კახა კალაძე - ყველა მტერია, ვინც არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს - მომიყვანეთ ერთი ნორმალური ევროპული სახელმწიფოს მაგალითი, სადაც დაშვებულია გარედან შიდა პოლიტიკის დაფინანსება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს, საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში გარედან ჩაერიოს.

მისი თქმით, არავის აქვს უფლება, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერიოს და გარედან მითითებებს იძლეოდეს.

"უკვე აღარაფერს ერიდებიან, პირდაპირ ამბობენ, რომ ეძებენ შავ ხვრელებს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკის დასაფინანსებლად შემოიტანონ თანხები სხვადასხვა ფორმით და გზით. ეს წარმოუდგენელია. არცერთი ნორმალური, განვითარებული ქვეყანა ამას თავის მოქალაქეებს არ აკადრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ჩვენც, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარედან ჩარევა მაქსიმალურად შეიზღუდოს. არავის აქვს უფლება, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერიოს, გარედან მითითებებს იძლეოდეს და პირდაპირ ფული იხარჯებოდეს ქართულ პოლიტიკაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იფუნქციონიროს არასამთავრობო სექტორმა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დასავლურ ფინანსურ წყაროებთან წვდომას შეუზღუდავს, მერი პასუხობს, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედონ.

"არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვეულებრივად შეუძლიათ არსებობა. არსებობს კანონი, უნდა დარეგისტრირდნენ და გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი. ძალიან მარტივია, კეთილი უნდა ინებონ, დარეგისტრირდნენ და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ვისგან იღებს ფულს და რა კონკრეტულ პროექტებში ხარჯავს. დაივიწყეთ ის დრო, როცა ვიღაცებს აქ თანხები შემოჰქონდათ, ვითომ რაღაც კეთილი საქმეებისთვის და ხან ტელევიზიები ფინანსდებოდა, ხან პოლიტიკური საქმიანობა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, რევოლუციის მოწყობის რამდენიმე მცდელობა. მორჩა, ასე ვეღარ გაგრძელდება. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და არავის მისცემს შესაძლებლობას, გარედან უხეშად ჩაერიოს და სახელმწიფო გადატრიალებები მოაწყოს. ჩემი ქვეყნისთვის ყველა მტერია, ვინც არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს. ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისა და მოსახლეობის უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ გარედან შემოდიოდეს თანხები და იხარჯებოდეს, მაგალითად, სარწმუნოების, ეკლესიის წინააღმდეგ, იხარჯებოდეს ქართულ პოლიტიკაში, გაუმჭვირვალე თანხები, ვითომ სასიკეთო პროექტების განსახორციელებლად და რეალურად იყო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის რამდენიმე მცდელობა, საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების. მომიყვანეთ ერთი ნორმალური ევროპული სახელმწიფოს მაგალითი, სადაც დაშვებულია გარედან შიდა პოლიტიკის დაფინანსება. არ არსებობს ასეთი. არცერთი ნორმალური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს თავის სუვერენიტეტზე, არავის მისცემს უფლებას, ჩაერიოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში", - განაცხადა თბილისის მერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი