უკრაინის სამხედრო ძალების განცხადებით, 31 იანვრის ღამეს ლუგანსკის ოლქში, კამენკასთან ახლოს, მტრის კუთვნილი Tor-M1 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქში, რივნეპილიაში, მტრის უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ცენტრს და ვოსკრესენკაში, რუსეთის ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ქვედანაყოფის ლოჯისტიკურ საწყობს დაარტყეს.
ამასთან, დარტყმა განხორციელდა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის თავმოყრის ადგილებზე ზაპოროჟიეს ოლქში, რივნეპილიას, პრივოლეეს და უსპენოვკას რაიონებში და დონეცკის ოლქში, ჩასოვ იართან ახლოს.
უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა შეტევა განახორციელეს ბრიანსკის ოლქში მდებარე უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ცენტრზეც.