლებიც მათ დაემორჩილებიან. ამიტომ, „ქართული ოცნება“ ამ ქვეყანაში სიღარიბეს არავითარ შემთხვევაში არ მოაგვარებს“, - განაცხადა ართქმელაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!